ახალი ამბები

„ბათუმელები“ შს სამინისტროს სასამართლოში უჩივის

5 ივნისი, 2013 • 899
„ბათუმელები“ შს სამინისტროს სასამართლოში უჩივის

რა საპროცესო მოქმედება ჩაატარეს სამართალდამცავებმა ვიდეოთვალის ჩანაწერის ამოღების მიზნით 28 მარტს ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რომელშიც საიას თანამშრომელი და აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი მონაწილეობდნენ?
 

„ბათუმელებს“ ასევე აინტერესებდა, ნამდვილად დააჯარიმა თუ არა საპატრულო პოლიციამ ვალერიან თელია იმის გამო, რომ 28 მარტის ინციდენტის დროს ის ავტომანქანას მართვის მოწმობის გარეშე მართავდა. აჭარის პოლიციის უფროსს მართვის მოწმობა რომ არ ჰქონდა, ინციდენტიდან რამდენიმე დღეში აღმოაჩინეს ჟურნალისტებმა. შს სამინისტრომ მხოლოდ ამ ინფორმაციის გახმაურების შემდეგ განაცხადა, რომ თელია ამისათვის დააჯარიმეს. გარდა ამისა, „ბათუმელებს“ აინტერესებდა საჯარიმო თანხის ოდენობა. 

 

დასმულ კითხვებს შორის იყო ისეთი კითხვებიც, რაზედაც პასუხის გაცემაც შს სამინისტროს პრესსამსახურში მიაჩნიათ, რომ არის კონფიდენციალური. მაგალითად, ვინ არის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელი აჭარაში? ვინ არის სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელი აჭარაში? – ამ კითხვებზე ზეპირი საუბრის დროს შს სამინისტროს პრესსამსახურში თქვეს, რომ ეს კონფიდენციალური ინფორმაციების კატეგორიას განეკუთვნება.

 

შს სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ ბიუროში არათუ დაარღვიეს კანონით დადგენილი ვადები, ანუ 10 დღის ვადაში არ მოაწოდეს „ბათუმელებს“ ამომწურავი ინფორმაცია, არამედ საერთოდ უპასუხოდ დატოვეს წერილი.

 

შს სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ისინი ვერ დაგვეხმარებიან, რადგან ინფორმაციის მოწოდება ევალება საჯარო ინფორმაციის ბიუროს. პრესცენტრში ამბობენ, რომ ვერც ამ ბიუროს ოფიციალურ ტელეფონს მოგვაწვდიან. ტელეფონზე კი, რომლის ნომერიც  – 241 84 22, შს სამინისტროს კანცელარიაში მოგვაწოდეს, როგორც საჯარო ინფორმაციის ბიუროს ნომერი, კვირების განმავლობაში არ პასუხობენ.

 

„ბათუმელები“ შს სამინისტროს სასამართლოში უჩივის. „ბათუმელების“ ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი