ახალი ამბები

პოლიტიკური შეთანხმება – უთანასწორო საარჩევნო გარემო მოსამართლეებისთვის

4 ივნისი, 2013 • • 1753
პოლიტიკური შეთანხმება – უთანასწორო საარჩევნო გარემო მოსამართლეებისთვის

9 ივნისს დაგეგმილ მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 7 წევრი უნდა აირჩიონ მოსამართლეებმა საკუთარი რიგებიდან. უმაღლეს საბჭოში სულ 15 წევრი უნდა იყოს, აქედან ერთი არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ერთ წევრს უნარჩუნდება თანამდებობა, ექვსი წევრი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, ხოლო დარჩენილი შვიდი – მოსამართლეთა კონფერენციამ უნდა აირჩიოს.

საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში, რომელიც ახალმა პარლამენტმა მიიღო , წერია, რომ მოსამართლეთა კონფერენციის მიერ უმაღლესი საბჭოს  ასარჩევი 7 წევრიდან  3 ადგილი აუცილებლად უნდა დაიკავონ კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეებმა, რომელთა რაოდენობა სულ 11-ია. დანარჩენი 4 ადგილის დასაკავებლად კი 200–ზე მეტ მოსამართლე იბრძოლებს.

მოსამართლეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არათანაბარ საარჩევნო სიტუაციაში აყენებს რიგით მოსამართლეებს კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეების მიმართ.

როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ალექსანდრე იოსელიანმა დღეს, 4 ივნისს, „ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, „ეს იდეა მოსამართლეებში დიდი ხანია ტრიალებს და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, პირველი ვინ იტყოდა ამას საჯაროდ, ვინ ჩამოაყალიბებდა პოზიციას“.

მოსამართლეებს შორის პირველები კი აღმოჩნდნენ საქართველოს უზეანესი სასამართლოს მოსამართლეები- ნათია წკეპლაძე და თეიმურაზ თორდია, რომლებმაც უთანასწორო საარჩევნო გარემოზე განცხადება 3 ივნისს გამოაქვეყნეს.

„საკანონმდებლო ნორმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიმართ ადგენს განსხვავებულ საარჩევნო პირობებს, რაც თანასწორობის პრინციპის უგულვებელყოფაა და, შესაბამისად, არასამართლიანია. ამ კანონით, სასამართლო კოლეგიის/პალატის თავმჯდომარეებს ეძლევათ საშუალება კენჭი იყარონ სრულიად არაკონკურენტულ გარემოში, მაშინ, როდესაც რიგით მოსამართლეებს  არ ეძლევათ საკუთარი კანდიდატურების დასახელების უფლება“, – წერია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განცხადებაში.

აღნიშნულს ეთანხმება მოსამართლეთა ნაწილი, რომელთაგან ერთ–ერთს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლეს, ნათია გუჯაბიძეს „ნეტაზეთი“ ესაუბრა:

„არათანაბარი გარემო მდგომარეობს იმაში, რომ კვოტით არჩეული პირი (პალატებისა და კოლეგიების თავმჯდომარე) შესაძლოა არჩეულ იქნეს უზენაესი საბჭოს წევრად ხმის გაცილებით ნაკლები რაოდენობით, ვიდრე ეს სჭირდება რიგით მოსამართლეს. მას შეუძლია გახდეს საბჭოს წევრი, თუ მეორე ტურში მიიღებს საერთო ხმების ¼–ს, რაც არის 60 მოსამართლის ხმა მაშინ, როცა რიგით მოსამართლეს წევრობისთვის მეორე ტურში სჭირდება 120 ხმა“, – განგვიცხადა ნათია გუჯაბიძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე იოსელიანი მიიჩნევს, რომ აღნიშნულით ირღვევა სამართლის ფუნდამენტური – თანასწორობის პრინციპი.

„კანონში არის ბუნდოვანება, რადგან კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეებს უზენაესი საბჭოს წევრობაზე ცალკე კვოტით უნდა ეყაროს კენჭი. თუ ისინი ვერ მიიღებენ ხმების 2/3–ს, მაშინ მათ მეორე ტურში განმეორებითი კენჭისყრისას უნდა მიიღონ ხმების ¼, რაც არის 60 ხმა, და გახდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. ხოლო რიგითმა მოსამართლემ თუ არ მიიღო პირველ ტურში ხმების 2/3, მაშინ მას მეორე ტურში აუცილებლად სჭირდება 240 არსებული მოსამართლიდან მინიმუმ ნახევარზე მეტი მოსამართლის ხმა“, – ამბობს მოსამართლე ალექსანდრე იოსელიანი. ის მიიჩნევს, რომ ეს არაკონკურენტული გარემოა, რადგან კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეებისათვის 3 ადგილი ნებისმიერ შემთხვევაში დარეზერვებულია, ხოლო 200–ზე მეტ მოსამართლეს მოუწევს აირჩიოს უმაღლესი საბჭოს 4 წევრი.

მოსამართლეები, რომლებიც კანონის მიერ წარმოქმნილ უთანასწორო საარჩევნო გარემოზე საუბრობენ, ცალსახად აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონი გაცილებით დემოკრატიულია, ვიდრე ეს აქამდე იყო.

„მანამდე არსებული კანონის შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ირჩევდნენ ღია კენჭისყრით. ეს ქმნიდა გარკვეულ უხერხულობას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისას, რათა მხარი დაგვეჭირა და აღნიშნული პოზიცია ღიად გამოგვეხატა. ამ კანონმა მოხსნა ეს დისკომფორტი და ფარული კენჭისყრის შემოღებით ეს პროცესი უფრო დემოკრატიული გახდა, დაემსგავსა და დაუახლოვდა ევროპულ სტანდარტს“, – განუცხადა „ნეტგაზეთს“ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ნათია გუჯაბიძემ.

უთანასწორობის პრობლემის მოგვარების გზად აღნიშნულ მოსამართლეები არჩევნების წინ ერთადერთ რამეს მიიჩნევენ: ისინი მოუწოდებენ კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეებს, უარი თქვან კანონით მინიჭებულ პრივილეგიაზე, გამოყოფილ კვოტაზე და რიგით მოსამართლეებთან ერთად იბრძოლონ 7 ადგილიდან ერთ–ერთის მოსაპოვებლად. ისინი ხაზს უსვამენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მორალური ღირებულებებიდან და თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე უნდა იქნეს მიღებული.

მოსამართლე ალექსანდრე იოსელიანი ამბობს, რომ მან და მისმა კოლეგებმა ეს საკითხი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ–ერთ ბოლო სხდომაზე დააყენეს, თუმცა კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეებისგან ამ იდეამ მხარდაჭერა ვერ მოიპვა. არჩევნებამდე ბოლო შეხვედრა აღნიშნულ საბჭოში 5 ივნისსაც გაიმართება, სადაც საბოლოოდ გაირკვევა, გაიზიარებენ თუ არა კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეები კოლეგების ნაწილთა თხოვნას კანონით მინიჭებული უპირატესობის არგამოყენებაზე არჩევნების დღეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების – ნათია წკეპლაძისა და თეიმურაზ თორდიას განცხადების პათოსს იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი, რომელიც აცხადებს: „არ ვიცი, როგორ იმუშავებს ეს მოწოდება, მაგრამ ეს იყო მორალური და სამართლიანი თავისი შინაარსით და ამ განცხადებამ უფრო გვაჯობა ჩვენ, პოლიტიკოსებს, რომლებმაც მივიღეთ კომპრომისული კანონი და ვერ პასუხობს სამართლიანობას, თავისი სრული განზომილებით“.

 

თეა წულუკიანი/ფოტო: იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური
თეა წულუკიანი/ფოტო: იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური

აღნიშნული განცხადების გამო მოსამართლეებს დღეს, 4 ივნისს, „ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ შეხვედრაზე მადლობა გადაუხადა იუსტიციის
მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელმაც განაცხადა: „ყველა კანონი არის პოლიტიკური დიალოგის შედეგი ყველა ქვეყანაში. იმ პოლიტიკურ კონტექტსტში, რა კონტექტსშიც ეს კანონი იქნა მიღებული, დღეს მას აქვს საუკეთესო სახე“.

თეა წულუკიანის მოადგილემ სანდრო ბარამიძემ კი „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს სხვაგვარი სახე ჰქონდა, თუმცა ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ ის პარლამენტმა გარკვეულწილად შეცვალა.

მოსამართლეთა ნაწილის პრეტენზიებს უთანასწორო საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით არ იზიარებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი:

„ეს არ არის სწორი იმიტომ, რომ ფორმულა, რომელიც ახლა არის კანონში, ჯერ კიდევ ვენეციის კომისიის რეკომენდაციის მიხედვით იყო გათვალისწინებული. ვენეციის კომისიამ დაუშვა, რომ ასეთი მოდელი შეიძლება არსებობდეს და შემდეგ უკვე საქართველოს პარლამენტმა ასეთი მოდელი შეარჩია. რა თქმა უნდა, იქ არის პრობლემა, რომელზეც ყოველთვის მივუთითებდი, რომ არ შეიძლება რამდნიმე მოსამართლის გათავისუფლება და ეს მაინც მოხდა. ამიტომ ვამბობ, რომ კანონი სრულად არ შეესაბამება ვენეციის დასკვნას. ნაწილობრივ რაშიც შეესაბამება, შეესაბამება სწორედ ამაში: არის გამოყოფილი კვოტა კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეებისათვის და ეს სრულ შესაბამისობაშია ვენეციის კომისიის დასკვნასთან. ამიტომ იმის თქმა, რომ ახლა სხვა მდგომარეობაში არიან, არ არის სწორი“, – განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა „ნეტგაზეთის“ კითხვის პასუხად დღეს, 5 ივნისს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მოსამართლეები ყურადღებას არ ამახვილებენ რეალურ პრობლემასა და რეალურ უთანასწორობაზე.

„მე ვფიქრობ, რომ მოსამართლეებმა კარგად უნდა გაიაზრონ და განაცხადონ ის, რომ პრობლემა

კონსტანტე კუბლაშვილი
კონსტანტე კუბლაშვილი

ეს კი არ არის, საერთოდ, სასამართლოს თავმჯდომარეებს ფაქტობრივად ეკრძალებათ არჩევნებში მონაწილეობა იმიტომ, რომ თუკი ისინი გახდებიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, მაშინ თავმჯდომარის პოსტი უნდა დატოვონ. სწორედ ეს უნდა განაცხადონ მათ, რომ ეს არის არათანაბარი მდგომარეობა სხვა მოსამართლეებთან მიმართებაში. ის მოდელი, რომელიც ცალკე კვოტას განსაზღვრავს კოლეგიებისა და პალატის თავმჯდომარეებისათვის, არის კანონიერი და ეს ასეც უნდა იყოს და ასეც იქნება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა კოლეგიისა და პალატის თავმჯდომარე, რომელიც ჩვენ გვყავს სისტემაში, არის ძალიან ღირსეული, ძალიან გამორჩეული პროფესიონალი ჩვენს მოსამართლეებს შორის და ამიტომ ისინი ნამდვილად მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში. ზუსტად არ ვიცი ვინ, მაგრამ ნამდვილად მიიღებენ მონაწილეობას და დარწმუნებული ვარ, მათ შორის სამი ადამიანი მიიღებს დიდი ოდენობით ხმებს, ისეთ რაოდენობას ხმებისას, რომელიც უზრუნველყოფს მათთვის იუსტიციიის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობას“, – განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.

საქართველოს საერთო სასამართლოებში კოლეგიებისა და პალატების სულ 11 თავმჯდომარეა, რომელთაგან 3 მოსამართლეთა კონფერენციამ აუცილებლად უნდა აირჩიოს 9 ივნისს იუსტიცის უმაღლესი საბჭოს წევრად. ესენი არიან:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე შოთა გეწაძე;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდოამრე გიორგი ებანოიძე;

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე მალხაზ ოქროპირაშვილი;

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილი;

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე გოჩა აბუსერიძე;

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინსიტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე ირაკლი შენგელია;

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე ლაშა კალანდაძე;

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო პალატის თავმჯდომარე მერაბ გაბინაშვილი;

9. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სისხლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე ზაზა მეიშვილი;

10. უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე;

11. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე ვასილ როინიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი