ახალი ამბები

თბილისზე დამოკიდებული რუსთავი თვითმმართველობის არჩევნების წინ [ფოტო/ვიდეო]

19 ოქტომბერი, 2017 • 4480
თბილისზე დამოკიდებული რუსთავი თვითმმართველობის არჩევნების წინ [ფოტო/ვიდეო]

რუსთავი, რომელიც 30 წლის წინ სამხრეთ კავკასიაში თავისი მსხვილი საწარმოებით სამრეწველო ცენტრი იყო, დღეს უმუშევრობას ებრძვის. რუსთაველების დიდი ნაწილი თბილისშია დასაქმებული. მოქალაქეები იმედოვნებენ, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მაინც შემცირდება უმუშევრობა.

რუსთავის “ახალი სიცოცხლის” დაწყება წარმოებას უკავშირდება, როდესაც 1944 წელს მეტალურგიული ქარხანა აშენდა. 1988 წელს ქალაქში 35 მსხვილი საწარმო ფუნქციონირებდა. მათ შორის: მეტალურგიული კომბინატი, “აზოტის”, “ქიმბოჭკოს”,” ცემენტის”, “ლითონკონსტრუქციის” და “ამწემშენებელი” ქარხნები.

2015 წელს აზოტის ქარხანაში 350 დასაქმებულის დათხოვნის გამო პროფკავშირების აქცია გაიმართა, საწარმოში კი თქვეს, რომ მათი პროდუქციის ბრუნვა შემცირდა. მეტალურგიული ქარხნიდან 350 ადამიანი გაუშვეს აუნაზღაურებელ შვებულებაში  ფინანსური პრობლემების გამო.

გზაჯვარედინი რუსთავში, სადაც არ არის მონიშმული ქვეითების გადასასვლელები

უმუშევრობა და სიღარიბე

“თბილისზეა დამოკიდებული,” – ასე  ფიქრობს დათო ყაველაშვილი რუსთავზე. ის გვიყვება, რომ მისი ნაცნობების დიდი უმრავლესობა თბილისში მუშაობს, რადგან რუსთავში ძალიან ცოტაა სამუშაო ადგილი.

“მეტის პოტენციალი არ აქვს რუსთავს – ან უნდა ივაჭრო, ან ქარხანაში იმუშაო, ტაქსაობით ორი თეთრი შეაქვთ ოჯახებში”, – ამბობს ყაველაშვილი.

დათო შეთეკაური რუსთავის ავტოდრომზე შემდუღებლად მუშაობს, ამბობს, რომ ძნელია რუსთავში სამუშაოს პოვნა, ავტოდრომზე დასაქმებისთვის რამდენიმე თვე რიგში იდგა.

“ბევრად დამოკიდებულია რუსთავი თბილისზე სამუშაო ადგილების კუთხით,” – ამბობს შეთეკაური.

რუსთაველები, ვისაც ნეტგაზეთი ესაუბრა, გვიყვებიან ფონიჭალასთან შექმნილ საცობზე, რომელიც ფონიჭალასთან იქმნება, მშენებარე ავტობანზე, განსაკუთრებით, დილით და საღამოს, როდესაც რუსთაველები თბილისში მიდიან ან ბრუნდებიან სამსახურიდან შინ.

პენსიონერი ელისო ლონდარიძე გვიყვება, რომ ოჯახში 6 ადამიანი ცხოვრობს, მათგან მხოლოდ ერთს აქვს სტაბილური სამსახური წიგნების მაღაზიაში. მის შვილს, რომელიც ხის ხელოსანია, არასტაბილური სამსახური აქვს და ხან რუსთავში, ხანაც თბილისში უწევს მუშაობა.

რუსთავის მცხოვრებლები უმუშევრობისგან გამოწვეულ სიღარიბეზეც საუბრობენ. ელისო ლონდარიძეს წამლების გაზრდილი ფასების ფონზე პენსიის სიმცირე აწუხებს.

სადარბაზო რუსთავში

“ვინც მოვიდა, ყველა დიდი რუდუნებით მიდის, არავინ არაფერი გაგვიკეთა. თითქოს ყველას იმედი გაქვს, მაგრამ ფაქტობრივად არავის იმედი არ მაქვს”, – ამბობს ელისო ლონდარიძე.

რუსთავის მერობის კანდიდატების ნაწილი, ვისაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, უმუშევრობის დასაძლევად ინვესტიციების მოზიდვას, მერიის თანადაფინანსებასა და სპეციალური პირობების შექმნას ჰპირდება. თუმცა ვერც იმას გაურბიან, რომ მსგავსი პროექტების განხორციელებაში მათ ცენტრალური ხელისუფლების დახმარება დასჭირდებათ.

რუსთავი

ქართული ოცნების მერობის კანდიდატი ირაკლი ტაბაღუა ამბობს, რომ ამ მიმართულებით აქვს კომპლექსური ხედვა, რომელიც მოსახლეობის, ბიზნესის, ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების მუდმივ კომუნიკაციას გულისხმობს.

“ჩვენი გუნდი რუსთავში უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში გეგმავს დაახლოებით 50 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რაც რუსთაველების ეტაპობრივ დასაქმებას გამოიწვევს”, – აცხადებს მერობის კანდიდატი.

რუსთავი

ტაბაღუა ამბობს, რომ აპირებს დასაქმების ბაზრის კვლევას მოთხოვნადი სპეციალობების გამოვლენის მიზნით და შესაბამისი ადგილობრივი ადამიანური რესურსის მობილიზებას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში
რუსთაველების გადამზადებას პროფესიული გადამზადების ცენტრში.

მერობის კანდიდატის გეგმით, რუსთავის სამრეწველო ზონა სეგმენტებად დაიყოფა, მოწესრიგდება კომუნიკაციები და საგზაო ინფრასტრუქტურა, რათა რუსთავი უფრო მიმზიდველი გახდეს ინვესტორებისათვის. თუმცა მერობის კანდიდატს არ უსაუბრია კონკრეტულ გეგმაზე, როგორ მოიძიებს ინვესტორს.

ნაციონალური მოძრაობის რუსთავის კანდიდატი ზურაბ მაისურაძე ამბობს, რომ უმუშევრობის დასაძლევად მერიის მიერ გამოცხადებული პროექტების შემსრულებლებს უნდა დაევალოთ, რომ დასაქმებულების 70% ადგილობრივი იყოს.

ტროტუარზე გაჩერებული მანქანები, რუსთავი

ზურაბ მაისურაძის თქმით, სახელოვნებო და სპორტულ სექციებზე სასიარულოდ მოსწავლეებს დაურიგებს 25-ლარიან ვაუჩერებს 10 თვის განმავლობაში, ხოლო ამ მიმართულებით დასაქმებული მასწავლებლების რიცხვი მინიმუმ გასამმაგდება. მაისურაძის თქმით, ამ გეგმისთვის საჭირო 5 მილიონი ლარის მოძიება რუსთავის ბიუჯეტიდანაა შესაძლებელი იმით, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები “გაბერილად” არ დაიხარჯება.

ზურაბ მაისურაძე იმედოვნებს, რომ ეფექტურად გამოიყენებს რუსთავის თავისუფალ ეკონომიკურ ზონას და დააინტერესებს ისეთი საწარმოებს, რომლებიც დიდი ოდენობით დენსა და გაზს მოიხმარენ. მაისურაძის თქმით, ისინი გათავისუფლდებიან დენისა და გაზის გადასაახდის დღგ-სგან, მათი პროდუქცია გაიაფდება და კონკურენტული იქნება ბაზარზე.

უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევას მაისურაძე გეგმავს უსახლკაროებისა და დევნილებისთვის სოციალური სახლების მშენებლობას, რაც მისი გათვლით 32 მილიონი ლარი დაჯდება.

ბუნკერი სადარბაზოში. რუსთავი

ინვესტორების მოძიებას გეგმავს ევროპული საქართველოს კანდიდატი ნინო იმედაშვილი. იგი აპირებსორი დიდი პროექტის განხორციელებას.

იმედაშვილი ამბობს, რომ მერიის ერთმილიონიანი  თანადაფინანსებით ავტობაზრობის მიმდებარედ აშენდება საოჯახო ელექტროტექნიკის საბითუმო სავაჭრო ცენტრი, რაც მოიზიდავს ინვესტორს და შექმნის სამუშაო ადგილებს.

მეორე დიდი პროექტი არის ასევე მერიის ერთმილიონიანი და ინვესტორის თანადაფინანსებით ახალი საქმიანი უბნის მოწყობა ახალ რუსთავსა და მტკვარს შორის, რაც შექმნის მიზიდულობის ახალ სივრცეებს და სამუშაო ადგილებს.

იმედაშვილის თქმით, 4 წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან შეიძლება ყოველწლიურად მილიონი ლარის გამოყოფა ამ პროექტისთვის.

მერობის კანდიდატი ასევე აპირებს, რომ ქონების გადასახადი შეამციროს 10%-ით. იმედაშვილი ამბობს, რონ კერძო ბიზნესს დარჩება მილიონიდან 1,5 მილიონამდე მოგება, რაც სამუშაო ადგილების ზრდას ხელს შეუწყობს.

სადარბაზო რუსთავში

ამ სამი პროექტითა და ისტორიული ავარიული სახლების რეაბილიტაციით იმედაშვილი იმედოვნებს, რომ 3 წელიწადში 10 000 სამუშაო ადგილს შექმნის.

სამუშაო ადგილების გაზრდის გარდა იმედაშვილი გეგმავს, რომ რუსთავში მცხოვრებ 19 000 პენსიონერს 30-ლარიანი დანამატი მისცეს, ხოლო სოციალურად დაუცველებსა და შშმ პირებს-  70-ლარიანი დანამატი. იგი ამბობს, რომ ამისთვის საკმარისია 8.8 მილიონი ლარი, რომლის გამოთავისუფლება რუსთავის ბიუჯეტიდან ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების გზითაა შესაძლებელი.

ახალ რუსთავსა და მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს შორის არსებულ თავისუფალ მიწაზე განსხვავებული გეგმები აქვს “ლორთქიფანიძე, კუკავა – დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართველოს” მერობის კანდიდატ ჯაბა დუგლაძეს.

იგი ფიქრობს, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას უნდა შესთავაზონ ამ ტერიტორიაზე ბავშვთა ქალაქის აშენება, რაც 1980-იანი წლების გეგმაა. მას არ აქვს დათვლილი, თუ რა თანხა დასჭირდება ამას, ან როგორი პროექტით განხორციელდება. კანდიდატი ფიქრობს, რომ ბავშვთა ქალაქი შექმნის სამუშაო ადგილებს.

დუგლაძე ამბობს, რომ  რუსთავში ხელი უნდა შეუწყონ სხვადასხვა გადამამუშავებელი საწარმოს, ქარისა და მზის ელექტროსადგურის მშენებლობას. დუგლაძის თქმით,  ქარის სადგური შექმნის 60 მეგავატ დადგმულ სიმძლავრეს და 130 მილიონ კილოვატ წლიურ ენერგიას. ეს 14 000  აბონენტს უზრუნველყოფს ელექტროენერგიით. დუგლაძე აღნიშნავს, რომ ამ პროექტების განხორციელება ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობითაა შესაძლებელი.

დუგლაძე ასევე აპირებს, სოციალური სახლების მშენებლობას დევნილებისთვის, იპოთეკით დაზარალებულებისთვის და მათთვის, ვისაც სახლები არ აქვთ. იგი ფიქრობს, რომ ამ გზით რუსთავში სამუშაო ადგილებიც შეიქმნება და სოციალური ფონი გაუმჯობესდება.

საბავშვო ბაგა-ბაღები

საბავშვო-ბაგა ბაღების სიმცირე რუსთავის პრობლემაა, ამაზე მოსახლეობასთან ერთად თავად კანდიდატებიც საუბრობენ. რუსთავში დაახლოებით 6000 ბავშვი დადის ბაღში. თუმცა, სხვადასხვა ინფორმაციით, 600-დან-1200 ბავშვამდე ბაღის გარეშეა დარჩენილი.

მუნიციპალური ბაღების სიმცირის გამო მშობლებს კერძო ბაღებში დაჰყავთ შვილები, ან თავად უწევთ მათ გასართობად დროის გამონახვა, რაც მუშაობასთან შეუთავსებელია.

რუსთავში ჩვენი ყოფნის დროს ვნახეთ მშობლები, რომლებმაც შვილები მუნიციპალურ ბაღში ვერ მიიყვანეს. ერთ-ერთმა მშობელმა არ ისურვა ჩვენთან ინტერვიუს ჩაწერა, თუმცა აღნიშნა, რომ ბაღში დაურეგისტრირებლობის გამო უწევს, ყოველდღე შვილი ეზოში მოწყობილ ატრაქციონზე ათამაშოს.

კიდევ ერთმა მშობელმა გვითხრა, რომ შვილი ივნისში დაარეგისტრირა, თუმცა, უშედეგოდ. იგი სარეზერვო სიაშია სამ ბაღში, სამივეგან 79-ე ადგილასაა. სარეზერვო სიის ჩართვა ოქტომბერში უნდა დასრულდეს, თუმცა  იმედი არ აქვს, რომ ადგილები გამოთავისუფლდება.

რუსთავი

საბავშვო ბაგა-ბაღების პრობლების გადაჭრის ორი გზა გამოიკვეთა კანდიდატებთან საუბრისას: ახალი საბავშვო ბაღების აშენება და საბავშვო ვაუჩერების გაცემა მშობლებისთვის.

ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ზურაბ მაისურაძე მიიჩნევს, რომ ბაგა-ბაღებისთვის შენობები უნდა აშენდეს.

“ერთ წელში უკეთესობა იქნება შედარებით.  ერთი ბაღი მაინც დაემატება ქალაქს. ახლა რაც შენდება, იმის გარდა”, – ამბობს ზურაბ მაისურაძე.

ჯაბა დუგლაძე კი ამბობს, რომ რუსთავს სულ მცირე 4 საბავშვო ბაღის დამატება მაინც სჭირდება.

“დღეს საბავშო ბაღებში მოწყობა ბევრად რთულია, ვიდრე უმაღლეს სასწავლებელში. აუცილებელია აშენდეს ახალი ბაღები, რამდენიც საჭირო იქნება, ან მოხდეს დაფინანსება, კერძო ბაღების ვაუჩერიზაცია, რომ თანხის გადახდა შეძლონ, სანამ ბაღებს ავაშენებთ”, – ამბობს დუგლაძე.

ნინო იმედაშვილი ამბობს, რუსთავის ბიუჯეტიდან ბაღების სისტემისთვის გამოყოფილია 6 მილიონი ლარი, რომლითაც გასცემს 900-ლარიან ვაუჩერს და ყველა ბავშვი დაკმაყოფილდება, ხოლო მუნიციპალური ბაღები განიტვირთება.

“900-ლარიანი ვაუჩერი მოგვცემს იმას, რომ საჯარო ბაღები განიტვირთება და მშობელს, რომელსაც სახლის წინ აქვს კერძო ბაღი, წაიყვანს ბავშვს”, – ამბობს ნინო იმედაშვილი.

რუსთავი, თავისუფლების მოედანი

იმედაშვილი ამბობს, რომ ახალი ბაღების აშენება კარგია, მაგრამ მოთხოვნას ვერასდროს ვერ დაეწევა მერია, ვაუჩერი კი მოკლე ვადაში მოაგვარებს ბაღების პრობლემას.

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ირაკლი ტაბაღუა ყურადღებას ამახვილებს სკოლამდელი აღზრდის დაფინანსების მზარდ სტატისტიკაზე.

“2011 წელს 53 პროცენტამდე იყო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დაფინანსება, რომელიც 2013- ში 61% გახდა და 2014 წელს ზუსტად ის 100-პროცენტიანი დაფინანსება გახდა წყარო იმისა, რომ ბაღებში ბავშვების რაოდენობა გაიზარდა და ვერ მოერგო არსებულ ინფრასტრუქტურას”, – ამბობოს მერობის კანდიდატი.

ტაბაღუას თქმით, რეფორმა და საბავშო ბაღების რეაბილიტაცია-მშენებლობა გაგრძელდება, არც ერთი რუსთაველი ბავშვი არ უნდა დარჩეს სკოლამდელი აღზრდის მიღმა. თუმცა არ დაუკონკრეტებია, 4 წლის შემდეგ რუსთავს რამდენი ახალი საბავშვო ბაღი ექნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი