ახალი ამბები

გენერალურმა აუდიტორმა ახალ მოადგილეებად ეკატერინე ღაძაძე და დავით გოგიჩაიშვილი დანიშნა

2 ოქტომბერი, 2017 • 2987
გენერალურმა აუდიტორმა ახალ მოადგილეებად ეკატერინე ღაძაძე და დავით გოგიჩაიშვილი დანიშნა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ახალმა უფროსმა, ირაკლი მექვაბიშვილმა დღეს ორი ახალი მოადგილე წარადგინა, ხოლო ნოდარ ჯავახიშვილმა გენერალური აუდიტორის მოადგილის პოსტი მიმდინარე საკადრო ცვლილებების დროსაც შეინარჩუნა.

ირაკლი მექვაბიშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე ეკატერინე ღაძაძე და დავით გოგიჩაიშვილი დანიშნა. ნოდარ ჯავახიშვილის გარდა, გენერალური აუდიტორის უფროსის ყველა სხვა მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მათ შორის- ნინო ლომჯარიაც.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნავენ, რომ ახალი გენერალური აუდიტორის მოადგილეების სამსახურიდან დათხოვნა კითხვის ნიშნებს აჩენს გადაწყვეტილების პოლიტიკური მოტივაციის თაობაზე. ირაკლი მექვაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ მზადაა არასამთავრობო სექტორსთან შესახვედრად და საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით კითხვებზე საპასუხოდ:

“წავიკითხე განცხადება, რომელიც გავრცელდა და რომელიც ეხება იმას, რომ თითქოს პოლიტიკური ნიშნით მივიღე მოადგილეებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. მზად ვარ, რომ ხვალიდან არასამთავრობო სექტორის ყველა წარმომადგენელს შევხვდე – თუ რაიმე კითხვები არსებობს საკადრო ცვლილებებთან და ჩვენს ხედვებთან დაკავშირებით, დავსხდეთ და გავიაროთ. ჩვენი საქმიანობა იქნება გამჭვირვალე და დამოუკიდებელი.”

როგორც ირაკლი მექვაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მისი, როგორც გენერალური აუდიტორის, ექსკლუზიური უფლება და პრეროგატივაა, რომ მოადგილეებად მის მიერ შერჩეული კანდიდატები დანიშნოს. ახლმა გენერალურმა აუდიტორმა ახლად დანიშნული მოადგილეების შესახებ ვრცლად ისაუბრა და ჟურნალისტებს მათი ბიოგრაფიები გააცნო. მისი თქმით, კადრები მხოლოდ მაღალი კვალიფიკაციის და მაღალი პროფესიონალიზმის პრინციპებიდან გამომდინარე შეარჩია.

  • ეკატერინე ღაძაძეს გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება საერთაშორისო-საფინანსო მოღვაწეობის. ის მუშაობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების თბილისის ოფისსა და ლონდონის სათავო ოფისში. განათლებაც ლონდონში აქვს მიღებული და მუშაობდა “რენესანს კაპიტალის” ვიცე-პრეზიდენტად, ასევე, ამავე ორგანიზაციის ყაზახეთის ფილიალშიც. საქართველოში დაბრუნებისთანავე მუშაობა დაიწყო “საქართველოს ბანკში” და შექმნა კვლევების მიმართულება ამ ჯგუფში.
  • დავით გოგიჩაიშვილს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საბანკო-საფინანსო სექტორში. ის 10 წლის განმავლობაში მუშაობდა “თიბისი ბანკში”; ხელმძღვანელობდა პრობლემური სესხების და აქტივების დეპარტამენტს. “თიბისი ბანკში” არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა მისი ხელმძღვანელობით. დავით გოგიჩაიშვილი არის დიპლომირებული ბუღალტერი და აუდიტორი.

ირაკლი მექვაბიშვილმა ასევე ისაუბრა ნოდარ ჯავახიშვილის შესახებ, რომელიც ასევე დადებითად დაახასიათა. გენერალური აუდიტორის თქმით, ჯავახიშვილი უაღრესად კვალიფიციური და გამოცდილი ადამიანია.

  • ნოდარ ჯავახიშვილი იყო ეროვნული ბანკის პირველი წარმატებული პრეზიდენტი. მას 22 წელია ვიცნობ. ნოდარ ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით ქვეყანაში წერტილი დაესვა ჰიპერინფლაციას. მისი ხელმძღვანელობით მივიღეთ ჩვენი ვალუტა – ეროვნული ლარი. ჩამოყალიბდა ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და გაჯანსაღდა საბანკო სექტორი. ნოდარ ჯავახიშვილს ასევე აქვს სხვა უამრავი წარმატება ამ სფეროში.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 2 ოქტომბერს, ახალმა გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა თანამდებობიდან დაითხოვა ორი მოადგილე – ნინო ლომჯარია და დევი ვეფხვაძე. თანამდებობაზე დარჩა მხოლოდ ნოდარ ჯავახიშვილი, რომელიც წარსულში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ასევე, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბანკ “ქართუს” გენერალური დირექტორი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი