ახალი ამბებისაზოგადოება

ღარიბი საპორტო ქალაქის შესაძლებლობები – ფოთის მერობის კანდიდატების ხედვები

19 ოქტომბერი, 2017 • 6764
ღარიბი საპორტო ქალაქის შესაძლებლობები – ფოთის მერობის კანდიდატების ხედვები

დანგრეული გზები, მოუვლელი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, მოუწესრიგებელი სანაპირო, გაუმართავი სანიაღვრე სისტემები – ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რაც ფოთის მოსახლეობას აწუხებს მაშინ, როცა საქართველოს სხვა თვითთმმართველ ქალაქებს შორის საზღვაო და საპორტო ქალაქს შეიძლება ყველაზე მეტი პოტენციალი აქვს, გაზარდოს ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლები და მოაგვაროს ხალხისთვის მტკივნეული პრობლემები.

“ნეტგაზეთი” შეეცადა გაერკვია, რა ხედვები აქვთ ამ მიმართულებით ფოთის მერობის კანდიდატებს.

მამუკა ტუღუში 40 წლისაა. ამბობს, რომ სეზონურად (წელიწადში დაახლოებით 4 თვე) ოჯახს თევზაობით არჩენს. კარასსა და კეფალს ბაზარში აბარებს, 1 კგ-ის ფასი 1.5-დან 10-ლარამდე მერყეობს, გააჩნია თევზის სახეობასა და სეზონს. თევზაობით თვეში საშუალოდ 300 ლარის შემოსავალი აქვს. თუმცა შიშობს, რომ არჩევნების შემდეგ პრობლემები შეექმნება, ვინაიდან კანონში შესული ცვლილებები, ერთი მხრივ, პალიასტომის ტბაზე თევზაობას უზღუდავს, მეორე მხრივ კი, ზღვაში გასვლისას დამატებითი აღჭურვილობის ქონას ავალდებულებს.

“ახალი სტანდარტით, ერთი ბადე უნდა იყოს 170-200 მეტრი. ამ ზომის ბადეს შეიძლება მხოლოდ ერთი კილო თევზი ამოჰყვეს. ბენზინი და ზეთი ხომ უნდა ვიყიდო, რომ წავიდე იმ პალიასტომზე? ნავში ორი კაცი ზის. ორ ოჯახზე როგორ უნდა განაწილდეს ამ რაოდენობის თევზი?” – გვიხსნის მამუკა.

მის მსგავსად, ფოთში მეთევზეობით კიდევ არაერთი ოჯახი ირჩენს თავს სეზონურად. ზაფხულში ამ ახალი რეგულაციების გამო ფოთში მეთევზეებმა საპროტესტო აქციაც გამართეს, თუმცა შედეგს ჯერჯერობით ვერ მიაღწიეს:

„ახლა შეგვიძლია თევზაობა პალიასტომზე, რადგან არჩევნები მოდის და არავინ არაფერს გვეუბნება. როგორც კი არჩევნები დამთავრდება, მერე იქნება რაღაც სასწაული ჩვენთვის“, – ამბობს მამუკა ტუღუში.

მამუკა ტუღუში საკუთარ ნავში. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

მამუკა ტუღუში საკუთარ ნავში. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

ვახტანგ დარცმელიძე, ფოთის მერობის კანდიდატი “ევროპული საქართველოდან” ამბობს, რომ ეს საკითხი საკანონმდებლო დონეზე აუცილებლად მოსაგვარებელია: “ჩვენი მოსვლის შემდეგ აუცილებლად წაიწევა წინ,” – ამბობს ის.

“ყველა მოთხოვნა, რომელსაც მეთევზეები დააყენებენ, ვერ დაკმაყოფილდება იმიტომ, რომ აქ ლაპარაკია თევზჭერის რეგულირებაზე, გარკვეული ჯიშების გადაშენებაზე და ა.შ. ნებისმიერ ცვლილებას რეგლამენტში სჭირდება დრო. ჯერ საჭიროა კომუნიკაცია გარემოს დაცვის სამინისტროსთან”, – ამბობს მაია ჩხარტიშვილი, ფოთის მერობის კანდიდატი საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან. მისივე თქმით, მერიამ უნდა დააყენოს საკითხი, რომ საქართველოს მთავრობამ გაცილებით დიდი ხელშეწყობის მექანიზმები აამოქმედოს ადგილობრივი მეთევზეების მიმართ.

მაკა ჯინჯოლია, ფოთის მერობის კანდიდატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ მეთევზეების პრობლემა მისთვის პრიორიტეტული საკითხია: “ვფიქრობ, კანონში არის გარკვეული ხარვეზები, ამიტომ მას სჭირდება კომუნიკაცია ცენტრალურ ხელისუფლებასთან. ვეცდები, მათთან კომუნიკაციით ოპტიმალურ დროში გადაიჭრას ეს პრობლემა”.

“ქალაქში, რომელიც მონადირეთა და მეთევზეთა აკვნად იწოდებოდა, დღეს ნადირობისა და თევზაობის საშუალება არ აქვს მოსახლეობას. ეს ყველაფერი ძალიან მარტივად შეიძლება მოგვარდეს, თუკი იქნება ურთიერთობა გარემოს დაცვის სამინისტროსთან და ყველა იმასთან, ვისაც ხელეწიფება ამ ადამიანების დახმარება”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ოთარ ხარჩილავამ, ფოთის მერობის კანდიდატმა “დემოკრატიული მოძრაობიდან”.

“ნეტგაზეთი” აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” კანდიდატის, გოჩა კურდღელიას პოზიციითაც დაინტერესდა. როგორც მის პრესსამსახურში განგვიცხადეს, კანდიდატი საკითხებს ამჟამად ეცნობა და მერად არჩევის შემთხვევაში “მეტად ჩაუღრმავდება”.

დიდი პერსპექტივა გაეხსნა ფოთში მეთევზეებს მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ქაფშიასთვის ბაზარი გაუხსნა საქართველოს. ქაფშიას მეთევზეები შესაბამისი ლიცენზიის მქონე  გადამამუშავებელ ქარხნებში აბარებენ. ასეთი ფოთში სულ ხუთი ქარხანაა.  

ლიცენზიანტ საწარმოებს თევზი, თევზის ფქვილი და თევზის ზეთი, ადგილობრივი ბაზრის გარდა, მეზობელ ქვეყნებშითურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთშიგააქვთ. თუმცა ქაფშიის გავრცელების არეალი ევროკავშირის ბაზრის ხარჯზე იზრდება: 2011 წელს დაწყებული მოსამზადებელი სამუშაოები გასული წლის დეკემბერში დასრულდა, რის შემდეგაც, 2017 წლიდან, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში პროდუქტის ევროპულ ბაზარზე გატანის შესაძლებლობა მიეცათ.

ეს კი საშუალებას აძლევს ფოთის ადგილობრივ თვითმმართველობას, მეტი სტიმულირება მისცეს მსგავსი ქარხნების გახსნას ან არსებულის გაფართოებას.

კიდევ ერთი რესურსი, რომელსაც ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობა საბიუჯეტო შემოსავლების გასაზრდელად ვერ იყენებს, ტურისტების მოზიდვაა.

ფოთში ჩასულებმა, პირველ რიგში, სწორედ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს მივაკითხეთ, თუმცა შენობა დაკეტილი დაგვხვდა. როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა მოგვიანებით განგვიმარტა, ამის მიზეზი აზიური ფაროსანა გახდა, რომელიც შენობას შეესია და თანამშრომლებისთვის შიგნით მუშაობა გაუსაძლისი გახდა. ამის გამო შენობა შეიწამლა და დროებით დაიხურა.

ფაროსანები ფოთის ტურისტული ცენტრის კედლებზე. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

ფაროსანები ფოთის ტურისტული ცენტრის კედლებზე. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

ფოთის ტურისტული საინფორმაციო ცენტრის ცნობით, 2016 წლის მაისიდან 2017 წლის სექტემბრამდე მათ 708 უცხოელი ვიზიტორი ეწვია. ზოგადად, იმ ფონზე, როცა შავი ზღვისპირა სხვა ქალაქებში, მაგალითად, ბათუმში, ქობულეთში, ანაკლიაში ტურისტების რაოდენობა თითქმის ყოველწლიურად იზრდება, ფოთში ასეთი ბუმი არ შეინიშნება. ამის მთავარი მიზეზი მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურაა.

მალთაყვის დაბინძურებული სანაპირო. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

მალთაყვის დაბინძურებული სანაპირო. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

ასე გამოიყურება ფოთში არსებული სხვა სანაპიროებთან შედარებით ყველაზე მოწესრიგებული სანაპირო მალთაყვაში. დანაგვიანებული პლაჟი, კეთილმოუწყობელი სანაპირო – ესაა ის, რაც ტურისტებს, ცხადია, ნაკლებად იზიდავს.

მალთაყვაში სანაპიროს რეაბილიტაცია 2015 წელს დაიწყო, ადგილობრივი მთავრობა აქ ბულვარის მოწყობას გეგმავს. პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე ავტოსადგომები, გარეგანათება, გამწვანება და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს. პროექტის პირველ ეტაპზე დაგეგმილი სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამპირამიდა fr”-მა განახორცილა, რაზეც 4 მილიონი ლარი დაიხარჯა. პროექტის ღირებულება 18 500 508 ლარია. პროექტის მეორე ეტაპისთვის, რომელიც მომავალ წელს უნდა დამთავრდეს, ტენდერი უკვე დასრულდა და მასში ,,ანტ სტროი ლტდ 2016″-მა გაიმარჯვა. შესაბამისი მეტეოროლოგიური პირობების შემთხვევაში, იგეგმება 2 მილიონი ლარის ათვისება. სამუშაოების მთლიანად დასრულებას, მერიის თქმით, “კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდება”.

გოჩა კურდღელიას თქმით, ფოთში  “ქართული ოცნება”- როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ დონეზე- უკვე ახორციელებს  მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს:

“იგეგმება შემოსასვლელი ხიდისა და წყალმარეგულირებელი კომპლექსის მშენებლობა, რაზეც 50 მილიონი უნდა დაიხარჯოს. გაგრძელდება სანაპიროს კეთილმოწყობა და ამისთვის 2 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ამის პარალელურად უნდა მოხდეს ნაპირგამაგრების სამუშაოების ჩატარება. მთავრობის მიერ გადაწყვეტილია  სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობა რაგბის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, რისთვისაც ეკონომიკის სამინისტრომ უკვე გადმოსცა ქალაქს 2,2 ჰა. ტერიტორია. პროექტის ღირებულება 16 მილიონს შეადგენს”, – აცხადებს კურდღელია.

მაკა ჯინჯოლიას აზრით, ქალაქის ტურისტული პოტენციალის განვითარების ერთ-ერთი წინაპირობა მომსახურების სფეროს გაუმჯობესებაა: “თუ იქ იქნება ახალი კვების ობიექტები, სასტუმროები, გესთ ჰაუსები, უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა ფოთში და უფრო მეტი შემოსავალი ექნება ფოთს. გვაქვს კონკრეტული გეგმები. შესაძლებელია ინვესტორების დაინტერსება, თუ იქნება ჯანსაღი საინვესტიციო გარემო”.

ფოთში ტურიზმის განსავითარებლად ხარჯების ნაწილი უკვე დათვლილი აქვს “დემოკრატიული მოძრაობის” კანდიდატს: “ჩვენ ესპანელ არქიტექტორებს დავათვლევინეთ ნაბადის, მალთაყვის და კუნძულის სანაპირო ზოლების კეთილმოწყობის ხარჯები. ამას სჭირდება 6 მილიონი ლარი. ცენტრალურ ხელისუფლებას უნდა მივაწვდინოთ განვითარების რეალური გეგმა, რაც ქვეყანას მეტ შემოსავალს მოუტანს”, – უთხრა ოთარ ხარჩილავამ “ნეტგაზეთს”.

“ვგეგმავთ არაერთ პროექტს ინვესტორებთან ერთად. ფოთში არის არაერთი ფუნქციადაკარგული შენობა, რომელიც შეიძლება გამოვისყიდოთ და შესაბამისად დავტვირთოთ, რაც ქალაქის ტურისტულ პოტენციალს აამაღლებს”, – აცხადებს ვახტანგ დარცმელიძე.

“გვაქვს კონკრეტული გეგმა ქალაქის სანაპირო ზოლზე ბულვარისა და საზღვაო-საკურორტო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებით. უნდა შეიცვალოს კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის სპეციფიკა, რათა აღნიშნული ადგილის პოპულარობა ამაღლდეს ტურისტებში”, – აღნიშნავს ქალაქის ტურისტულ პოტენციალზე საუბრისას “პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატი მაია ჩხარტიშვილი.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ფოთის საბიუჯეტო შემოსავლებს შესაძლოა პრობლემას უქმნიდეს, ფოთის პორტს უკავშირდება, რომელიც შესაძლოა არაკონკურენტუნარიანი აღმოჩნდეს ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან, რომელიც ამჟამად შენდება.

ფოთის პორტი. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

ფოთის პორტი. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

ქვეყნის ისტორიაში პირველი ნავსადგური სახელმწიფომ 2008 წელს არაბულ კომპანიარაკია ჯგუფზეგაასხვისა, რომელმაც ჯერ წილების 51, შემდეგ კი დარჩენილი 49%-იც იყიდა. თუმცა 2011 წლის აპრილში კომპანიამ წილების 80% დანიური A.P. Moller-Maersk Group-ის შვილობილ APM Terminals- გადასცა.

პორტის ადმინისტრაციიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ნავსადგური სიგრძეში 2500 მეტრს აჭარბებს და 14 ნავმისადგომისაგან შედგება. მასში პირდაპირ დასაქმებულია 885 ადამიანი. პორტის ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო პერიოდში შეინიშნება პორტის ტვირთბრუნვის ზრდის ტენდენცია: 2016 წლის პირველ 9 თვეში ტვირთბრუნვამ 2 430 000 ტონა შეადგინა, 2017 წლის ანალოგიური მაჩვენებელი კი გაზრდილია და 2 665 000 ტონას შეადგენს.

იმის მიუხედავად, რომ ფოთის პორტიდან მიღებული შემოსავლები ცენტრალურ ბიუჯეტში მიემართება, ფოთის ადგილობრივ ბიუჯეტში შედის ნავსადგურის ქონების გადასახადი. ასევე ის არის მოსახლეობის გარკვეული ნაწილის დასაქმების წყარო.

როგორ აპირებენ მერობის კანდიდატები ფოთის პორტის განვითარების მხარდაჭერას მაშინ, როცა ცენტრალურ ხელისუფლებას ახალი გრანდიოზული პორტის პროექტი აქვს წამოწყებული?

“ფოთის პორტის გაყიდვა იყო ძალიან დიდი ღალატი ამ ქალაქის. რა თქმა უნდა, აუცილებელი იყო კერძო ბიზნესის მონაწილეობა ამ პროცესში, მაგრამ ქალაქს თავისი აქციების წილი უნდა დარჩენოდა”, – ამბობს მაია ჩხარტიშვილი, – “ჩემი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ გაიზარდოს ბიუჯეტი და მოხმარდეს ქალაქს”.

“ამ ყველაფრის მოგვარება შეიძლება ცენტრალური ხელისუფლებისგან გარკვეული დეცენტრალიზაციით. უფრო მეტი ბერკეტი არის საჭირო ადგილობრივი თვითმმართველობის ხელში, რადგან სხვანაირად ამ პრობლემის მოგვარებას ვერ შევძლებთ”, – მიიჩნევს მაკა ჯინჯოლია.

“იმისთვის, რომ ქალაქმა იგრძნოს პორტის სარგებელი, მინიმუმ ურთიერთობები უნდა ჰქონდეთ ქალაქის მთავრობასა და პორტის ადმინისტრაციას. ნავსადგურიდან რაღაც პროცენტები ყოველთვის რჩებოდა ქალაქს. თუ ეს პროცესი გაგრძელდება, უფრო მარტივი იქნება ამ ყოველივეს შესრულება და ბევრი ახალი იდეის დანერგვა თუ განხორციელება”, – აცხადებს ოთარ ხარჩილავა.

“პორტის ადმინისტრაციასთან აღსადგენია დიპლომატიური ურთიერთობები, რასაც, ვფიქრობ, ზიანი მიადგა “ქართული ოცნების” დროს. დარწმუნებული ვარ, ბევრ მნიშვნელოვან პროექტს დააფინანსებენ. ყველაფერი დაკავშირებულია კომუნიკაციასთან. ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანურ ფაქტორზე”, – აცხადებს ვახტანგ დარცმელიძე.

ფოთის 2017 წლის ბიუჯეტი დაახლოებით 20 მილიონი ლარია, აქედან მხოლოდ 15 მილიონია ადგილობრივი შემოსავლები. „ცესკოსმონაცემებით, ფოთში დაახლოებით 41 279 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი