ახალი ამბები

ომბუდსმენი ლოპოტის სპეცოპერაციისას გარდაცვლილთა ცხედრების დამოუკიდებელ ექსპერტიზას ითხოვს

8 მაისი, 2013 • 1392
ომბუდსმენი ლოპოტის სპეცოპერაციისას გარდაცვლილთა ცხედრების დამოუკიდებელ ექსპერტიზას ითხოვს

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, 7 მაისს  ე.წ. ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა სპეცოპერაციის შედეგად დაღუპულთა ცხედრებისთვის ალტერნატიული სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების თხოვნით სახალხო დამცველს მიმართეს. 

 

“სახალხო დამცველს ალტერნატიული სამედიცინო ექსპერტიზის უსასყიდლოდ ჩატარების თაობაზე თანხმობა განუცხადა ერთ-ერთმა ცნობილმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. 

 

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ფორმალური მიზეზებით არ მოხდება ალტერნატიული სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შეყოვნება/ან ხელის შეშლა და მთავარი პროკურატურისა და შსს-ს თანამშრომლები ყოველმხრივ შეუწყობენ ხელს ალტერნატიული სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას.

 

სახალხო დამცველის ცნობით, ის შეხვდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ჩეჩნეთიდან ლტოლვილებსა და ჩეჩენთა დიასპორის წარმომადგენლებს, ასევე, ძალოვანი უწყებების ყოფილ თანამშრომლებს, რომლებიც, როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ადასტურებენ სახალხო დამცველის მიერ 2012 წლის საპარლამენტო ანგარიშში გადმოცემულ ფაქტებს ლაფანყურის სპეცოპერაციის შესახებ.


“ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სხვადასხვა წყაროების მიერ მოწოდებული ინფორმაციების მიხედვით, ჩრდილოკავკასიელი მებრძოლების საქართველოში ჩამოყვანა, მათი წვრთნა და აღჭურვა ხდებოდა საქართველოს ძალოვანი უწყებების ცალკეული მაღალი რანგის თანამდებობის პირების თანხმობით, მონაწილეობითა და ხელშეწყობით”, – აცხადებს სახალხო დამცველი.

 

ლოპოტის ხეობაში, კერძოდ, ლაფანყურში გასული წლის აგვისტოში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად მაშინდელი შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული იქნა დივერსანეტების ჯგუფის 11 წევრი, რომელთა ნაწილი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები იყვნენ ჩრდილოეთ კავკასიიდან. 

 

ლაფანყურის საქმის გამოძიებას საქართველოს შს სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს, რასაც დაუშვებლად მიიჩნევს საია. აღნიშნული ორგანიზაციის განცხადებით, გამოძიება უნდა განახორციელოს პროკურატურამ.

 

დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს სახალხო დამცველი.

 

შსს-ს წარმომადგენლებმა დღეს დუისში სპეცოპერაციის შედეგად სამი გარდაცვლილის (ასლან მარგოშვილის, სალამ ზაურბეკოვის და ბაჰაუდინ ბაღაკაშვილის) საფლავების ექსჰუმაცია განახორციელეს, რათა გვამების ექსპერტიზა ჩატარდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი