ახალი ამბები

ივანიშვილთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები “შესაძლოა სასამართლოში გაბათილდეს”

10 ოქტომბერი, 2017 • 1543
ივანიშვილთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები “შესაძლოა სასამართლოში გაბათილდეს”

არასამთავრობო ორგანიზაციების საიას და “სამართლიანი არჩევნების” შეფასებით, საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება, სხდომის ნაწილობრივ დახურვის თაობაზე კანონიერი არ არის და სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, შესაძლოა, დღეს მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძვლად იქცეს.

საკრებულოს უმრავლესობამ დღეს მხარი დაუჭირა ექსპრემიერთან დაკავშირებულ საკითხებს, რასაც ოპოზიცია ეწინააღმდეგებოდა: საკრებულოს გადაწყვეტილებით, ივანიშვილთნ დაკავშირებულ კომპანიებს გადასცეს 1900 მ3-ის ფართობის მიწის ნაკვეთი თავისუფლების მოედანზე და 4455 მ3-ის ფართობის მიწის ნაკვეთი თაბორის მთაზე.

საკრებულოს დღევანდელი სხდომა ოპოზიციის საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდა. სხდომაზე არ დაუშვეს მოქალაქეები და საქართველოს პარლამენტის წევრები ენმ-დან და ევროპული საქართველოდან.

“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 87-ე მუხლში საუბარია იმაზე, რომ საკრებულოს სხდომა საჯაროა გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა”, – ამბობს ნეტგაზეთთან ირმა პავლიაშვილი, საიას იურისტი. აღნიშნულ განსაკუთრებულ შემთხვევებს ის ასე განმარტავს:

“როდესაც სხდომაზე განიხილება პერსონალური მონაცემებთან ან კომერციულ საიდუმლოებასთან დაკავშირებული საკითხები. სხვა შემთხვევაში საკრებულოს სხდომა  ღიაა და ნებისმიერ პირს წინასწარი წერილობითი თანხმბობის გარეშე შეუძლია, რომ დაესწროს. საკრებულოს აპარატი ვალდებულია, რომ დასაჯდომი ადგილები განსაზღვროს და იმ შემთხვევაში თუ ადგილზე მეტია მსურველთა რაოდენობა, საკრებულოს აპარატმა ტექნიკური საშუალებებით უნდა უზურნველყოს სხდომის ტრანსლირება”, – განმარტავს პავლიაშვილი.

დღეს დილით გავრცელდა საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ალიბეგაშვილის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ მოსალოდნელი არეულობისა და პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, საკრებულოს სხდომაზე მხოლოდ წევრებს, საკრებულოს თანამშრომლებსა და მედიის წარმომადგნლებს დაუშვებდნენ.

“თავს ვალდებულად  ვთვლით, მივიღოთ გადაწყვეტილება, რომლის თანახმად,  საკრებულოს დღევანდელ  სხდომაზე დავუშვათ მხოლოდ საკრებულოს წევრები,  თანამშრომლები და მედია – არავინ სხვა, რათა ადგილი არ ჰქონდეს პროვოკაციებს და არეულობის მცდელობას”, – ვკითხულობთ ალიბეგაშვილის განცხადებაში.

“ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება პარლამენტის რეგალენტს, რომელიც ამბობს, რომ დეპუტატებს დაუბრკოლებლად შეუძლიათ ადმინისტრაციულ შენობაში შესვლა”, – ამბობს ირმა პავლიაშვილი და დასძენს, რომ საკრებულოს სხდომის ასე სანახევროდ დახურვა, როდესაც მაგალითად მედიის წარმომადგენლებს უშვებენ და სხვებს – არა, საკრებულოს რეგლამენტთან წინააღმდეგობაში მოდის. ამასთან იურისტის განმარტებით, სხდომის დახურვისთვის საჭიროა არა საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური სრუვილი, არამედ მთლიანად საკრებულოს გადაწყვეტილება.

“ამისათვის შესაბამისი აქტი უნდა იყოს გამოცემული სხდომის დღის წესრიგთან ერთად”, – აცხადებს პავლიაშვილი.

იგივე მოსაზრებას ავრცელებს არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები”.

“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და თბილისის საკრებულოს რეგლამენტის მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია საკრებულოს სხდომა დახურულად გამოაცხადოს მხოლოდ საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე. საგულისხმოა, რომ საკრებულოს, როგორც საჯარო კოლეგიურ ორგანოს სხდომის დახურვის შესახებ წინასწარ არ უმსჯელია, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეს ერთპიროვნულად სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო”, – ვკითხულობთ ISFED-ის განცხადებაში.

ირმა პავლიაშვილის თქმით, დაუსაბუთებელია გიორგი ალიბეგაშვილის არგუმენტაციაც სხდომის დახურვის თაობაზე, რადგან წინასწარ შეუძლებელია იმის განსაზღვრა თუ ვინ შეეცდება მის ჩაშლას. რეალურად კი მოხდა ის, რომ არც ერთ მოქალაქეს არ მიეცა სხდომაზე დასწრება. მისი თქმით, სხდომაზე დაშვების შემდეგ თუ რომელიმე მოქალაქე მის ჩაშლას შეეცდებოდა, საკრებულოს კანონით დადგენილი წესით შემდეგ შეეძლო წესრიგის აღდგენაზე ზრუნვა.

 

ირმა პავლიაშვილიც და ISFED-იც აცხადებენ, რომ თუ სასამართლოში დადგინდება, რომ დღევანდელი სხდომა კანონით დადგენილი პროცედურების დარღვევით ჩატარდა, ეს შეიძლება იქ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძველიც გახდეს ასევე სასამართლო წესით. საქმის სასამართლოში წაღებას, ოპოზიცია აანონსებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი