ახალი ამბები

გენერალური აუდიტორის თქმით, საქართველოს რკინიგზის შემოწმება შეფერხებულია

16 ივნისი, 2021 • 1389
გენერალური აუდიტორის თქმით, საქართველოს რკინიგზის შემოწმება შეფერხებულია

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი მექვაბიშვილი აცხადებს, რომ უწყებას არ ეძლევა საქართველოს რკინიგზაში აუდიტის ჩატარების საშუალება. ამის შესახებ მან დღეს, 16 ივნისს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

მექვაბიშვილის თქმით, ამის გამო სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, რადგან რკინიგზა მიიჩნევდა, რომ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მისი შემოწმების უფლება არ აქვს, რადგან მის აუდიტს საერთაშორისო აუდიტორული კომპანიები ატარებენ.

თავად გენერალური აუდიტორი  კი აცხადებს, რომ ორგანიზაციაში, სადაც სახელმწიფო აქციების 51%-ს მაინც ფლობს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მისი შემოწმება უნდა შეეძლოს.

როგორც ირაკლი მექვაბიშვილი აცხადებს, მსგავსი ვითარება იყო სახელმწიფო ელექტროსისტემასთან, რომელთანაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სასამართლო დავა მოიგო და შემოწმების უფლება მოიპოვა.

“რკინიგზასთან დაკავშირებით იურიდიული პრობლემა გვქონდა და  რკინიგზის მოტივაცია იყო ის, რომ მათ ფინანსურ აუდიტს “დიდი ოთხეული” ატარებს და ამით ახსნეს, რატომ არ გვაქვს ჩვენ უფლება მათი შემოწმების. ჩვენ თვლით, რომ ნებისმიერი სახელმწიფო ორგანიზაციის შემოწმების უფლება გვაქვს, სადაც სახელმწიფოს 50+1 აქცია აქვს, რომც იყოს  მიქსი კერძო+საჯარო, თუ სახელმწიფოს აქვს 51%-ის შემცველი აქცია, იმ ორგანიზაციის შემოწმების უფლება გვაქვს.

ამიტომ ეს იურიდიული პროცესი იყო, რომელმაც ამ ორგანიზაციასთან შემოწმების პროცედურა შეაფერხა, ახლა გავდივართ და ფორმალიზებას ვაკეთებთ და ამ თემას დავუბრუნდებით. ანალოგიურად ელექტროსისტემასთან, სადაც სასამართლო პროცესები მოვიგეთ და ამის მერე მოვიპოვეთ ამ ორგანიზაციის შემოწმების უფლება. შევამოწმეთ, იყო ძალიან ბევრი მიგნება და მათ შორის საგამოძიებო ორგანოებშიც გადაიგზავნა შესაბამისი მასალა”, — განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.

თავად საქართველოს რკინიგზა უარყოფს ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის კომპანიაში არშეშვებასთან დაკავშირებით. კომპანიაში აცხადებენ, რომ საქართველოს რკინიგზაში სახელმწიფო აუდიტი შემოწმებაზე შესული იყო 2016 წელს.

“პარალელურად კი, ,,აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ბუნდოვანი ნორმის გამო, საქართველოს რკინიგზის, როგორც არაპირდაპირი სახელმწიფო საწარმოს სახელმწიფო აუდიტის ქვემდებარეობასთან დაკავშირებით, კომპანიასა და აუდიტს შორის მიმდინარეობდა დამაზუსტებელი სამართლებრივი პროცედურები. მიუხედავად სამართლებრივი პოზიციების განსხვავებისა, რკინიგზას არ შეუშლია ხელი აუდიტის ჩატარებისთვის. საბოლოოდ, სასამართლოს მიერ ბუნდოვანი ნორმა განიმარტა 2019 წელს”, -აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.

ამასთან, საქართველოს რკინიგზა აცხადებს, რომ კომპანია 2018 წლიდან დღემდე შესამოწმებელი კომპანიების სიაში გათვალისწინებული არ ყოფილა.

“გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზის კომპლექსურ ყოველწლიურ აუდიტს ატარებს დიდი ოთხეულის წევრი ისეთი რესპექტაბელური და მაღალკვალიფიციური აუდიტორული კომპანია, როგორიც არის KPMG და აღნიშნულ დასკვნებს კომპანია საჯაროდ ხელმისაწვდომს ხდის საკუთარი ვებ-გვერდის მეშვეობით, არარელევანტურია აღნიშნულ საკითხზე აპელირება. მით უფრო, რომ საქართველოს რკინიგზა 2018 წლიდან დღემდე არ ყოფილა გათვალისწინებული შესამოწმებელი კომპანიების სიაში. საქართველოს რკინიგზა გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრომლოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან და მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია მომართვის შემთხვევაში”, – აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი