საზოგადოება

პარტიების ფინანსებს აუდიტის სამსახურის ნაცვლად ანტიკორუფციული ბიურო შეამოწმებს

29 აგვისტო, 2023 • 850
პარტიების ფინანსებს აუდიტის სამსახურის ნაცვლად ანტიკორუფციული ბიურო შეამოწმებს

პირველი სექტემბრიდან პოლიტიკურმა პარტიებმა თავიანთი ფინანსების შესახებ ინფორმაცია, აუდიტის სამსახურის ნაცვლად, ანტიკორუფციულ ბიუროს უნდა წარუდგინონ.

პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების შესახებ ბრძანება ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღავნელმა 25 აგვისტოს გამოსცა.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ უწყებებს შორის ფუნქციების გადანაცვლება ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე განახორციელეს. ოპოზიციაში კი ხაზს უსვამენ, რომ ანტიკორუფციული ბიურო არც დამოუკიდებელი ორგანოა და არც ის ფუნქციები აქვს, რასაც ევროკომისია რეკომენდირებდა.

რას ამბობს „ქართული ოცნება“

„ქართული ოცნების“ თავმდჯომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიების ფინანსების კონტროლის ფუნქციის გადატანა და ანტიკორუფციული ბიუროსთვის გადაცემა ევროკომისიის რეკომენდაცია იყო და მმართველ პარტიას სხვა ინტერესი არ ჰქონია.

მისი თქმით, ევროკომისიის რეკომენდაცია იყო, რომ არამარტო შექმნილიყო ცალკე სამსახური, არამედ იქ ანტიკორუფციული ფუნქციების თავმოყრაც მომხდარიყო. კობახიძის თქმით, პარტიების ფინანსების კონტროლი სწორედ ერთ-ერთი ასეთი ფუნქციაა.

როგორც კობახიძე ამბობს, რომ არა ევროკომისიის რეკომენდაცია, მმართველ გუნდს პარტიების კონტროლის ფუნქციის აუდიტის სამსახურიდან გადატანის ინტერესი არ ჰქონია.

„ჩვენ ამ ფუნქციის სადმე გადატანას საერთოდ არ ვაპირებდით. საქართველოს კონსტიტუციასთან თავსებადობა იყო ეჭვქვეშ, როცა აუდიტის სამსახურში იყო ეს ფუნქცია, რადგან კონსტიტუციაში მითითებულია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური სახელმწიფო სახსრებს მეთვალყურეობს და არა პარტიულ ფულს. ამიტომ, კონსტიტუციასთან თავსებადობის საკითხი იდგა, რაზეც თავის დროზე ვენეციის კომისიაც საუბრობდა, რომ ეს ფუნქცია აუდიტიდან სადღაც სხვაგან წასულიყო. ამას ევროკავშირის რეკომენდაცია დაემატა, რომ ფუნქციების თავმოყრა ახალ სამსახურში მომხდარიყო. ჩვენ ევროკავშირის რეკომენდაციას გავყევით. არავითარი განსაკუთრებული ინტერესი არ გვქონდა”.

კობახიძის თქმით, აუდიტის სამსახურის პრობლემა პოლიტიკაში „შავი ფულის“ კონტროლი იყო. როგორც კობახიძე ამბობს, პოლიტიკაში „შავ ფულს“  წარმატებით ვერც აუდიტის სამსახური აკონტროლებდა და ამას ვერც ანტიკორუფციული ბიურო შეძლებს, რადგან ძალიან რთულია.

როგორ შეიქმნა ანტიკორუფციული ბიურო

ანტიკორუფციული ბიურო 2022 წლის ბოლოს შეიქმნა და მას პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული პირი ხელმძღვანელობს. შედარებისთვის, აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს პარლამენტი ამტკიცებს.

ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციებში შედის ქონებრივი დეკლარაციების შევსების მონიტორინგი და ასევე პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის შემოწმება.

ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის გაძლიერება და მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების გადაჭრა ევროკომისიის ერთ-ერთ რეკომენდაციაა. თუმცა ანტიკორუფციულ ბიუროს  საგამოძიებო უფლებამოსილები არ აქვს და  კორუფციული დანაშაულის გამოძიების ფუნქცია კვლავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურატურის ქვეშ რჩება.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, საგამოძიებო უფლებამოსილების მინიჭების გარეშე ანტიკორუფციული ბიურო ვერ შეძლებს მაღალი დონის კორუფციასთან ეფექტურ ბრძოლას, რასაც ევროკომისია ითხოვს.

მათივე შეფასებით, პრობლემურია ასევე ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნის წესი, რადგან პრემიერმინისტრის მიერ ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნა ვერ უზრუნველყოფს ამ ინსტიტუციის რეალურ დამოუკიდებლობას, რაც აუცილებელი წინაპირობაა მისი ეფექტიანი მუშაობისთვის და ასევე წარმოადგენს ევროკომისიის მოთხოვნას.

რას ამბობს ოპოიზიცია

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ანტიკორუფციული ბიუროს  მთავარი სამიზნე პოლიტიკური ოპონენტები და არასამთავრობო ორგანიზაციები არიან.

„მიუხედავად იმისა, რომ რუსული კანონი რუსულმა პარტიამ საქართველოში ვერ მიიღო, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოლიგარქიული კლანი აგრძელებს პოლიტიკას, რომელსაც ჰქვია ოპონენტების დევნა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ყველა იმ მოწინააღმდეგის განადგურების მცდელობა, რომელმაც შეიძლება დაამარცხოს მისი მმართველობა საქართველოში. ანტიკორუფციული ბიუროს შექმნაც ამ ამოცანებს ემსახურებოდა მაშინ, როცა ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა 12-პუნქტიან გეგმაში იყო სწორედ დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება ანტიკორუფციული მიმართულებით, რომ შექმნილიყო დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც გამოიძიებდა რეალურად მაღალი თანამდებობის პირების და ჩინოვნიკების გადაცდომებს, ბოროტად გამოყენებას თანამდებობის, ძალაუფლების და კორუფციულ ქმედებებს“, – განაცხადა  ენმ-ის ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ.

ვასო ურუშაძის თქმით, მმართველმა პარტიამ  ღიად დაადეკლარირა, რომ მათი მთავარი წინასაარჩევნო კამპანია იქნება პოლიტიკური ოპონენტების დევნა და განადგურება.

პარტიის „საქართველოსთვის“ წევრის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის შექმნა საარჩევნო კორუფციის გამოსაძიებლად მმართველი პარტიის ინტერესში არ შედის. მისი თქმით, აუდიტის სამსახურის გადატანაც ანტიკორუფციულ ბიუროში იმისთვის მოხდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პარტიის ბიუჯეტის შევსება „შავი ფულით“ გააგრძელოს

„ირაკლი კობახიძემ ახლახანს დაადასტურა, რომ არ გადაუდგამთ არც ერთი ნაბიჯი არჩევნებზე „შავი ფულის“, ანუ პოლიტიკური კორუფციის და ამომრჩევლის მოსყიდვის კონტროლისთვის. ასევე, აუდიტის სამსახურის ანტი-კორუფციულ ბიუროში გადატანა (ჩვეული მანიპულაციით) ევროკავშირის რეკომენდაციით ახსნა. რეალობა არის შემდეგი: არჩევნებზე „შავი ფულის“ ფაქტების გამოსაძიებლად უნდა შექმნილიყო დამოუკიდებელი ანტი-კორუფციული ბიურო საგამოძიებო ფუნქციით. ევროკავშირის მე-4 რეკომენდაცია იყო ყველა ძირითადი ანტი-კორუფციული ფუნქციის თავმოყრა, ელიტური კორუფციის ეფექტიანად გამოსაძიებლად. ირაკლი კობახიძეს რომ დავუჯეროთ, აუდიტის სამსახური „ძირითად ანტი-კორუფციულ ფუნქციაში“ გადის და საგამოძიებო სამსახური არა, რაც აბსურდია“, – წერს მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.

მასალების გადაბეჭდვის წესი