ახალი ამბები

სოფლის რწმუნებული უარყოფს, რომ თავადაც უშლის ხელს მუსლიმების ლოცვაში

31 მაისი, 2013 •
სოფლის რწმუნებული უარყოფს, რომ თავადაც უშლის ხელს მუსლიმების ლოცვაში

ყურანი
ყურანი

უკვე მეორე პარასკევია მუსლიმებს დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში ლოცვის საშუალება არ ეძლევათ. სამთაწყაროელები და მიმდებარე სოფლებიდან მოსული ადამიანები რამდენიმე მუსლიმს არ აძლევენ საშუალებას, შევიდნენ სამთაწყაროში და პარასკევის ტრადიციული ლოცვა ჩაატარონ ერთ–ერთ სახლში. 

 

“გუშინ მუსულმანთა სამმართველოდან წარმომადგენელი იყო, შეხვდა მოსახლეობას, რომ მუსულმანური სამლოცველო გაეხსნათ, მაგრამ მოსახლეობამ გაისტუმრა უარით. არავითარი ზედმეტობა იქ არ ყოფილა. გადავცემთ ჩვენ ორგანიზაციასო და წავიდნენ. დღესდღეობით ერთ მარშუტკას ხოჯებით სავსეს აგზავნიდნენ, პარასკევი დღეა და მუსულმანური ლოცვა რომ ჩაეტარებინათ, მაგრამ მოსახლეობა დახვდა წინ და გზა გადაუკეტეს. მოსახლეობის თითქმის 90%–100% უარზეა, არ უნდათ”, – უთხრა გულო ნადირაშვილმა “ნეტგაზეთს”. 

 

მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელმა და ქვემო ქართლის რეგიონის მუფტმა ჯემალ ადაძემ მუსლიმების წინააღმდეგ ხალხის ორგანიზებაში სწორედ ნადირაშვილს ადანაშაულებს, რაზეც სამთაწყაროს რწმუნებული პასუხობს:

 

“არავითარ შემთხვევაში, ეგ არის ჩემს წინააღმდეგ ცილისწამება, მაგაზე მე მოვთხოვ პასუხს. მე ხალხის თანდასწრებით ვხვდები, მე ვარ უშუალოდ შუამავალი ხალხსა და მათ შორის, რომ რამე ზედმეტობა არ მოხდეს. ხალხი იმიტომ ეწინააღმდეგება, რომ არ უნდათ. ქრისტიანული სოფელია, ჰერეთიდან წამოსული ინგილოები არიან, რომლებმაც შეინარჩუნეს ქრისტიანობა, არ გვინდა ჩვენო. არც თვითონ აჭარელ ახალგაზრდებს არ უნდათ მუსულმანური სამლოცველო, მერე სოფლიდან გარეთ რომ გავალთ, არ გვინდა ვინმემ “მუსულმანო აჭარელო” დაგვიძახონო, თორემ აქ არაფერ შუაშია დაპირისპირება. მოსახლეობა უწევს წინააღმდეგობას, მე რა უფლება მაქვს, მე ვარ სახელმწიფო მოხელე. მე უბრალოდ ვეკონტაქტები ხალხს, რომ მათ შორის ზედმეტობა არ მოხდეს, მაგრამ დღესდღეობით ისევ ჩამოვიდნენ ერთი მარშუტკა სავსე ხოჯებით”. 

 

როგორც მუფტი ჯემალ ადაძე განმარტავს, სახლი, სადაც დღეს, 31 მაისს, დილის ლოცვა უნდა შეესრულებინათ ადგილობრივებს, 2012 წელს საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ შეიძინა. იქამდე ლოცვები ადგილობრივი მუსლიმის სახლში ტარდებოდა. მუსლიმებს ლოცვაში ხელი გასულ პარასკევსაც შეუშალეს.

 

მისივე ინფორმაციით, ადგილობრივები გასახლებით ემუქრებიან სამთაწყაროში მცხოვრებ მუსლიმ მეზობლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი