ახალი ამბები

სამთაწყაროში მუსლიმთა ლოცვა არ შედგა

7 ივნისი, 2013 • 1369
სამთაწყაროში მუსლიმთა ლოცვა არ შედგა

სალოცავ სახლში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ლოცვის შესასრულებლად არც ერთი მუსლიმი არ მისულა, თუმცა აქ იმყოფება ადგილობრივი მოსახლეობა. მათი ნაწილი თავს მუსლიმად მიიჩნევს, თუმცა ქრისტიანულადაა მონათლული. ისინი აცხადებენ, რომ არ ესმით, რატომ გახდა საჭირო სახლში სამლოცველოს გაკეთება:

“ადგილობრივ მუსლიმ მოსახლეობას შორის მხოლოდ 2–3 კაცია, ვისაც ამ სახლში სამლოხველოს გახსნის სურვილი აქვს, დანარჩენებს არ გვაქვს, მე თავად აჭარიდან ვარ, 80–იან წლებში სხვა აჭარლებთან ერთად ამ სოფელში ჩამოვედი. შემიძლია გითხრათ, რომ მუსლიმების 85% უკვე ქრისტიანულად ვართ მონათლული, შესაბამისად, საერთოდ რატომ გაჩნდა სალოცავის აშენების საჭირო, არ მესმის.”, – აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები დემურ დაგაძე.

 

სახალხო დამცველის და ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” ინფორმაციით, დღისით ადგილობრივი წინამძღოლი სულიკო ხოზრევანიძე საკუთარი სახლიდან სამართალდამცავებმა წაიყვანეს, ის პოლიციელებთან ერთად დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში იმყოფებოდა, შემდეგ კი სამლოცველოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააბრუნეს შავი, დაბურულ მინებიანი მანქანით.

 

სამლოცველოსთან მისვლის შემდეგ მან მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ პოლიციამ მას ინფორმაცია მიაწოდა იმასთან დაკავშირებით, რომ შეეძლო სალოცავად წასვლა. თუმცა მას შემდეგ, რაც სულიკო ხოზრევანიძემ სამლოცველო სახლში შესვლა გადაწყვიტა, მას წინ გადაუდგა ორი ქალბატონი და ეზოში შესვლის საშუალება არ მისცა. ამის შემდეგ წინამძღოლი შეუძლოდ გახდა, მას პირველადი დახმარება ადგილზე გაუწიეს, შემდეგ კი სახლში გადაიყვანეს.

 

სახალხო დამცველის პრეს–რელიზში, რომელიც დღეს, 7 ივნისს გავრცელდა, ნათქვამია, რომ ადგილობრივი მუსლიმები პატივს სცემენ უმრავლესობის რელიგიურ შეხედულებებს და არ ითხოვენ მეჩეთის მშენებლობას. მათივე ინფორმაციით, სახლს, რომელიც „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ” შეიძინა, არ გააჩნია მეჩეთისათვის დამახასიათებელი ნიშნები, შენობის მდებარეობა სამხრეთით, მინარეთი, გუმბათი, მიკროფონები და ა.შ მიუხედავად ამისა, მუსლიმ და მართლმადიდებელ მცხოვრებლებს შორის კონფლიქტი სწორედ აღნიშნული სახლის შეძენის შემდეგ დაიწყო.

 

მუსლიმებს 24 მაისის შემდეგ სამმართველოს მიერ შეძენილ სახლში ლოცვის საშუალებას ადგილობრივი მოსახლეობა არ აძლევს. მანამდე ლოცვები ადგილობრივი მუსლიმის სახლში ტარდებოდა. 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი