ახალი ამბები

“მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე”

31 მაისი, 2013 • 3508
“მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე”

ამ დღის აღნიშვნით აქცენტი თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკებზე და იმ ძირითად ღონისძიებებზე კეთდება, რაც თამბაქოს მოხმარების შემცირების მიზნით უნდა განხორციელდეს.

 

თამბაქოს კონტროლის ღონისძიებათა გაძლიერების მიზნით 2013 წელს, საქართველოს მთავრობის #58 დადგენილებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავდა თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია, ხუთწლიანი ეროვნული სამოქმედო გეგმა და სახელმწიფო პროგრამა, რაც ემყარება შემდეგ სახელმძღვანელო პრინციპებს: სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, პრიორიტეტად აღიაროს მოქალაქეთა ჯანმრთელობა და ადამიანის სიცოცხლის დაცვა; არამწეველობის ნორმად აღიარება და თითოეული მოქალაქის უფლების ცნობა თამბაქოს კვამლისგან თავისუფალ ჰაერზე და თამბაქოს მეორადი კვამლის მავნე ზემოქმედებისგან დაცულობაზე; თამბაქოს მოხმარების გავრცელების მყარი ყოველწლიური შემცირების ხელშეწყობა საზოგადოების ყველა სექტორში.

 

მოქალაქეთა ჯგუფმა უკვე შექმნა პეტიცია, რომლის შესაბამისად ისინი მოითხოვენ: შეიქმნას თამბაქოსაგან 100%–ით თავისუფალი გარემო სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში; აიკრძალოს თამბაქოს მოხმარება: სამუშაო ადგილებში, რესტორნებსა და კაფეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ყველა სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში; გარდა ამისა, “სრულად აიკრძალოს თამბაქოს ნაწარმის პირდაპირი და არაპირდაპირი რეკლამა, პროპაგანდა, სპონსორობა: რადიო-ტელევიზიით, ბეჭდვითი და სხვა მედიასაშუალებებით, მათ შორის, ინტერნეტით. ყველა სახის სახალხო ღონისძიებზე (ფესტივალები, სპორტული შეჯიბრებები, სასკოლო ღონისძიებები, ბაზრობები, კონცერტები და ა.შ.) თამბაქოს პროდუქტების ისეთი გზით პოპულარიზაცია, რომელიც არის მცდარი, შეცდომაში შემყვანი და იმის ალბათობის მატარებელი, რომ შექმნას ცრუ წარმოდგენა თამბაქოს პროდუქტების მახასიათებლების, ჯანმრთელობის რისკების, ზეგავლენის ან გამონაბოლქვის შესახებ; თამბაქოს პროდუქციის შეძენის პირდაპირი წახალისებისთვის;

 

“მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე” აღსანიშნავად რამდენიმე დღეა თბილისში სხვადასხვა ტიპის აქცია და ფლეშმობი ტარდება.

დღეს, 31 მაისს თავისუფლების მოედანზე ჩატარდება მსვლელობა ტრანსპარანტებით, ბანერებით, გასაბერი ბუშტებით. მსვლელობის ფარგლებში მოეწყობა ე.წ. „ფლეშ მობი“, თბილისის ქუჩებში. 


– “იმსათვის, რომ ავღნიშნოთ „მსოფლიო თამბაქოს გარეშე დღე“, გავზარდოთ ადამიანების ცნობიერება თამბაქოს მეორადი კვამლის მავნებლობის შესახებ, მხარს ვუჭერთ თამბაქოს მოხმარების აკრძალვას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში” – აცხადებენ დღევანდელი აქციის ინიციატორები თავის მიმართვაში.


თავისუფლებაზე შეკრებილი აქციის მონაწილეები “თბილისის ქუჩებში გაანიავებენ სიგარეტის კვამლით გაჟღენთილ ტანსაცმელს”.


ასევე მაიაკოვსკის ძეგლიდან გავა ველოსიპედისტთა (ძირითადად მოყვარულები) ჯგუფი მცხეთის ჯვრის მონასტერისკენ. ველოგარბენის ორგანიზატორები არიან: შვეიცარიის განვითარების სააგენტოს კურსდამთავრებულთა საბჭო (კაბირ), დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი,  თამბაქოს კონტროლის ალიანსი, ველომაღაზია ველოპლუსი და ველოსიპედის მოყვარულები.

 

თამბაქოს მოხმარება სიკვდილის ერთ–ერთი ძირითადი მიზეზია, რომლის პრევენცია შესაძლებელია. ამჟამად თამბაქოს მოხმარება ათიდან ერთი ზრდასრული ადამიანის გარდაცვალების მიზეზს წარმოადგენს. 

 

ყოველწლიურად მსოფლიოში თამბაქოს მოხმარების ეპიდემია იწვევს 6 მილიონი ადამიანის სიკვდილს, მათგან 600 000 ადამიანი პასიური მწეველია და თამბაქოს მეორადი კვამლის ზემოქმედების შედეგად იღუპება. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება ადეკვატური ზომები მიღებული, 2030 წლისთვის ეპიდემიის შედეგად გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვი 8 მილიონს მიაღწევს, მათგან 80% იქნება საშუალო და დაბალი შემოსავლების ქვეყნებიდან. თუ მსგავსი ტენდენცია გაგრძელდება, 21–ე საუკუნეში თამბაქოს მოხმარება სავარაუდოდ  1 მილიარდამდე ადამიანის სიკვდილს გამოიწვევს.

 

თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (WHO FCTC) თანახმად, ამ შეთანხმების ყველა მონაწილე მხარემ  უნდა უზრუნველყოს თამბაქოს რეკლამის, პოპულარიზაციისა და სპონსორობის სრული აკრძალვა. სტატისტიკა მოწმობს, რომ იგი წარმოადგენს ერთ–ერთ ყველაზე ხარჯთეფექტურ საშუალებას თამბაქოზე მოთხოვნის შესამცირებლად.   

 

საქართველოში თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გაუმჯობესების მიზნით საერთაშორისო და ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად და თამბაქოსთან ბრძოლის ფართომასშტაბიანი მოძრაობის (კამპანიის) დასაწყებად საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 15 მარტს მიიღო  კონტროლის ღონისძიებათა გაძლიერების შესახებ საქართველოს მთავრობის #58 დადგენილება,  რომელიც გულისხმობს თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო კომისიის შექმნას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით. კომისიის ძირითადი ამოცანაა თამბაქოს კონტროლის გრძელვადიანი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება და მთელი რიგი ცვლილებების დავალება სხვადასხვა უწყებებისა და სექტორებისთვის თამბაქოს კონტროლის გაძლიერების კუთხით, რათა მიღწეულ იქნეს ქვეყანაში თამბაქოთი გამოწვეული ტვირთის შემსუბუქება და სიკვდილობის შემცირება.

მასალების გადაბეჭდვის წესი