ახალი ამბები

ბათუმში სტუდენტები ეკომიგრანტების აქციას შეურთდნენ

5 ივნისი, 2013 • 1063
ბათუმში სტუდენტები ეკომიგრანტების აქციას შეურთდნენ

 

 

ეკომიგრანტების აქციაზე სტუდენტების გამოჩენას შეძახილები და ტაში მოჰყვა.

„ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ დაიწყოს რეალური დიალოგი, რეალური და არა უბრალოდ დაპირებები, რომელიც იწვევს ამ ხალხის დაბნევას, მათ ჰგონიათ, რომ ეს ადამიანები დაიშლებიან და ჩვენც დავიშლებით, ასე არ მოხდება, ჩვენ მოვალთ უფრო მეტნი, დავდგებით ამ ადამინების გვერდით.“ – მიმართა სტუდენტმა ილია ბიბილეიშვილმა აქციის მონაწილეებს.

„მთავრობის მოვალეობაა მიხედოს ამ ხალხს. ჩვენ, სტუდენტები, ვიდგებით თქვენ გვერდით, თქვენ ნუ გეშინიათ, სტუდენტები თქვენთან ვიქნებით,  კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ხელისუფლებას, რა არის მისი მოვალეობა, სახელმწიფომ თქვენ მიგატოვათ, ამიტომ ჩვენ ვიქნებით თქვენ გვერდით.“ – განაცხადა გოჩა სურგულაძემ, სტუდენტური აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

 

ეკომიგრანტების აქციაზე მთავრობის გარდა კრიტიკის საგანი მასმედიაც გახდა; „მასმედია მხოლოდ კოჰაბოტაციაზე, მხოლოდ ფეშენ ხალხის ჩვენებაზეა ორიენტირებული და თქვენს პრობლემებს არავინ არ განიხილავს. თუ ადამიანმა არ იცის თქვენი პრობლემა, ის ვერ გაიგებს, ვერ გაიაზრებს იმას, რა დღეში ხართ თქვენ და რა დღეები გამოიარეთ. სტუდენტები დღეს სრულ ინფრომაციულ ვაკუუმში არიან, განათლების დონე ძალიან დაბალია საზოგადოებაში, თორემ დღეს ჩვენ აქ 20-30 და ასი კი არ უნდა ვიყოთ, ათასობით უნდა ვიყოთ.“  – განაცხადა გოჩა სურგულაძემ.

 

მან მთავრობასაც მიმართა: „წინა ხელისუფლება არაფერს აკეთებდა, დღეს თქვენც არაფერს არ აკეთებთ ამ ხალხისათვის, ჩვენ მოვითხოვთ დაკმაყოფილდეს ის მოთხოვნები, რაც აუცილებელია ადამიანისთვის. გთხოვთ, ნუ ატყუებთ ამ ხალხს.“  

 

 „დიდი მადლობა სტუდენტებს. ჩვენ 15 წლის წინ ჩაგვასახლეს წალკის რაიონში, იქ აღარავინ ცხოვრობდა უკვე. წავედით და შევინარჩუნეთ იქ ყველაფერი, მაგრამ მოტყუებული დავრჩით. დაბრუნდნენ ის ხალხი წალკაში და ითხოვს თავისას. ის ხალხიც მართალია, იმიტომ, რომ მათ ეკუთვნოდათ ის სახლები. ერთი თვეა თითქმის აქა ვართ, ღია ცისქვეშ, ათასნაერი დაპირებები ისმის,  მაგრამ კონკრეტული პასუხი ჩვენ ვერ მივიღეთ.“  – განაცხადა ჯამბულ ვაშაყმაძემ, წალკიდან ჩამოსულმა ეკომიგრანტმა.  

ეკომიგრანტები 13 მაისის შემდეგ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ, ღია ცის ქვეშ ათევენ ღამეს, კარვებსა და სამარშრუტო ტაქსებში.  მათ ცენტრალური და რეგიონული ხელისუფლების სხვადასხვა ინსტანციას მიმართეს დახმარების თხოვნით. ეკომიგრანტები ამბობენ, რომ მათ არავინ არ სცემს პასუხს.

  

ღია ცის ქვეშ დარჩენილი ეკომიგრანტები ამბობენ, რომ არ აქვთ არათუ ჰიგიენის დაცვის, არამედ ბიოლოგიური მოთხოვნილებები დაკმაყოფილების ელემენტარული პირობებიც. ამის მიუხედავად, მთავრობას ბიოტუალეტების დადგმაზე არ უფიქრია.

 

 

აჭარიდან წალკაში ეკომიგრანტები წლების წინ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებით და ინიციატივით ჩასახლდნენ. სახელმწიფომ ისინი საბერძნეთში მიგრირებული ბერძენი ეროვნების მოქალაქეების სახლებში შეასახლა იმ გარანტიით, რომ სახლებს გამოისყიდდა. სახლები დღემდე არ გამოუსყიდიათ. ბოლო ერთი წელია სახლების მესაკუთრეების წარმომადგენლები ჩამოდიან წალკაში და ეკომიგრანტებს თავიანთ საკუთრების დაცლას სთხოვენ.

 

 

ეკომიგრანტების ინფორმაციით, წალკაში აჭარიდან ჩასახლებული 3300 ეკომიგრანტი ოჯახი ცხოვრობს, მთავრობამ ბერძენი მოქალაქეებისგან მხოლოდ 350 სახლი გამოისყიდა.

 

აჭარის მოქმედ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ეკომიგრანტების პრობლემებზე ზრუნვა მათ კომპეტენციას ცდება და მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების საზრუნავია. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი