ახალი ამბები

შრომის კოდექსის პროექტის სადაო მუხლები123555

7 ივნისი, 2013 • • 1102
შრომის კოდექსის პროექტის სადაო მუხლები123555

გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, რომელმაც 1 მაისს წინა ხელისუფლების პირობებში მიღებული შრომის კოდექსის მაკეტი მშრალ ხიდზე დემონსტრაციულად დაწვა და დასაქმებულებს ახალი კოდექსის პარლამენტში ინიცირება მიულოცა, დღეს ამბობს, რომ ბიზნეს-ასოციაციებმა ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოხდენა შეძლეს და შესაძლოა, შრომის ახალი კოდექსი, რომელსაც პარლამენტი სავარუდოდ, ახლო მომავალში მიიღებს ისეთი არ აღმოჩნდეს, როგორსაც ელოდნენ.


“გასულ კვირას პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო შრომის კოდექსი, რომლიდანაც წინა სესიებზე და საკომიტეტო მოსმენებზე დასაქმებულთა სასარგებლოდ პრაქტიკულად გადაწყვეტილი მთელი რვა მუხლი მოულოდნელად იყო ამოღებული. თავდაპირველად გაცხადებული იყო, რომ განხილვების გადადება ტექნიკური მიზეზებით იყო განპირობებული. აღმოჩნდა, რომ უფრო ღრმა პრობლემებთან გვაქვს საქმე. როგორც ჩანს, პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა იმ ზოგიერთ ბიზნესის ლობისტურ ჯგუფთან, რომლებიც ჩვეულ ტაქტიკას მიმართავენ და კოდექსის ადრე შეთანხმებული ვარიანტის ირგვლივ ზეწოლას ახორციელებენ”.


ირაკლი პეტრიაშვილი
ირაკლი პეტრიაშვილი

პეტრიაშვილი შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის რამდენიმე მუხლზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც მისი მტკიცებით, შესაძლოა, დისკრიმინაციული და არა “ევროპული” დებულებები ჩაიდოს:


მუხლი 14. სამუშაო დროის ხანგრძლივობა – ეს ერთ–ერთი სადაო მუხლია, რომელსაც პეტრიაშვილი და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის ფრიდრიხ ებერტის წარმომადგენლობა საქართველოში დისკრიმინაციულად მიიჩნევენ. პეტრიაშვილის მტკიცებით, ამ მუხლში შესწორებები მეორე საპარლამენტო მოსმენამდე შევიდა და შემდეგი სახით ჩამოყალიბდა:


“დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც  დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, ხოლო სპეციფიკური სამუშაო პირობების მქონე საწარმოებში, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი მუშაობის უწყვეტ რეჟიმს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს, სპეციფიკური სამუშაო პირობების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების და დასვენების დრო”.


პროფკავშირები ამ დებულების ამგვარი სახით არ დამტკიცებას და ყველა დასაქმებულისთვის ერთნაირი სამუშაო საათების განსაზღვრას მოითხოვენ:


“აქ ნათქვამია, რომ ქვეყანაში დასაქმებულ ადამიანების ერთ ნაწილს შეიძლება ჰქონდეს 40–საათიანი სამუშაო კვირა, ხოლო მეორე ნაწილს, რომლის ჩამონათვალიც არ არსებობს და მთავრობა შემდგომში დაამტკიცებს, ვეუბნებით, რომ უკაცრავად, მაგრამ თქვენ შეგეშალათ პროფესიის არჩევა, ან საერთოდ შეგეშალათ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქე ხართ და თქვენ გექნებათ 48–საათიანი კვირა. ანუ თქვენი ზეგანაკვეთური მუშაობა დაიწყება 48 საათის შემდეგ”, – აცხადებს პეტრიაშვილი და დასძენს, რომ ამ მუხლს საწარმოებში კონფლიქტური და არასტაბილური სიტუაციების შექმნა შეუძლია, რაც გამორიცხული არ არის, რომ შემდგომში ქუჩებში გადავიდეს. პეტრიაშვილი ამბობს, რომ სამუშაო საათების ამგვარად გადანაწილება ევროპის სოციალური ქარტიის მეორე მუხლს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დირექტივას ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვითაც სამუშაო დრო, ზეგანაკვეთური საათების ჩათვლით არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს.


პროფკავშირების მოსაზრებას უშუალოდ ამ მუხლთან დაკავშირებით, არ ეთანხმება იუსტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძე, რომელმაც შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი მოამზადა:


“ეს არ არის დისკრიმინაცია იმიტომ, რომ გარკვეულ სამუშაოს გარკვეული სპეციფიკა ახლავს თან. დისკრიმინაცია არის ისეთი განსხვავებული მოპყრობა, რომელსაც არ აქვს არავითარი რაციონალური საფუძველი. ამ შემთხვევაში რაციონალური საფუძველი ის არის, რომ გარკვეული ტიპის სამუშაოებს სპეციფიკური პირობები გააჩნიათ”, – ამბობს ბარამიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში.


კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც პროფკავშირები აპროტესტებენ, შრომის კოდექსის 26–ე მუხლშია ჩადებული. საუბარია მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებულთათვის დამატებითი ანაზღაურებადი შვებულების მიცემაზე. პეტრიაშვილის მტკიცებით, კანონპროექტის თავდაპირველ ვარიანტში ასეთი ადამიანებისათვის დამატებით 15–დღიანი ანაზღაურებადი შვებულება იყო გათვალისწინებული, თუმცა საკომიტეტო განხილვების დროს, ეს დებულება მოულოდნელად შეიცვალა და განისაზღვრა, რომ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებულს ეძლევა დამატებით ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში სულ მცირე 5 კალენდარული დღით. პეტრიაშვილის განცხადებით, ცივილიზებულ ქვეყნებში ასეთ პირობებში მომუშავე ადამიანებს სამსახურში უსაფრთხოების სათანადო ნორმებს უქმნიან და დამატებით 20–ზე მეტ დღიან ანაზღაურებად სამუშაოს აძლევენ, საქართველოში კი, საშიშპირობებიან სამუშაოზე დასაქმებულებს არც უსაფრთხოების სათანადო ნორმები აქვთ და კუთვნილი დამატებითი შვებულებაც უმცირდებათ. იგი მოითხოვს, რომ 15–დღიანი შვებულების ნორმა კანონში აისახოს.


პროფკავშირები, ასევე, ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება აპირებს კოლექტიური ხელშეკრულების პრინციპი და მშრომელთა ასოციაციების შექმნის პროცესი ამერიკული მოდელით, 50%+1–ით განსაზღვროს, რაც მათი თქმით, საქართველოს მიერ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წინაშე ნაკისრი ვალდებულების დარღვევა იქნება. ამ შემთხვევაში, საწარმოში პროფკავშირი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიქმნება, თუ ამას დასაქმებულთა ნახევარზე მეტი მოითხოვს. პეტრიაშვილის მტკიცებით, ეს იქნება ე.წ. ყვითელი პროფკავშირების შექმნის წამახალისებელი კანონი, რადგან მსხვილი საწარმოს მფლობელები თვითონ შექმნიან პროფკავშირს, დასაქმებულებს აიძულებენ ამ გაერთიანებში გაწევრიანებას და რეალურად თავისუფალ პროფკავშირს დაარსების საშუალებას არ მისცემენ. იუსტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძე უარყოფს საქართველოში ასეთი მოდელის დამტკიცების ალბათობას. მისი თქმით, ამ დროისთვის რამდენიმე დეტალზე მიმდინარეობს მუშაობა და ისინი საკომიტეტო განხილვების დროს გაცხადდება.


იუსტიციის სამინისტრომ შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე მუშაობა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაიწყო. კანონპროექტმა პირველი მოსმენა პარლამენტში წარმატებით გაიარა, თუმცა ამის შემდგომ ბიზნესორგანიზაციებმა და საერთაშორისო პალატებმა გარკვეული პრეტენზიების გამოთქმა დაიწყეს მის შინაარსთან დაკავშირებით. კერძოდ, მათ მოკლევადიანი ხელშეკრულებებით ოპერირების შესაძლებლობა მოითხოვეს. მთავრობამ შრომის კოდექსის დაბალანსების პირობა დადო.


ირაკლი პეტრიაშვილი ამბობს, რომ შრომის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონპროექტის შემუშავების პროცესში საწყის ეტაპზე უზრუნველყოფილი იყო საერთაშორისო ორგანიზაციების და სოციალური პარტნიორების, მათ შორის პროფესიული კავშირების ჩართულობა. მისი თქმით, აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად ის დოკუმენტი, რომელიც პარლამენტის მიერ მიღებული იქნა პირველი მოსმენით ძირითადად შეესაბამება შრომის საერთაშორისო სტანდარტებს და საერთაშორისო ვალდებულებებს.


“თუმცა, აღნიშნული ეტაპის შემდეგ კოდექსის ირგვლივ მოვლენები განვითარდა უკონტროლოდ, მთავრობამ გააგრძელა ცალმხრივი კონსულტაციები დამსაქმებელბთან, რის შედეგადაც პროექტმა არაერთხელ იცვალა სახე დასაქმებულთა უფლებების გაუარესების ხარჯზე. პროფკავშირები ინფორმაციას ყველა ამ ცვლილების თაობაზე იღებდა პოსტ-ფაქტუმ”.


ბიზნესასოციაციების ან პროფკავშირების მხრიდან რაიმე სახის ზეგავლენის მოხდენის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. სანდრო ბარამიძე აღიარებს, რომ პროცესი მარტივი არ არის, თუმცა მისი თქმით, მთავრობა ბალანსის დაცვას მოახერხებს.


სანდრო ბარამიძე
სანდრო ბარამიძე

“მე უარვყოფ ყოველგვარ ზეგავლენას როგორც ბიზნესის მხრიდან, ისე დასაქმებულთა გაერთიანებების მხრიდან. მთავრობის მიზანია, რომ დაიცვას გონივრული ბალანსი. არავისთვის იყო მოულოდნელი, რომ შრომის კოდექსთან დაკავშირებული პროცესები საკმაოდ რთული იქნებოდა იმიტომ, რომ რამდენი ადამიანიც არის, იმდენი შეხედულება შეიძლება არსებობდეს შრომის კოდექსზე, ამიტომ, ეს პროცესი დასასრულისკენ უფრო რთული გახდა და ამაში განსაცვიფრებელი არაფერია”.


პროფკავშირები და მათი თანამოაზრე არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პრემიერ–მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ღია წერილით მიმართავენ და მოუწოდებენ, რომ შრომის კოდექსში ისეთი, მათი თქმით, ცივილიზებული ნორმების ასახვა უზრუნველყონ, როგორიცაა: 8-საათიანი სამუშაო დღე და ზეგანაკვეთური შრომის ადეკვატურად ანაზღაურება, ვადიანი (მათ შორის მოკლევადიანი) ხელშკრულებების პრაქტიკის ობიექტური გარემოებებით დასაბუთება და განუსაზღვრელვადიანი შრომითი ურთიერთობების კულტურის ხელშეწყობა და შრომით ურთიერთობებში გენდერული, ეთნიკური და სხვა ხასიათის განსხვავების გამო დისკრიმინაციის პრევენცია.

 

მოთხოვნების დაუკმაყოფილების შემთხვევაში პროფკავშირები ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.


ირაკლი პეტრიაშვილი არც საპროტესტო აქციებს გამორიცხავს.


სანდრო ბარამიძე არ ფიქრობს, რომ შრომის კოდექსი, რომელსაც პარლამენტი ახლო მომავალში მიიღებს კარდინალურად განსხვავებული იქნება იმ ვარიანტისაგან, რაც მან თავის დროზე მოამზადა: “ბალანსის იდეა აუცილებლდ იქნება დაცული”.


შრომის კოდექსის ის ვარიანტი, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ თავდაპირველად წარადგინა პარლამენტში, არა მხოლოდ ბიზნესის, არამედ ვიცე-პრემიერ გიორგი მარგველაშვილის კრიტიკის საგნად იქცა. მარგველაშვილმა მას “როზა ლუქსემბურგის ოცნების” კოდექსი უწოდა და აღნიშნა, რომ ეს დიდ პრობლემებს შეუქმნიდა ბიზნესს და შეამცირებდა სამუშაო ადგილებს ქვეყანაში. პარლამენტმა შრომის კოდექსი მეორე მოსმენით, რამდენიმე სადაო მუხლის გარეშე, დაამტკიცა.


სადაო მუხლებზე შეთანხმება მოწინააღმდეგეებსა და მომხრეებს შორის ამ დრომდე ვერ ხერხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი