ახალი ამბები

NGO-ები: აუდიტორის მოადგილეების დათხოვნა შესაძლოა პოლიტიკურად მოტივირებული იყოს

2 ოქტომბერი, 2017 • 1448
NGO-ები: აუდიტორის მოადგილეების დათხოვნა შესაძლოა პოლიტიკურად მოტივირებული იყოს

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ გენერალური აუდიტორის მოადგილეების სამსახურიდან დათხოვნა კითხვის ნიშნებს აჩენს გადაწყვეტილების პოლიტიკური მოტივაციის თაობაზე.

არასამათავრობო ორგანიზაციები: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, სამოქალაქო განვითარების სააგენტო, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

ორგანიზაციების განცხადებით, ახალ გენერალურ აუდიტორს აქვს უფლებამოსილება, რომ მისთვის სასურველი მოადგილეები დანიშნოს, თუმცა ის ფაქტი, რომ დაითხოვეს პოლიტიკურად ნეიტრალური მოადგილეები და თანამდებობა შეინარჩუნა მმართველ პარტიასთან აფილირებულმა პირმა, წარმოქმნის ეჭვებს გადაწყვეტილების პოლიტიკური მოტივაციის შესახებ.

ორგანიზაციებს მიჩნიათ, რომ ამ ეჭვებს ამძაფრებს მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანია, როცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახური მიუკერძოებელი იყოს საარჩევნო სუბიექტების ფინანსური ანგარიშების მონიტორინგისას. საგულისხმოა, რომ ლომჯარია აუდიტის სამსახურში სწორედ ამ მიმართულებას ზედამხედევლობდა.

პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, გაუგებარია, რატომ გახდა აუცილებელი მისი გათავისუფლება წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, როდესაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების შემოწირულობისა და წინასაარჩევნო ხარჯვის საფუძვლიანი მონიტორინგი, აცხადებენ ორგანიზაციები.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ გენერალურ აუდიტორს, იყოს მიუკერძოებელი თავის საქმიანობაში და არ მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ეჭვს წარმოქმნის მისი პოლიტიკური მოტივაციის და მიკერძოების შესახებ, რაც საბოლოოდ ზიანს აყენებს აუდიტის სამსახურის, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტის, რეპუტაციას და მის მიმართ საზოგადოების ნდობას.

2 ოქტომბერს ახალმა გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა თანამდებობიდან დაითხოვა ორი მოადგილე – ნინო ლომჯარია და დევი ვეფხვაძე. დაუდასტურებელი ცნობით,  თანამდებობაზე დარჩა მხოლოდ ნოდარ ჯავახიშვილი. ეს უკანასკნელი წარსულში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი და ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბანკ „ქართუს“ გენერალური დირექტორი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი