ახალი ამბებიკომენტარი

რატომ არის OGP იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს

26 სექტემბერი, 2017 • 5865
რატომ არის OGP იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს

საქართველო საერთაშორისო პლატფორმის – „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) თავმჯდომარე გახდა. რა არის OGP და რას ნიშნავს ეს ფაქტი საქართველოსთვის? ამ საკითხებზე ჟურნალისტებისთვის კონფერენცია გამართა ფონდმა ღია საზოგადოება – საქართველომ. კონფერენციის შემდეგ ნეტგაზეთი IDFI-ის წარმომადგენელ ლევან ავალიშვილს ესაუბრა.

ვისი ინიციატივით შეიქმნა OGP და რატომ?

OGP 2011 წელს შეიქმნა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და ბრაზილიის პრეზიდენტის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში. მიზანი ხელისუფლებისადმი ნდობის დაბრუნება იყო. OGP-ის შექმნა მსოფლიოში არსებულ ეკონომიკურ კრიზისს დაემთხვა, რომლის ერთ-ერთი ფაქტორი იყო ხელისუფლების რეფორმების მიმართ მოსახლეობის ნდობის შემცირება. ნდობის ამაღლების ერთადერთი გზა არის ის, რომ ხელისუფლება იყოს ღია, დიალოგის მომხრე, მოსახლეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართოს და საკუთარი მმართველობა გამჭვირვალე გახადოს. ამ ინიციატივას ძალიან ბევრი ქვეყანა შეუერთდა, მათ შორის- საქართველო. მას შემდეგ საკმაოდ რთული და გრძელი გზა განვლო ჩვენმა ქვეყანამ იმ წარმატებამდე, რასაც ახლა მივაღწიეთ, როცა ამ საერთაშორისო პლატფორმის თავმჯდომარეები გავხდით ერთი წლით და დიდი პასუხისმგებლობაც ავიღეთ მთელი მსოფლიოს წინაშე.

ეს მხოლოდ ხელისუფლების დამსახურება არ არის, ხომ? რა მექანიზმით მუშაობს ქვეყანა OGP-ში და როგორია არასამთავრობო სექტორის როლი ამ პროცესში?

OGP-ის უნიკალურობა ის არის, რომ ის  სამოქალაქო სექტორისა და ხელისუფლების თანამშრომლობით იქმნება. ეს აუცილებელი  კომპონენტი და მთავარი პრინციპია. შეიძლება არასამთავრობოებს რაღაც არ მოსწონდეთ ხელისუფლების საქმიანობაში, ან პირიქით, ხელისუფლებას ჰქონდეს პრობლემები NGO-ებთან, მაგრამ ის სამოქმედო გეგმები, რაც ამ 70 ქვეყანაში იწერება, სწორედ ამ პრინციპებზე დაყრდნობით იქმნება ორივე მხარის მონაწილეობით.

ლევან ავალიშვილი. ფოტო: IDFI

ლევან ავალიშვილი. ფოტო: IDFI

სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული მიდგომა არსებობს. საქართველოში ძალიან კარგი პრაქტიკა მუშაობს, რომელიც ბევრ ქვეყანას არ აქვს და მისაბაძი მაგალითია, ჩემი აზრით. იუსტიციის სამინისტროში არსებობს OGP-ის საკოორდინაციო მექანიზმი, რომელშიც ერთად ვმონაწილეობთ სახელმწიფო უწყებები და არასამთავრობო სექტორი. საუბარია სამოქმედო გეგმის შექმნის, მონიტორინგისა და აღსრულების პროცესზე. აქ ჩართულია სხვადასხვა უწყება, სასამართლო ხელისუფლება,  აუდიტის სამსახური, სხვადასხვა სამინისტრო და ა.შ.

გადაწყვეტილებები, თუ რა ტიპის ვალდებულებებს აიღებს ქვეყანა, რა პრინციპით მიიღება, ფორუმში ხმების უმრავლესობით?

ეს კონსენსუსის გზით ხდება, დებატების და განხილვების ფარგლებში.

ფორუმი მაინც არ არის ის საბოლოო ინსტანცია, რომელიც სამოქმედო გეგმას ამტკიცებს. ამაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აქვს.

ჩვენი რეკომენდაცია ყოველთვის არ გადის ხოლმე, მაგრამ პრაქტიკიდან გამომდინარენ შემიძლია გითხრათ, რომ რეკომენდაციების 79-80 პროცენტი სამოქმედო გეგმაში აისახება ხოლმე.

როცა სამოქმედო  გეგმა დამტკიცდება, შემდეგ ფორუმი იბარებს ანგარიშებს პასუხისმგებელი უწყებებისგან.

სამწუხაროდ, ისეც ხდება, რომ ყველა ვალდებულება, რომელსაც ხელისუფლება იღებს, ყოველთვის არ სრულდება, მიუხედავად იმისა, რომ მათივე დადგენილებით არის ეს ვალდებულება განსაზღვრული.

რა ტიპის სანქცირების მექანიზმი არსებობს OGP-ში აღებული ვალდებულების შეუსრულებლობაზე, თუ ეს უფრო რეპუტაციასთან დაკავშირებული საკითხია?

დიახ. პირველ რიგში, ეგ არის [რეპუტაციის საქმე], მაგრამ სანქცირების მექანიზმიც არსებობს. სამოქმედო გეგმების არშესრულებისთვის ქვეყანას უჩერდება წევრობა, ეძლევა დრო და თუ არ გამოასწორებს, არის შანსი, რომ გარიცხონ. ასეთი სანქცია ამოქმედდა აზერბაიჯანის მიმართ, რომელსაც შეჩერებული აქვს სტატუსი იმის გამო, რომ არ შეასრულა ვალდებულებები. ასევე, ბევრი სხვა პრობლემაც ჰქონდა.

გადაწყვეტილების მიღების ძირითადი მექანიზმი OGP-ის  მმართველი საბჭოა, რომელიც ვაშინგტონშია განლაგებული.

საქართველოსთვის რა უშუალო სარგებელი აქვს მოტანილი OGP-ს, იმავე გამჭვირვალობის თვალსაზრისით?

სწორედ OGP-ის ფარგლებში [აღებული ვალდებულების საფუძველზე] დაიწყეს სახელმწიფო შპს-ების ხელმძღვანელებმა დეკლარაციების გამოქვეყნება, რაც ადრე არ ხდებოდა. სწორედ OGP-ში გატანილი ვალდებულების საფუძველზე შეიცვალა კანონმდებლობა.

OGP-ის ფარგლებში განხორციელებული რეფორმის საფუძველზე დღეს სახელმწიფო უწყებები ვალდებული არიან, რომ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის  წერილებს ელექტრონულად უპასუხონ.

ამავე ინიციატივის ფარგლებში მოხერხდა ის, რომ ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში გაჩნდა ჩანაწერი, რომლითაც ყველა საჯარო დაწესებულება ვალდებულია, გარკვეული ტიპის ფინანსური ინფორმაცია გამჭვირვალობისთვის საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს, რაც ადრე არ ხდებოდა. პროაქტიული გამოქვეყნება სწორედ OGP-ის ფარგლებში დაინერგა.

ასევე შეიქმნა ღია მონაცემების ერთიანი ელექტრონული პორტალი (Data.gov.ge, რომელიც ამჟამად შეფერხებით მუშაობს), სადაც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი მსურველისთვის. აქ მხოლოდ ფინანსურ ინფორმაციაზე არ არის საუბარი,  შეიძლება იყოს სტატისტიკა, ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი მონაცემები. ეროვნული ბანკია ამ სისტემის ყველაზე აქტიური გამომყენებელი და საკმაოდ მნიშვნელოვან მონაცემებს აქვეყნებს ხოლმე.

ასევე მოხერხდა ის, რომ მიმდინარე წლიდან ამოქმედდა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემა, რაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არ არის გავრცელებული. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ანტიკორუფციული მექანიზმია. იმედია, რომ კარგად დაინერგება. ჯერ პირველი ეტაპია და იმედია, აღმოიფხვრება ის პრობლემები, რომლებიც ყოველთვის არსებობდა, როდესაც არასამთავრობოების, ჟურნალისტებისა და მოქალაქეების მიერ აღმოჩენილი შეუსაბამობები რეაგირების გარეშე რჩებოდა.

ის, რომ მოსმენების სტატისტიკა ქვეყნდება ღიად და საჯაროდ [სასამართლოს მიერ], ეს მართლაც უნიკალური შემთხვევაა ამ 70 ქვეყანას შორის. ეს არ არის იმისთვის, რომ ვინმეს ვაჩვენოთ. ეს ჩვენ გვჭირდება იქიდან გამომდინარე, რომ იცით, მოსმენებზე რა პრობლემებიცაა. ჩვენ გვჭირდება ის, რომ ხელისუფლება ვაკონტროლოთ და ამიტომ გაგვაქვს ასეთი ინიციატივები ამ ფორუმის ფარგლებში. თუმცა ხელისუფლების ნებაც, რომ ასეთი რამ ყოფილიყო, ადვილი მისაღწევი არ არის. გარკვეულწილად შეგვიძლია ვიამაყოთ კიდეც იმ მიღწევებით, რომლებიც კარგი მმართველობის კუთხით განხორციელდა. სრულყოფილი არ არის, მაგრამ ეს პროცესი გრძელდებოდა, ჩაკეტილი არ არის.

მხოლოდ ღიაობასა და გამჭვირვალე მმართველობაზე აქცენტის გაკეთება სწორი არ იქნებოდა იმიტომ, რომ OGP ბევრ სხვადასხვა სფეროს მოიცავს: სოციალურსაც, ეკონომიკურსაც და მთლიანობაში უკეთესი მმართველობისაკენ არის მიმართული. იგივე სოფლის საზოგადოებრივი ცენტრები, რომლებიც საქართველოში იხსნება, OGP-ის ნაწილია და ის სერვისები, რაც რეგიონებში არ იყო ხელმისაწვდომი, ვგულისხმობ ინტერნეტის არასათანადო გავრცელებას, რაღაც დონეზე შეივსება. იმედია, რომ მოქალაქეები ამ ცენტრებში შეძლებენ მიიღონ ის სერვისები, რისთვისაც ცენტრში უწევდათ წასვლა და თანხის დახარჯვა.

თქვენ წარუმატებლობაც ახსენეთ, რა ვალდებულებები არ შეასრულა ამ დრომდე ხელისუფლებამ? აქ ალბათ უნდა ვახსენოთ ინფორმაციის თავისუფლების ახალი კანონი, რომელიც ამ დრომდე არ არის მიღებული…

პრობლემები არსებობს. ჩვენ ყოველ წელს დამოუკიდებლად ვაქვეყნებთ ანგარიშებს, რომლითაც ვაფასებთ არსებულ რეალობას და იმ ვალდებულებებს, რომლებიც არ სრულდება და მოვუწოდებთ ხოლმე ხელისუფლებას, რომ გადაიჭრას ეს პრობლემები.

შეგიძლიათ ჩამოთვალოთ?

მაგალითად, წინა (2014-2015 წლების) სამოქმედო გეგმაში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონის მიღება ეწერა… ეს ვალდებულება ვერ შესრულდა და შემდეგ ახალ სამოქმედო გეგმაში გადმოვიდა. ვადა დეკემბრამდე აქვს ხელისუფლებას.

პეტიციების ელექტრონული სისტემა, რომელიც ასევე იყო სამოქმედო გეგმის ნაწილი, მაგრამ ამოქმედებული არ არის.

მაგალითად, შსს-ს ვალდებულება, რომ შეექმნა კრიმინალის სტატისტიკის ინტერაქტიული რუკა, რომელიც არც წინა სამოქმედო გეგმაში შესრულდა და  ახალ გეგმაშიც აღარ გადმოიტანეს, ანუ ვალდებულება აღარ აიღეს.

ზოგიერთი ვალდებულების არშესრულება მხოლოდ პოლიტიკურ ნებაზე არ არის დამოკიდებული. მაგალითად, ციფრული ხელმოწერის დანერგვა ფიზიკურად ვერ მოესწრო. ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით მთავრობას, საჯარო დაწესებულებებს, რომ ჩავდოთ რეალური ვალდებულებები, რომლის განხორციელებაც შესაძლებელია. ხოლო თუ ვერ გააკეთებ, უნდა დაასაბუთო- რატომ. ჩვენ ამ სამოქმედო გეგმით პასუხისმგებლობას არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის წინაშე ვიღებთ, არამედ საერთაშორისო ურთიერთობებშიც, რადგან მსოფლიო გვიყურებს როგორც ლიდერ ქვეყანას ამ სფეროში და ძალიან უპასუხისმგებლობა იქნებოდა, რომ ასეთი მაღალი ამბიციების ფონზე ვალდებულება აიღო და შემდეგ ვერ გაკეთდეს.

თუმცა იმავე კრიმინალის სტატისტიკის ამბავზე, ალბათ, ვიღაცას ექნება გონივრული ეჭვი, რომ სწორედ პოლიტიკური ნების გამო ვერ ხდება მისი დანერგვა, რადგან ამ კუთხით გარკვეული პრობლემები არსებობდა და 2017 წლის განმავლობაში არათუ ციფრულ რუკას, არამედ ჩვეულებრივ რიცხვებსაც აღარ აქვეყნებს შსს თავის ვებგვერდზე.

ეს რომ პრობლემა იყო, სწორედ იმიტომ გვქონდა ამ ვალდებულების აღების რეკომენდაცია. საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა სამოქმედო გეგმა. შსს-მ ოფიციალურად აიღო ვალდებულება- არც ერთმა შეასრულა და არც მეორემ. ჩნდება კითხვა – რა არის მიზეზი? თუ წინა სამოქმედო გეგმის დროს ვერ გაკეთდა, ახალ სამოქმედო გეგმაში რატომ არ გადმოიტანეს?

ხომ არ არის საშიშროება, რომ ამის გამო OGP-ში პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, თუ უფრო დიდი პროცესი უნდა იყოს?

უფრო დიდი პროცესი უნდა იყოს. არ ვიტყვი, რომ ყველა სხვა ქვეყანას ისე აქვს აწყობილი საქმე, რომ 100%-ით ასრულებენ სამოქმედო გეგმებს. არიან საკმაოდ დემოკრატიული და წინ წასული ქვეყნები, რომლებიც იღებენ ვალდებულებებს და ვერ ასრულებენ, აქ  მხოლოდ საქართველოზე არაა საუბარი. მაგრამ ყოველთვის ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ჩვენ, პატარა ქვეყანას, ორმაგი პასუხისმგებლობა გვეკისრება, ჩვენ გაცილებით მეტი უნდა გავაკეთოთ დემოკრატიული მმართველობის კუთხით, ვიდრე იმავე გერმანიამ თუ საფრანგეთმა, რომლებსაც ამ კუთხით ისედაც ნაკლები პრობლემა აქვთ. ჩვენთვის ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

გასაგებია, რომ მოსმენების სტატისტიკა ქვეყნდება, მაგრამ უშუალოდ მოსმენები როგორ და რამდენად კანონიერად ხორციელდება, ამის შესახებაა დიდი ეჭვები. ახლა, როდესაც საქართველო არის თავმჯდომარე ქვეყანა და მასზე უფრო დიდი წნეხი არსებობს, შესაბამისად, ზეწოლის ბერკეტებიც მეტია, რეპუტაციაზე ფიქრობს და ა.შ. მინდა გკითხოთ,  მოსმენების კანონმდებლობის უკეთესად დარეგულირებისთვის უფრო მეტი შესაძლებლობა ხომ არ ჩნდება იმავე სამოქალაქო ჯგუფებისთვის, რომ აიძულონ მმართველი გუნდი,  გააკთეოს ის, რასაც მანამდე არ აკეთებდა?

ჩემი აზრით, იძულებით შედეგი არ მიიღწევა. ჩვენ არავის არაფერს ვაიძულებთ… ჩვენ ვთავაზობთ იმიტომ, რომ ეს ინიციატივები, ჩვენი აზრით, კარგი და აუცილებელია. იმედია, რომ ეს გათვალისწინებული იქნება. რა თქმა უნდა, უფრო მეტი ბერკეტი არსებობს იმისათვის, რომ ქვეყანაში უფრო რეალური და შინაარსობრივი რეფორმები განხორციელდეს და არა ქაღალდზე დაწერილი. როგორ გამოვიყენებთ ამას ჩვენ, არასამთავრობო სექტორი, და როგორ გაიაზრებს ხელისუფლება პასუხისმგებლობას, ეს გამოჩნდება.

OSGF-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზეც ითქვა, რომ ის საკითხები და სარგებელი, რომელსაც OGP ფარავს, უფრო მეტად ჟურნალისტებს, არასამთავრობოებს ეხებათ და ნაკლებ გავლენას ახდენს სხვა ჯგუფებზე, რომლებსაც შესაბამისი პროფესიული ინტერესი არ აქვთ. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ დისკუსიაზე, როგორ უნდა გახდეს OGP უფრო საყოველთაო, როგორ უნდა უპასუხოს მან სოციალურ პრობლემებს?

მე ვერ ვიტყოდი, რომ მხოლოდ ჟურნალისტებს ან არასამთავრობოებს ეხება. უბრალოდ, ღია მმართველობის შედეგის მყისიერად დანახვა  მარტივი არ არის. ის, რომ ქვეყანაში კორუფცია არ უნდა იყოს, ეს ხომ ყველას ეხება? ხანდახან რთული აღსაქმელია ის საქმიანობა, რომელსაც არასამთავრობოები ღიაობის კუთხით ეწევიან. ადამიანებისთვის უფრო პრიორიტეტულია სოციალური საკითხები, პენსია, წყალი, უშუქობა. ეს ლოგიკურია, მაგრამ ღია მმართველობასთანაა გადაბმული. თუ ნეპოტიზმს დაუშვებ, ჩაწყობილ ტენდერებს დაუშვებ, ეს ისევ მოსახლეობას დაუბრუნდება ნეგატიურად – გადასახადი გაუძვირდება, ქრთამის გადახდა მოუწევს და ა.შ. მე არ ვიტყოდი, რომ არ ეხება, მყისიერად აღქმაა რთული, თორემ დემოკრტიული მმართველობა ყველას ეხება.

თუმცა სოციალური საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ როცა რეგიონებში ვმართავთ შეხვედრებს და ვცდილობთ გავიგოთ მოსახლეობის აზრი, ბევრი საინტერესო დისკუსია იმართება ხოლმე. ძირითადი პრობლემა ფიქსირდება დასაქმება, მაგრამ რეალური პრობლემაა საჯარო სამსახურში ჩაწყობის გარეშე მოხვედრის საკითხიც თვითმმართველობის დონეზე. ბევრი იძახის, რომ კონკურსები, რომლებიც ტარდება, არის ფორმალური და ამ საკითხის გადაწყვეტა მათი ინტერესია. თუ მოსახლეობას სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობა არ აქვს, ამით ქვეყნის განვითარება ფერხდება.

OGP-ს ძალიან გრძელი მანდატიც არ აქვს. სათაურის მიხედვით ეს არის პარტნიორობა ღია, უკეთესი მმართველობისათვის, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდეს.

რაც შეეხება OGP-ის ყოველწლიურ სამიტს, რომელიც ახლა უკვე საქართველოში ჩატარდება. ვინ შეიძლება, რომ საქართველოს ეწვიოს?

OGP-ის გლობალური სამიტი წელიწადში ერთხელ იმართება. წინა სამიტი პარიზში ჩატარდა. მასში დაახლოებით 2000-3000 ადამიანი მონაწილეობს მთელი მსოფლიოდან. ჩამოდიან მსოფლიოს ლიდერები, ქვეყნების ხელმძღვანელები, მეცნიერები… საკმაოდ მაღალი დონის წარმომადგენლობითი სამიტია, სადაც სამოქალაქო სექტორი და ხელისუფლება გლობალური მასშტაბით ჯდება და ღიად საუბრობს იმ პრობლემებზე, რაც ღია მმართველობასთან დაკავშირებით არსებობს. ეს შეიძლება იყოს უკანონო მოსმენები, მონაცემების გამოქვეყნების პრობლემა, სოციალური პრობლემები და ა.შ. ეს ყველაფერი უკავშირდება ინოვაციებს, ანუ ტექნოლოგიების გამოყენებით ამ პრობლემების გადაწყვეტას,. ვნახოთ, როგორ ჩაივლის ჩვენთან. საორგანიზაციოდ საკმაოდ რთული იქნება. ძალიან მაღალი დონის წარმომადგენლობითი სამიტია.

პრეზიდენტების, პრემიერების დონეზე, ხომ?

დიახ.

შეიძლება, რომ ჩამოვიდეს მაკრონი, ტრიუდო…

შესაძლოა, წინა სამიტს ობამაც ესწრებოდა, დევიდ ქემერონიც და ა.შ. ძალიან მაღალი თანამდებობის ლიდერებზეა საუბარი. ეს არ არის რიგითი კონფერენცია. საუბარია გლობალურ სამიტზე. საქართველო მხოლოდ მასპინძელია, თორემ გლობალური პრობლემები განიხილება და არა უშუალოდ საქართველოს საკითხები.

მასალების გადაბეჭდვის წესი