ახალი ამბები

არასამთავრობოები: მუსლიმთა კონსტიტუციური უფლებები უხეშად ირღვევა

3 ივნისი, 2013 • 1139
არასამთავრობოები: მუსლიმთა კონსტიტუციური უფლებები უხეშად ირღვევა

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 31 მაისს, სამთაწყაროს შესასვლელში მომხდარი დაპირისპირების დროს ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არათუ ვერ უზრუნველყო მუსლიმების გადაადგილებისა და რელიგიის თავისუფლების დაცვა, არამედ არც კი მიმართა რაიმე ტიპის ძალისხმევას გზის გათავისუფლების და იმ უკანონო ქმედებების აღკვეთის მიზნით, რასაც ადგილი ჰქონდა სოფლის ქრისტიანი მოსახლეობის მხრიდან:

 

“ინციდენტს ასევე ესწრებოდნენ დედოფლისწყაროს რაიონის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე და სოფლის რწმუნებული, რომლებმაც პოზიტიური წვლილი არ შეიტანეს დაპირისპირების განეიტრალებაში და არ მიმართეს სათანადო ზომებს. უფრო მეტიც, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პოლიციის ქმედებების ანალიზი აჩვენებს, რომ ისინი თავს კონფლიქტის მხარედ აღიქვამდნენ და თავისი ქცევით გასცდნენ კანონით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებს და არ დაიცვეს რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპი. კერძოდ, ადგილობრივი ხელისუფლება და პოლიცია პირდაპირ აცხადებდა, რომ ისინი ემორჩილებიან მოსახლეობის უმრავლესობის აზრს, რომელსაც არ სურს სოფელში მეჩეთის მშენებლობა. მეტიც, ადგილობრივმა ხელისუფლებამ და პოლიციამ  მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებს მოუწოდა სოფლის ტერიტორიის დატოვება და მათ პროვოკატორებიც კი უწოდა”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ქრისტიანი მოსახლეობა საკუთარ წინააღმდეგობას იმით ხსნის, რომ მათ არ უნდათ სოფელში მეჩეთი აშენდეს:

 

“ადგილობრივი მუსლიმი თემის სურვილია სოფელში არა მეჩეთის, არამედ სამლოცველო სახლის ფუნქციონირება, რომელიც მათ რელიგიური ცხოვრების სრულფასოვანი განხორციელების შესაძლებლობას მისცემდა. თუმცა ხაზი უნდა გაესვას, რომ ინტერესებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის პირობებში თავისთავად მეჩეთის მშენებლობის საკითხიც განხილული იქნეს როგორც ლეგიტიმური მოთხოვნა რელიგიური უმცირესობის მხრიდან”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ კონფლიქტების წამახალისებელ ფაქტორად შესაძლოა მივიჩნიოთ სახელმწიფოს ზოგადი პოლიტიკა, რაც ზოგჯერ უმოქმედობაში, არასათანადო მოქმედებაში, ან რელიგიური ორგანიზაციების არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებაში გამოიხატება.

 

ორგანიზაციები იმედოვნებენ, რომ მომავალი პარასკევისთვის სახელმწიფო ადეკვატურ ზომებს მიიღებს იმისთვის, რომ უზრუნველყოს ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობის მიერ ერთობლივი ლოცვის მშვიდ და უსაფრთხო პირობებში აღვლენა:

 

“ამასთან, იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლება შეიმუშავებს ერთიან პოლიტიკას რელიგიური კონფლიქტის კერებში არსებული პრობლემების დასარეგულირებლად და ხელს შეუწყობს ადგილებზე მშვიდობასა და ტოლერანტობაზე დაფუძნებული გარემოს შექმნას”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საქართველო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ისინი პროცესებზე დაკვირვებას კვლავ აპირებენ.

 

დედოფლისწყაროს სოფელ სამთაწყაროში 24 მაისის შემდეგ მუსლიმთა სამმართველოს მიერ შეძენილ სახლში მუსლიმებს ლოცვის საშუალებას ადგილობრივი მოსახლეობა არ აძლევს. მანამდე ლოცვები ადგილობრივი მუსლიმის სახლში ტარდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი