ახალი ამბები

თენგიზ შერგელაშვილი: “იმედმა” უარი გვითხრა დებატებში მონაწილეობის მიღებაზე

10 ოქტომბერი, 2017 • 2774
თენგიზ შერგელაშვილი: “იმედმა” უარი გვითხრა დებატებში მონაწილეობის მიღებაზე

“შენების მოძრაობის” ინფორმაციით, ტელეკომპანია “იმედმა” მათი მერობის კანდიდატი დებატებიდან მოულოდნელად მოხსნა.

„ტელეკომპანია „იმედი“ ორი დღის განმავლობაში მართავდა ჩვენთან მოლაპარაკებას დღეს მერობის კანდიდატებს შორის სატელევიზიო დებატებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვიყავით, მიგვეღო მონაწილეობა აღნიშნულ გადაცემაში და დაგვესვა მწვავე საკითხები, რაც თბილისს და თბილისელებს ყველაზე მეტად აწუხებთ. გადაცემის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ტელევიზიიდან გაუგებარი მიზეზებით შეგვატყობინეს, რომ ჩვენ შეცდომით დაგვპატიჟეს დებატებში და უარი გვითრხეს გადაცემაში მონაწილეობის მიღებაზე”,-წერია მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოძრაობის მერობის კანდიდატი თენგიზ შერგელაშვილი  დებატებიდან მისი მოხსნის მიზეზად “ქართულ ოცნებას” ასახელებს.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენი დებატებში მონაწილეობის არმიღება უშუალოდ კალაძის შტაბში გადაწყდა“, -აცხადებს მერობის კანდიდატი.

მოძრაობის ინფორმაციით,  აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის  დაღვევას, რომლის თანახმადაც,  „საერთო მაუწყებელმა, რომელიც გადაწყვეტს, წინასაარჩევნო კამპანიისას საკუთარ ეთერში გააშუქოს წინასაარჩევნო დებატები, უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური სუბიექტის მონაწილეობით, თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს“. მსგავს ვალდებულებას ითვალისწინებს ასევე მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტიც.

„შენების მოძრაობა“ აღნიშნულ კანონდარღვევაზე მიმართავს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, უწყებათაშორის კომისიას და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ მოახდინონ შესაბამისი რეაგირება და დაიცვან მედია ხელისუფლების ზეგავლენისგან”-წერია განცხადებაში.

ტელეკომპანია “იმედის” ეთერში დღეს  გამართულ დებატებში თბილისის მერობის კანდიდატები იღებდნენ მონაწილეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი