პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი ძაგნიძის თქმით, პრეზიდენტის მოტვირებული შენიშვნები ეხება  კანონპროექტის ძალაში შესვლის ვადასა და დაცვის საკითხს:

 

„საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებით კანონპრექტი უკან დაუბრუნდა. შენიშვნები შეეხება 2 საკითხს. პირველ რიგში, ეს გახლავთ დაცვის მხარისთვის მინიჭებული უფლებამოსილებები, რომელიც საგამოძიებო მოქმედებებს გულისხმობს, ამ ნორმების ამოქმედების ვადად პარლამენტმა მიუთითა 2014 წლის სექტემბერი და ჩვენი შემოთავაზებაა, ამოქმედების ვადა განისაზღვროს მიმდინარე წლის სექტემბრის თვით.

 

მეორე საკითხი გახლავთ მტკიცებულებათა საკითხი. დღეს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დაცვის მხარეს ეკრძალება, რომ ისეთი მტკიცებულება, რომელიც არსებითია საქმისთვის და შეიძლება გამამართლებელი განაჩენი დადგეს ამ მტკიცებულების წარდგენის შემთვევაში, შეინარჩუნოს გაცვლის ეტაპზე. პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტით ეს უფლება უქმდებოდა. ჩვენი შემოთავაზებაა და მოტივირებული შენიშვნები გულისხმობს აღნიშნული უფლების შენარჩუნებას დაცვის მხარისათვის. სხვა მხრივ, შენიშვნები არ არის. ეს არის 2 მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ასევე თავიანთი შენიშვნები და თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს ადვოკატთა ასოციაციაციამ თუ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა.“

 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ კომიტეტები აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებენ:

 

“პრეზიდენტმა შენიშვნები დაგვიბრუნა, ჩვენ ვალდებულები ვართ გავიაროთ ეს შენიშვნები. ადამიანის უფლებათა და იურიდიულ კომიტეტებს დაეწერა ეს საკითხები. კომიტეტები იმუშავებენ. ვადა გვაქვს 15 დღე. ამ ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ან გავიზიარებთ ამ შენიშვნებს, ხოლო თუ არ გაიზიარებს პარლამენტი, მაშინ უნდა დაიძლიოს ეს ვეტო. ამის პრაქტიკა უკვე არსებობს, თუმცა აუცილებელია ამ შენიშვნებზე მსჯელობა და დისკუსია. უნდა ვთქვათ თუ რატომ, რა მიზნით, რა საფუძველზე თქვა უარი პრეზიდენტმა ხელმოწერაზე. მეტს ვერაფერს გეტყვით, უნდა გავეცნოთ შენიშვნებს იმიტომ, რომ მხოლოდ ახლა გახდა ჩემთვის ცნობილი, ვნახავთ, გავეცნობით, იმსჯელებენ კომიტეტები და ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება ცნობილი.”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *