ახალი ამბები

საკრებულოსთან დაკავებული 14 პირი შემდეგ სხდომამდე გაათავისუფლეს

11 ოქტომბერი, 2017 • 1910
საკრებულოსთან დაკავებული 14 პირი შემდეგ სხდომამდე გაათავისუფლეს

დღეს, 11 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დედაქალაქის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული თოთხმეტივე პირის პროცესები გაიმართა. ისინი პატიმრობიდან გათავისუფლებული არიან, თუმცა სასამართლო გადაწყვეტილებები დღეს არ გამოცხადებულა. მოსამართემ შემდეგი განხილვები 17 ოქტომბერს ჩანიშნა, ხოლო პოლიციას ვიდეომტკიცებულებების წარდგენა დაავალა.

დღევანდელ სასამართლო პრეცესზე პოლიციელები  განმარტავდნენ, რომ აქციის მონაწილეები, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, აგრძელებდნენ სამართალდამცველების შეურაცხყოფას და პროვოკაციას, ხოლო მას შემდეგ, რაც ფიზიკურად დაიწყეს მიწოლა, იძულებული გახდნენ, ისინი დაეკავებინათ.

თავად დაკავებულები კი აცხადებენ, რომ პოლიცია აქეთ აყენებდა მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ხელს უშლიდა საკრებულოში შესვლაზე, რისი უფლებაც კანონით ჰქონდათ, ხოლო დაკავებების დაწყებისას ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. აქციის რამდენიმე მონაწილეს სხეულის დაზიანებებიც აღენიშნება. დაკავებულთა შორის იყო ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ვაკის ოლქში, პარლამენტარ თინა ბოკუჩავას ქმარი, კოტე იოსელიანიც. პოლიციამ აქციის მონაწილეები წვრილმანი ხოლიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ბრალდებით დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკრებულოსთან განვითარებულ მოვლენებზე გუშინ განცხადება გაავრცელა იმის შესახებ, თუ რატომ არ უშვებდა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს დედაქალაქის საკრებულოში. შსს-ს განცხადებით, მათ გაითვალისწინეს საკრებულოს თავმჯდომარის მიმართვა, ხოლო ღია წყაროებით მოპოვებული ინფორმაცია პოლიციისთვის წარმოადგენდა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის აქტივისტების საკრებულოს შენობაში შეშვებას, შესაძლოა, გამოეწვია ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება და საფრთხე შეექმნა მოქალაქეებისთვის. პოლიციის განმარტებით, მათ მიიღეს გადაწყვეტილება “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლით მინიჭებული უფლების გამოყენებაზე:

  • “პოლიციის შესახებ” კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციის ძირითადი ფუნქციაა, უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა. ამ მიზნით, პოლიციას კანონით მინიჭებული აქვს შესაბამისი უფლებამოსილებები, კერძოდ: “პოლიციის შესახებ” კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, “პოლიციელი უფლებამოსილია პირს მოსთხოვოს გარკვეული ადგილის განსაზღვრული დროით დატოვება ან აუკრძალოს მას კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლა, თუ ეს აუცილებელია საფრთხის თავიდან ასაცილებლად”. რაც შეეხება თბილისის საკრებულოს შენობაში პარლამენტის წევრების არშეშვების საკითხს, აღსანიშნავია, რომ პარლამენტის რეგლამენტის მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, “პარლამენტის წევრს უფლება აქვს შეუფერხებლად შევიდეს ყველა სახელმწიფო ორგანიზაციაში, გარდა კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა”. შესაბამისად, კანონი, რომელიც ამ უფლებას ანიჭებს პარლამენტის წევრს, თავადვე ადგენს შეზღუდვასაც სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი გარემოებების სასარგებლოდ.”

თავად თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს გუშინ ვკითხეთ, თუ რომელ კანონონს დაეყრდნო, როდესაც მედიისთვის ღია დატოვა საკრებულოს სხდომა, ხოლო მოქალაქეებისთვის და პარლამენტარებისთვის დახურა, რაც გიორგი ალიბეგაშვილმა ვერ დააკონკრეტა.

საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი საკრებულოში მოქალაქეებისა და პარლამენტარების არშეშვებას კონსტიტუციის დარღვევად აფასებს. როგორც ბრიუსელში მყოფმა ომბუდსმენმა რუსთავი 2-ს განუცხადა, საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებულებს სხეულზე აღენიშნებათ დაზიანებები და გამოჩნდა, რომ სერიოზულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი. სახალხო დამცველის აპარატმა გუშინ დაკავებების დაწყებამდეც გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ თბილისის საკრებულოს თავმდჯომარის მიერ წინმსწრებად, რაიმე სავარაუდო სამომავლო საფრთხეებზე მითითებით სხდომის ყველასთვის დახურვა დაუშვებელია და უხეში კანონდარღვევაა.

არასამთავრობო ორგანიზაციების, საიას და “სამართლიანი არჩევნების” შეფასებით, საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება სხდომის ნაწილობრივ დახურვის თაობაზე კანონიერი არ არის და სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, შესაძლოა, გუშინ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძვლად იქცეს.

გუშინ საკრებულომ თბილისში ორი მიწის ნაკვეთი გადასცა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებს, რასაც ოპოზიცია აპროტესტებდა. მათ საკრებულოს სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა არ მიეცათ, შენობის წინ დაპირისპირების დროს კი ოპოზიციის რამდენიმე წევრი და აქტივისტი დააკავეს. საკრებულოს გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთების გადაცემის შესახებ პროექტ ” პანორამა-თბილისის” მშენებლობას უკავშირდება. პანორამა თბილისი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი “თანაინვესტირების ფონდის” პროექტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი