„2009 წელს რამდენიმე უნივერსიტეტში ერთდროულად შევიდა სოდ–ი, მათ შორის ერთ–ერთი იყო „იბერია“. უმაღლესი სასწავლებლებიდან ამოიღეს
დოკუმენტაცია და დაილუქა უნივერსიტეტი. სოდ–ის მხრიდან იყო მუქარა, რომ თუ არ გადაიხდით თანხას, 200 000 დოლარს, ჩვენ არ დაგიბრუნებთ დოკუმენტებს და ვერ შეიტანთ განაცხადს აკრედიტაციაზე. მათ თქვეს, რომ 200 ათასი დოლარი ნაციონალური მოძრაობის ანგარიშზე უნდა ჩარიცხულიყო ორ ეტაპად“, – განაცხადა დავით ჩიტაიამ დღეს, 29 მაისს, „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში“ გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, ეს მნიშვნელოვანი შეფერხება იყო სასწავლებლისთვის, რადგან აკრედიტაციის მისაღებად აუცილებლად სჭირდებოდა დოკუმენტები.
დავით ჩიტაია ამტკიცებს, რომ მან სოდ–ის თანამშრომლები დაითანხმა, რომ მხოლდ ნაწილის, 70 000 აშშ დოლარის გადახდას შეძლებდა, დანარჩენ თანხას კი 1 წელიწადში დაფარავდა. როგორც თავად ამბობს, ეს თანხა კონკრეტულ პირებს ხელზე, ნაღდ ფულად გადასცა, რის შემდეგაც დოკუმენტაცია დაუბრუნეს.
როგორც დავით ჩიტაია ამბობს, მას მერაბიშვილის მოადგილე ამირან მესხელის სახელით გამოსძალეს ფული, მოგვიანებით კი, საერთო ნაცნობმა მას უთხრა, რომ იცნობდა მერაბიშვილის სიმამრს, რომელიც მას პრობლემების მოგვარებაში დაეხმარებოდა. ჩიტაიას თქმით, პროკურატურა ინფორმირებულია ყველა შუამავლისა და მოწმის ვინაობის შესახებ, ასევე ყოფილი სოდ–ის იმ თანამშრომლების შესახებაც, რომლებიც შანტაჟში მონაწილეობდნენ.
„მერაბიშვილის სიმამრს, ალიბეგ სალაყაიას სამჯერ შევხდვი უშუალოდ. სამი პიროვნება იყო, ვისი საშუალებითაც ჩვენ ვურთიერთობდით და მათი ვინაობა ცნობილია გამოძიებისთვის. მათთვის ასევე ცნობილია იმ პირების ვინაობა, ვინც ამირან მესხელის სახელით მოდიოდნენ ჩემთან და მძალავდნენ ფულს.
სალაყაიამ დამიწყო შანტაჟი, რომ თუ ნაციონალებს 130 ათასს არ გადავუხდიდი, გლდანისკენ გზა ხსნილი მექნებოდა, რომ ნარკოტიკს და იარაღს ჩამიდებდა და ა.შ“, – აცხადებს დავით ჩიტაია და ამბობს, რომ პრობლემების მოსაგვარებლად ალიბეგ სალაყაიას 51 000 აშშ დოლარი გადაუხადა. მისივე თქმით, სალაყაიასთან შეხვედრებისა და მუქარის მოწმეა მისი მძღოლი ხვიჩა ცერცვაძე, რომელსაც „ნეტგაზეთი“ ჩიტაიას მოწოდებულ სატელეფონო ნომერზე დაუკავშირდა. ცერცვაძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ მან სამჯერ მიიყვანა დავით ჩიტაია ალიბეგ სალაყაიასთან შეხვედრაზე, ბოლო შეხვედრა კი დაახლოებით 3 წლის წინ შედგა არამიანცის საავადმყოფოს ეზოში. როგორც ხვიჩა ცერცვაძე იხსენებს, მან მოისმინა თუ როგორ ემუქრებოდა ალიბეგ სალაყაია დავით ჩიტაიას.
დავით ჩიტაიას ინფორმაციით, ის 2009–2012 წლებში 3 თვიანი ინტერვალებით სულ 3–ჯერ დააკავეს და ბრალი 4–ჯერ წაუყენეს თაღლითობის მუხლთან დაკავშირებით, რომელსაც ჩიტაია უსაფუძვლოს უწოდებს. როგორც თავად ამბობს, პატიმრობისგან თავდასაღწევად მან ჯამში 440 000 ლარი გადაიხადა საპროცესო შეთანხმებით, ხოლო ამის გარეშე გამოძალულმა თანხამ კი 165 000 აშშ დოლარი შეადგინა.
ჩიტაიას ცნობით, აღნიშნულ თანხაში იგულისხმება მისი დაკავებისას კაბინეტიდან ამოღებული 17 000 აშშ დოლარი და ავტომობილ „ჰიუნდაი ტუკსონშ“ გადახდილი თანხა, რომლის ჩუქება შსს–სთვის აიძულეს ჩიტაიას ცოლს.
დავით ჩიტაია მერაბიშვილის სიმამრისა და ყოფილი მოადგილის გარდა ასევე ითხოვს ყოფილი საოლქო პროკურორის მიხეილ აბულაძის დასჯასაც, რომელმაც, ჩიტაიას აზრით, მას უკანონოდ გადაახდევინა საპროცესო შეთანხმებისათვის ასეულ ათასობით ლარი.
დავით ჩიტაია ამბობს, რომ მის მიმართ წარმოებული კამპანიის შედეგად, დაიხურა უნივერსიტეტი „იბერია“, ზარალმა კი 2.1 მილიონი ლარი შეადგინა. ის ამტკიცებს, რომ მის მიმართ ჩადენილი ყველა სავარაუდო დანაშაულის შესახებ ინფორმაცია პროკურატურას დეტალურად მიაწოდა და ელოდება, როდის დაიწყება გამოძიება.
ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე ამირან მესხელი 2012 წლის შემდგომიდან საქართველოში არ იმყოფება, ალიბეგ სალაყაიას კი „ნეტგაზეთი“ ჯერჯერობით ვერ დაუკავშირდა, რის გამოც მასალა საპირისპირო პოზიციის გარეშე ქვეყნდება. ალიბეგ სალაყაიასთან დაკავშირებისთანავე „ნეტგაზეთი“ შემოგთავაზებთ მის პოზიციას აღნიშნულ ბრალდებებზე.