როგორც გოგალაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სამინისტრომ გუშინ მიიღო ინფორმაცია და გუშინვე ადგილზე ინსპექტორები გააგზავნა.
“მიმდინარეობს გზის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები. კანონმდებლობით ასეთი საქმიანობა გარემოზე ზემოქმედების ნებართვას არ მოითხოვს და ეს ჩვენთან შეთანხმებული არ ყოფილა, თუმცა ადგილზე ჩასული ინსპექტორები სწორედ ამას სწავლობენ, ეს ხომ არ არის ექსპლუატაციის პირობების შეცვლა, რაც უკვე ნებართვას საჭიროებდა. ჩვენ გამოვითხოვეთ საბუთები საგზაო დეპარტამენტიდან, ასევე ხდება დაცული ტერიტირიებიდან ყველა დოკუმენტის გადახედვა, სადმე ხომ არ იკვეთებოდა ეს ადგილი და ამის შემდეგ ორ–სამ დღეში ზუსტად გვეცოდინება, რომ ეს იყო უნებართვი საქმინობა, თუ იმპროექტის ფარგლებში მიმდინარეობდა, რომელიც საგზაო დეპარტამენტთან იყო სეთანხმებული და რა სახის გადაცდომებბს ჰქონდა ადგილი საერთოდ. შესწავლის შემდეგ “, – განაცხადა გოგალაძემ.

კომენტარი ამ საკითხზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტური მინისტრმა დავით ნარმანიამაც გააკეთა. მისი თქმით, ამ საკითხს გარემოს დაცვის სამინისტროს ექსპერტები სწავლობენ და მომზადდება დასკვნა, რომლის მიხედვითაც რეაგირება მოხდება. ნარმანიას თქმით, ასევე შექმნილია მუშა-ჯგუფი, რომელიც დაადგენს თუ რამ გამოიწვია დაზიანება და შეიძლებოდა თუ არა ისე მუშაობა, რომ ეს არ მომხდარიყო.
“იქ არსებული რთული რელიეფური პირობებიდან გამომდინარე სხვა მონაკვეთი არ არსებობს, სადაც გაკეთდებოდა ალტერნატიული გზა. იქ არის გვირაბი, რომელიც წლების განმავლობაში მოუვლელი იყო და ზამთრის განმავლობაში მოძრაობა შეუძლებელი იყო. ამიტომ ჩვენ მივიღეთ გვირაბის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება. გვირაბი იმ 200-კმ-იანი გზის ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ. ეს გზა ბოლოს 1991 წელს გაკეთდა. სამშენებლო კომპანიამ, რომელიც ჩვენი კონტრაქტორია, მოხსნა ერთი ფენა, რაც იყო გვირაბის ზევით და მანქანების მოძრაობისთვის, რათა იქ რეალურად დაეწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები”, – განაცხადა ნარმანიამ.
მისივე თქმით, კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ ხარვეზი გასწორებული იქნება.
გვირაბის რეაბილიტაციის სამუშაოების გამო გუდაური–კობის მონაკვეთზე დაზიანდა ტრავერტინები, მჟავე წყლების მთა.
როგორც “ნეტგაზეთს” არასამთავრობო ორგანიზაცია “სტეფანწმინდა”–ს წარმომადგენელმა შოთა ბუჩუკურმა განუცხადა, მჟავე წყლებთან გზის გაყვანა მშენებლებმა რამდენიმე დღის წინ დაიწყეს, დღეისათვის კი მნიშნელოვანი ტერიტორიაა დაზიანებული. ფოტოები, რომელიც შოთა ბუჩუკურმა “ფეისბუქში” გამოაქვეყნა, რამდენიმე დღის წინაა გადაღებული. როგორც თავად ამბობს, დაზიანების მასშტაბები მას შემდეგ გაიზარდა.
კობი–გუდაურის გზის რეაბილიტაციის პროექტი უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, რომელიც 2013 წლის ბოლომე უნდა დასრულდეს. საგზაო სამუშაოებს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ახორციელებს, ხოლო გვირაბების რეაბილიტაციაზე მუშაობს შპს “მამისონი”.