ახალი ამბები

შსს ამნისტიას სთავაზობს ფარული ვიდეომასალების ასლების მფლობელებს

30 მაისი, 2013 • • 1021
შსს ამნისტიას სთავაზობს ფარული ვიდეომასალების ასლების მფლობელებს

ეს განცხადება მან ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ევროპული პოლიტიკის ცენტრში გამართულ საჯარო შეხვედრა-დისკუსიაზე გააკეთა.

“მინდა შეგახსენოთ, რომ როდესაც ვსაუბრობთ პერსონალური მონაცემების დაცვაზე და არქივზე, რომელიც დაგვხვდა შსს–ში, ჩვენთვის სამარცხვინო ფაქტია, რა თქმა უნდა. მე აქ არ ვარ იმისთვის, რომ წინა მთავრობა ვაკრიტიკო, მაგრამ ეს არქივი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ მუშაობდა წინა ხელისუფლება და რა სახის მეთოდების გამოყენება ხდებოდა ხალხის წინააღმდეგ, არამხოლოდ ოპოზიციის, არამედ საკუთარი გუნდის წევრების წინააღმდეგაც კი. ეს ჩვენი დიდი სირცხვილია. ჩვენ გვსურს, რომ გავანადგუროთ ეს არქივი, დიდი ალბათობით ეს მოხდება ორშაბათს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებლად მოხდება მომდევნო კვირის განმავლობაში. ჩვენ მოვილაპარაკეთ სახალხო დამცველის ოფისთან ერთად, რომ ეს არქივი განდაგურდება”, – განაცხადა მინისტრმა.

 

როგორც “ნეტგაზეთს” სახალხო დამცველის აპარატში განუცხადეს, ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი ამ დროისთვის ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება. უცნობია შეთანხმებულია თუ არა მასთან ზემოხსენებული არქივის განადგურების საკითხი. როგორც აპარატში ამბობენ, იმ შემთხვევაში, თუ ისინი ომბუდსმენს დაუკავშირდებიან და იგი ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებას მოისურვებს, ამ ინფორმაციას დღის განმავლობაში მოგვაწვდიან.

 

არქივის განადგურების თაობაზე 20 მაისს ისაუბრა შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამაც, თუმცა მან ვერ დააკონკრეტა თუ რა პროცედურის მიხედვით მოხდება ამ მასალის განადგურება, ეს არც ღარიბაშვილს დაუკონკრეტებია ბრიუსელში სიტყვით გამოსვლის დროს.

 

შს მინისტრი იმ ადამიანებს, ვისაც უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერების ასლები გააჩნია, თანამშრომლობის სანაცვლოდ კი ამნისტიას სთავაზობს:

 

“ჩვენ გვსურს შევთავაზოთ ამნისტია ყველას, ვისაც ამ უკანონოდ გაკეთებული ვიდეო–აუდიო ჩანაწერების ასლები გააჩნია. მათ ერთი თვის განმავლობაში უნდა გადმოგვიგზავნონ ჩვენ ეს, ან თუ ისინი ამას არ გააკეთებენ და ჩვენ ამას გამოვავლენთ, ჩვენ მათ კანონის შესაბამისად დავსჯით”.

 

შსს–ს პრესსამსახურის ცნობით, ბრიუსელში გამართული აღნიშნული შეხვედრის თემა იყო საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება, პოლიციისა და იუსტიციის სისტემაში მიმდინარე რეფორმები, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა, ასევე, მიგრაციისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხები. შეხვედრა გაიმართა ფონდში „ღია საზოგადოება”, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ დიპლომატიური კურპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა”, საერთაშორისო კრიზისის ჯგუფი და სხვები.

მასალების გადაბეჭდვის წესი