ახალი ამბები

შუალედურ არჩევნებში გამაჯვებული დეპუტატები პარლამენტის ადგილმდებარეობაზე

28 მაისი, 2013 • • 960
შუალედურ არჩევნებში გამაჯვებული დეპუტატები პარლამენტის ადგილმდებარეობაზე

ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კიკნაველიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტი დედაქალაქში უნდა იყოს:

 

“პარლამენტი უნდა იყოს დედაქალაქში, იქ, სადაც ფუნქციონირებს მთავრობა და მასში შემავალი სამინისტროები, იმიტომ რომ პარლამენტის მთავარი ფუნქცია, გარდა კანონმდებლობისა, არის, ასევე, კონტროლი აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის, რაც შეუძლებელია, თუ არ იქნა ეფექტური კომუნიკაცია აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პარლამეტს შორის.”

 

ანალოგიური მოსაზრება აქვს სამტრედიის მაჟორიტარ დეპუტატს გიორგი კახიანს. მისი თქმით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ ქუთაისში პარლამენტის ფუნქციონირებას პრობლემა ექმნება:

 

“ის, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები ერთ ქალაქშია, საკანონმდებლო ორგანო მეორე ქალაქში, ეს რა თქმა უნდა ფუნქციონირების თვალსაზრისით პრობლემებს ქმნის, ამიტომ მე ვთვლი, რომ მიზანშეწონილია, ეს იყოს ერთ ქალაქში და ამ შემთხვევაში ეს მოსახერხებელი იქნება მხოლოდ თბილისში. 

 

ნაძალადევის მაჟორიტარი თამარ კორძაია აცხადებს, რომ პარლამენტი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს:

 

“მე ვთვლი, რომ პარლამენტი უნდა იყოს ისეთ ადგილზე, სადაც ადამიანები მოვლენ უფრო იოლად პარლამენტში და პარლამენტი იქნება ხმაურიანი ადგილი, მხედველობაში მაქვს, რომ სიცოცხლე იქნება ამ პარლამენტში. სამწუხაროდ, მე როგორც პარლამენტის ახალი წევრი, ვხედავ ერთ რამეს, რომ აქ მოქალაქეები ვერ აღწევენ, ვერ მოდიან. ანუ პარლამენტი ჩანს, რომ არ არის თავისი ქვეყნის მოქალაქეებთან ახლოს და ეს ყველაზე ცუდია, რაც  შეიძლება საერთოდ საპარლამენტო ცხოვრებაში ხდებოდეს.”

 

კითხვაზე, ამიტომ პარლამენტი თბილისში უნდა იყოს? – დეპუტატი პასუხობს:

 

“მე ვთვლი, რომ არა მხოლოდ ამიტომ. მეორე ის არის, რომ პარლამენტს ინტენსიური მუშაობა უწევს საქართველოს მთავრობასთან და ის ყოველდღიურ შეხებაშია თითქმის საქართველოს მთავრობასთან და შეუძლებელია ამ რეჟიმში… და რაც მთავარია ძალიან არაეკონომიურია ეს პროექტი. საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე გვიწევს აქ ცხოვრება, ვისაც საკუთრებაში ბინა არ გვაქვს ქირის გადახდა და ა.შ. ეს არის ძალიან დიდი ხარჯი ისევ და ისევ საქართველოს მოქალაქეების მიერ გასაღები.”

მასალების გადაბეჭდვის წესი