ახალი ამბები

წულუკიანი: დღეს ჩვენ გვყავს პატიმარი მერაბიშვილი, რომელიც შესანიშნავ პირობებში ზის

4 ივნისი, 2013 • 1145
წულუკიანი: დღეს ჩვენ გვყავს პატიმარი მერაბიშვილი, რომელიც შესანიშნავ პირობებში ზის

ეს განცხადება მინისტრმა დღეს, ევროპარლამენტის საგანგებო დელეგაციასთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა. დელეგაციის ერთ-ერთი წევრი – კრჟიშტოფ ლისეკი დღეს დილით “მატროსოვის ციხეში” შეხვდა ვანო მერაბიშვილს, რის შემდეგაც განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილს არა აქვს ტელევიზორი, რისი უფლებაც მას კანონით აქვს მინიჭებული. წულუკიანის თქმით, თუკი მერაბიშვილი სანიმუშოდ მოიქცევა, მას ტელევიზორით უზრუნველყოფენ.

 

“ამ ქვეყანაში ხდება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი მოვლენები, ვიდრე მერაბიშვილის ციხეში ყოფნა, თუმცა ის არის ერთი ჩვეულებრივი პატიმარი და მისი ყველა უფლება უნდა იყოს დაცული, ყველა ის უფლება, რაც წერია კოდექსში. ბევრ ევროპულ ქვეყანას პატიმრობის კოდექსი საერთოდ არ აქვს, საქართველოს ეს პატიმრობის კოდექსი დაუტოვა “ნაციონალურმა მოძრაობამ” და ყველა ის უფლება, რაც “ნაცმოძრაობის” მიერ დატოვებულ კოდექსში წერია, იქნება დაცული არა მხოლოდ მერაბიშვილის, არამედ სხვა პატიმრების მიმართაც. დღეს ჩვენ გვყავს პატიმარი მერაბიშვილი, რომელიც შესანიშნავ პირობებში ზის, ეს თავად ლისეკმაც განაცხადა და მას ერთადერთი პრობლემა აქვს ტელევიზორი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

მისივე თქმით, დღეს ევროპარლამენტის დელეგაციასთან შეხვედრის დროს წარუდგენს მათ მტკიცებულებებს, თუ რით განსხვავდება ახალი ხელისუფლება წინამორბედისგან. მისი თქმით, როდესაც მათიას იორშმა მოინახულა ციხეში კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებამ მისცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, ევროსაბჭომ მოლაშვილის პირობებს ციხეში მისი წამების კვალიფიკაცია მისცა.

 

შეხვედრა ევროპარლამენტის დელეგაციასა და იუსტიციის მინისტრს შორის ამ წუთებში მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი