ახალი ამბები

რატომ არ ესწრებოდა პრემიერ–მინისტრი ავღანეთიდან ჯარისკაცების ჩამოსვენების ცერემონიალს

9 ივნისი, 2013 • • 1176
რატომ არ ესწრებოდა პრემიერ–მინისტრი ავღანეთიდან ჯარისკაცების ჩამოსვენების ცერემონიალს

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურს. მანანა თოქმაჯიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი თბილისში არ იმყოფება და ამიტომ ვერ შეძლო სამგლოვიარო ცერემონიალზე დასწრება. 

 

“პრემიერ–მინისტრი საქართველოშია, უბრალოდ თბილისში არ იმყოფება. სამუშაო შეხვედრით იმყოფება. ეს შიდა სამუშაო შეხვედრები იყო რეგიონში და არა გასაჯაროვებული. ბიძინა ივანიშვილი დღეს საღამოს სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრება” – განაცხადა მანანა თოქმაჯიშვილმა. 

 

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” არ დაუკონკრეტეს, თუ ვისთან მართავდა სამუშაო შეხვედრებს ბიძინა ივანიშვილი. 

 

დღეს, გამთენისაას თბილისის აეროპორტში იმყოფებოდნენ პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯომარე, უშიშროების საბჭოს მდივანი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი, ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოშ რიჩარდ ნორლანდი და სხვა პირები.  თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია  საქართველოში იმავე  ბორტს  ჩამოყვა, რომლითაც ჯარისკაცები ჩამოასვენეს. 

 

7 ქართველი ჯარისკაცი ჰელმანდის პროვინციაში 6 ივნისს თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ.  დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონში მსახურობდნენ. ისინი ISAF-ის მისიის შესასრულებლად ავღანეთში 2013 წლის აპრილში გაემგზავრნენ. კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე  (07.01.1988) ქართულ ჯარში 2009 წლიდან მსახურობდა. კაპრალი  გიორგი ადამოვი (23.05.1990) შეიარაღებული ძალების რიგებში 2009 წლიდან ირიცხება. პირველი კლასის რიგითი ზურაბ გურგენაშვილი (02.09.1980) არმიაში 2010 წლიდან მსახურობდა. რიგითმა მიხეილ  ნარინდოშვილმა (25.12.1986) კონტრაქტი 2012 წელს გააფორმა. კაპრალი ბორის ცუგოშვილმა (12.05.1984) შეიარაღებულ ძალებში 6 წელი იმსახურა. პირველი კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილი (22.10.1990) ქართულ ჯარს 2010 წელს შეუერთდა. პირველი კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი (10.12.1991) საქართველოს შეიარაღებული ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა.

 

ფოტო:თავდაცვის სამინისტრო
ფოტო:თავდაცვის სამინისტრო

ფოტო: პრეზიდენტის პრესსამსახური
ფოტო: პრეზიდენტის პრესსამსახური

 

მასალების გადაბეჭდვის წესი