ახალი ამბები

რელიგიათა საბჭო სააკაშვილს, ივანიშვილს და უსუფაშვილს მიმართავს

31 მაისი, 2013 •
რელიგიათა საბჭო სააკაშვილს, ივანიშვილს და უსუფაშვილს მიმართავს

“31 მაისს დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში მუსლიმ მორწმუნეებს კიდევ ერთხელ არ მისცეს ჯუმის ლოცვის (პარასკევის ლოცვა) აღვლენის უფლება. სიტუაციის დასარეგულირებლად ადგილზე მყოფმა პოლიციამ ვერ მოახდინა სათანადო რეაგირება და ვერ უზრუნველყო მუსლიმთათვის რელიგიის თავისუფლებით სარგებლობა. სიტუაცია იმდენად გამწვავდა, რომ მუფთ ჯემალ ადაძეს და მის თანმხლებ პირებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

შეგახსენებთ, რომ მსგავს პრობლემას ადგილი ჰქონდა წინა პარასკევს, 24 მაისს, როდესაც ადგილობრივმა მუსლიმებმა ასევე ვერ შეძლეს პარასკევის ტრადიციული ლოცვის აღსრულება. ამავდროულად, მათ მეჩეთიდან სამლოცველო ნოხები და წმინდა წიგნები გამოუყარეს.

 

შეუწყნარებლობის ამგვარმა გამოვლინებებმა უკვე სისტემატური ხასიათი შეიძინა. განსხვავებულის მიუღებლობა, მათი უფლებების შეზღუდვა და მარგინალიზება ნორმად იქცა.

 

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო დეკლარირებულად აღიარებს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები და რელიგიური გაერთიანებების ლიდერები ემიჯნებიან ძალადობასა და განსხვავებული ჯგუფების ჰარმონიულ თანაცხოვრებაზე საუბრობენ, ჩვენი ყოველდღიურობა სრულიად სხვა სურათს ხატავს.

 

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლები  ვუერთდებით ჩვენი მუსლიმი თანამოქალქეების ხმას და მოვითხოვთ როგორც ხელისუფლებისგან, ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მესვეურთაგან, გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, რათა აღდგეს შელახული კონსტიტუციური უფლებები და იზეიმოს კანონის უზენაესობამ.

 

არ შეიძლება დავუშვათ, რომ უმოქმედობითა და სამართლებრივად არაადეკვატური რეაგირებით წახალისებულ იქნას შეუწყნარებლობა და ძალადობა. ამ არაჯანსაღი ფონის დაძლევაში ყველამ საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა ვიტვირთოთ და არ დავიშუროთ ძალისხმევა საქართველოში თანასწორუფლებიანობისა და მშვიდობის დაცვის საქმეში”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელი და ქვემო ქართლის რეგიონის მუფტმა ჯემალ ადაძე განმარტავს, რომ მუსლიმებს ლოცვაში ხელი გასულ პარასკევსაც შეუშალეს.  სახლი, სადაც დღეს, 31 მაისს, დილის ლოცვა უნდა შეესრულებინათ ადგილობრივებს, 2012 წელს საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ შეიძინა. იქამდე ლოცვები ადგილობრივი მუსლიმის სახლში ტარდებოდა. მისივე ინფორმაციით, ადგილობრივები გასახლებით ემუქრებიან სამთაწყაროში მცხოვრებ მუსლიმ მეზობლებს, მათ ორგანიზებას კი სოფლის რწმუნებული გულო ნადირაშვილი უწევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი