ახალი ამბები

პრემიერი: ახალი კონსტიტუცია იქნება მემკვიდრეობა, რომელსაც შემდეგი თაობები დააფასებენ

7 ოქტომბერი, 2017 • 2126
პრემიერი: ახალი კონსტიტუცია იქნება მემკვიდრეობა, რომელსაც შემდეგი თაობები დააფასებენ

პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ახალი კონსტიტუცია ძალიან დიდი შრომის შედეგია და ის ქმნის იმ მემკვიდრეობას, რომლითაც საქართველოს დემოკრატიული განვითარება შეუქცევადი გახდება და ამას მომავალი თაობები დააფასებენ:

“ობიექტურად მინდა ვთქვა, რომ კონსტიტუცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ, გახლავთ უპირველესად ძალიან დიდი შრომის შედეგი და მინდა ვთქვა, რომ საპარლამენტო გუნდმა, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მართლაც ძალიან დიდი სამუშაო ჩაატარა იმისათვის, რომ კონსტიტუცია ყოფილიყო ისეთი, როგორადაცაა მიღებული. მთლიანი ეს სამუშაო იყო ერთი დიდი ჩართულობის მაგალითი და ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა შემხვედრი მმართველი პარტიისგან, თვითონ კომისიის მუშაობის განმავლობაში.

ბოლო სამი ნაბიჯი, რომელიც არ არის მოთხოვნილი, ხაზს ვუსვამ, ვენეციის კომისიის მხრიდან, მაგრამ ჩვენ ვდგამთ ამ ნაბიჯს, ეს არის 3%-მდე ბარიერის დაწევა 2020 წლის არჩევნებზე, ეს არის პარტიული ბლოკების კიდევ ერთხელ დაშვება და ბონუსის სისტემაზე უარის თქმა. ნუ ვიწინასწარმეტყველებთ, არ ვიცით, იქნება ვეტო, არ იქნება ვეტო. ჩვენ ძალიან დიდი სამუშაო ჩავატარეთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს კონსტიტუცია იქნება ძალიან დიდი მემკვიდრეობა, რომლითაც საქართველოში შეუქცევადად დამკვიდრდება დემოკრატიული სისტემა. შემდეგი თაობები ამას ნამდვილად დააფასებენ, რადგან როდესაც ჩვენ ვიყავით, ასეთი რამ წარმოუდგენელი იყო მმართველი გუნდის მხრიდან”,- განაცხადა პრემიერ- მინიტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას “თბილისობის” დღესასწაულზე.

საკონსტიტუციო რეფორმაზე ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა ორშაბათს, 9 ოქტომბერს გამოქვეყნდება. წინა დასკვნებში კომისია წუხილს გამოთქვამს, რომ კონსენსუსი დოკუმენტთან დაკავშირებით ქვეყნის შიგნით ვერ შედგა. პრეზიდენტს კონსტიტუციის მიღებული კანონპროექტისთვის ხელი ჯერ არ მოუწერია. ამ დრომდე უცნობია, გამოიყენებს თუ არა ის ვეტოს უფლებას.

კონსტიტუციის კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა, საკონსტიტუციო უმრავლესობით, ოპოზიციის ხმების გარეშე, ორი მოსმენით 2017 წლის ივნისში მიიღო. ხელისუფლებამ ოპოზიციასთან დიალოგის განახლების მცდელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსენსუსის არარსებობით და შექმნილ ვითარებას კრიზისიც უწოდა.  ბუკიკიოს მოწოდების მიუხედვად დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ვერ შედგა. ამ მიზნით სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრაც კი ჩაიშალა, რომელსაც ორგანიზებას ვენეციის კომისია უწევდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი