ახალი ამბები

ერთი კვერცხი და ორი სოსისი – შემცირებული ულუფა ჯარში

28 მაისი, 2013 • 3536
ერთი კვერცხი და ორი სოსისი – შემცირებული ულუფა ჯარში

“ბათუმელების” რესპონდენტი, ერთ-ერთი ჯარისკაცი, უკვე იყო ავღანეთში – “სადაც ახლა ბიჭები აფეთქდნენ, იქ ვიყავი”. ამბობს, რომ ავღანეთში მეორედაც ყოველგვარი იძულების გარეშე მიდის – “ჩემს ნაწილს ხომ არ გამოვაკლდები?!”. ჯარისკაცის თქმით, ყველაზე დაბალი ხელფასი ავღანეთში წასულებისთვის ახლა უკვე 1040 დოლარია, რასაც 840 ლარიც ემატება, აქაური ჯარის ანაზღაურება. ადრე ავღანეთში წასულს ხელფასის სახით სახელმწიფო 750 დოლარს უხდიდა, რასაც 635 ლარი, ანუ აქაური ხელფასი ემატებოდა.


ჯარისკაცები, რომლებსაც “ბათუმელები” ესაუბრა, ჯარში ხელშეკრულებით მუშაობენ. ორივე საკმარისად სტაჟიანია იმისათვის, რომ არჩევნებამდე არსებული კვება, შემდგომს შეადაროს. ორი ინფორმირებული წყაროს თქმით, ჯარში კვება საგრძნობლად გაუარესდა. დაქირავებული ჯარისკაცები იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში განთავსებული ბატალიონებიდან ამბობენ, რომ საკვები თითქმის გაუნახევრეს. ჯარისკაცები ამას ელოდნენ კიდეც, მას შემდეგ, რაც ხელფასები მოუმატეს. 


“არჩევნებამდე, მაგალითად, ორ კვერცხს გვაძლევდნენ. ახლა მხოლოდ ერთი კვერცხია ულუფაში. ადრე ორ სოსისს გვაძლევდნენ და დამატებაც შეიძლებოდა, ახლა მხოლოდ ორია, დამატება არ შეიძლება. წვნიანის ულუფა განახევრდა. შემცირება არ შეხებია პურს, შეგიძლია იმდენი აიღო, რამდენიც გინდა”, – ჰყვება ჯარისკაცი, რომლის ვინაობას მისივე თხოვნით არ ვასახელებთ.


ჯარისკაცის თქმით, მენიუს შემცირების შესახებ ინფორმირებულია ყველა რანგის სამხედრო პირი. “პრეტენზიებს არ გამოვთქვამთ. არაფერი შეიცვლება და იმიტომ,” – ამბობს ის – “პირველ ეტაპზე გვქონდა ამაზე საუბარი, გვითხრეს შეცვლიანო და არ შეცვლილა არაფერი. მერე ჩვენი ნაწილის უფროსთან ამაზე არ გვისაუბრია. ოფიცრებიც ჩვენთან ერთად იკვებებიან, მაგრამ ოფიცრების ოჯახები იქვე, კორპუსებში ცხოვრობენ, ამიტომ სახლებში შეუძლიათ გადასვლა და დამატებით ჭამა”.


ჯარისკაცის თქმით, “ოთხი თვის წინ ასეთი ამბავიც იყო, – დილით ნაწილში მისულებს გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ, “კონტრაქტნიკებს”, არ უნდა გვესაუზმა. არჩევნებამდე ასე არ იყო. თუმცა, ამ მხრივ სიტუაცია ახლა უკვე გამოსწორდა, ანუ ჭამა დილითაც შეგვიძლია”. 


ქართულ ჯარში ჯარისკაცებსა და ოფიცრებს დღეში სამჯერ კვებავენ. საუზმე გრძელდება 07:30-09:30 საათამდე, სადილი – 12:30-14:30; ვახშამი – 18:30-20:30 საათამდე. “ბათუმელების” რესპონდენტი ჯარისკაცი ამბობს, რომ ხელშეკრულებით დასაქმებული სამხედროები ოთხ საათამდე ლექციებს ისმენენ, შემდეგ ფიზიკური ვარჯიში ეწყებათ, 6 საათისთვის კი მათ სახლებში უშვებენ: “ადრე 7 საათამდე გვტოვებდნენ, ახლა ნაწილში მხოლოდ ექვსამდე ვრჩებით”.


ხელშეკრულებით დასაქმებული ჯარისკაცები, წვევამდელები თუ ოფიცრები, ადრეც და ახლაც ერთად იკვებებიან. მათი მენიუ კი დაახლოებით ასე გამოიყურება: საუზმე – ჩაი, წიწიბურა, ფაფა, ყველი, სოსისი, პური, არაჟანი, კვერცხი, ძეხვი (მონაცვლეობით). სადილი – ხორცის წვნიანი (იცვლება ქათმით ან ღორის მწვადით) და ორი სახის სალათი; მენიუში შენაცვლებით აქვთ ლობიოც, ასევე “კოკაკოლა” ან “ლიკანი”. ვახშამი – თევზი, კარაქი, კარტოფილი, ფუნთუშა, ჯემი, საწებელი, შემწვარი ბარკალი. 


“ბათუმელების” რესპონდენტის თქმით, კვება კვლავაც სამჯერადია, მაგრამ “ახლა საჭმელს თვითონ არიგებენ და ამიტომ დააცოტავეს”. 


თავდაცვის სამინისტროს პოზიცია 


თავდაცვის სამინისტროს გამოცხადებულ ღია ტენდერში ჯერჯერობით არავის გაუმარჯვია. ოფიციალური ინფორმაციით, ქართულ ჯარს წელსაც, ისე როგორც გასულ წლებში, ჯერჯერობით, თავდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი შპს “ქართული კვების კომპანია” ამარაგებს. ერთ-ერთი დოკუმენტის თანახმად, “ქართული კვების კომპანიამ” ჯარისთვის გამოყოფილი საკვები პროდუქტების შესყიდვისას წელს ერთ კომპონენტში 1,6 მილიონი ლარი დაზოგა. 


ამ ეკონომიის შედეგად ხომ არ გაუარესდება ჯარისკაცების კვების ხარისხი ან რაოდენობა? – ამ კითხვას უპასუხოდ ტოვებს კომპანიის დირექტორი ნინო გორგაძე, რომელმაც ტელეფონი მას შემდეგ გათიშა, რაც გაიგო, რომ ჟურნალისტის კითხვა ჯარის კვებას ეხებოდა. 


თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ზაზა ბროლაძე კი 1,6 მილიონი ლარის დაზოგვას შემდეგი გარემოებით ხსნის: “დეკემბერში “ქართული კვების კომპანიამ” გამოაცხადა ტენდერები ფასთა კოტირების გზით და ამ გზით უფრო იაფად იყიდა პროდუქცია, ვიდრე აქამდე ყიდულობდა”. 


ზაზა ბროლაძის აზრით, ჯარში კვება არჩევნების შემდეგ არათუ გაუარესდა, პირიქით – გაუმჯობესდა კიდეც.


“ჯარის კვება, რა თქმა უნდა, არ გაუარესებულა – მათ მიეწოდებათ ზუსტად ის რაოდენობა საკვების, მეტი რაოდენობაც კი, რაც ჯარისკაცს ქმედუნარიანობისთვის სჭირდება”, – უთხრა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ “ბათუმელებს”.


ჯარის გამოკვებასთან დაკავშირებით განხორციელებულ ცვლილებებზე საუბრის დროს ზაზა ბროლაძე შემდეგ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას: “მეცნიერულად შემუშავებული კვების ნორმებზე დაყრდნობით სპეციალური მენიუები შედგა, რომელშიც შედის ხორცი, გარნირი და ასე მიეწოდება ჯარს საკვები”.


თავდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ჯარში შეტანილ საკვებ პროდუქტებს ყოველდღიურად ამოწმებენ:


“თავდაცვის სამინისტროს ლოჯისტიკის სამსახურში ჰყავს სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აკონტროლებენ საკვები პროდუქტების ხარისხს. სამხედრო ნაწილის ექიმი საკვებს ყოველ დღე იღებს და ინახავს სტერილიზებულ ქილებში. მერე ამოწმებს, ხარისხს და ადგენს სპეციალურ დოკუმენტს, სადაც ხარისხს აფიქსირებს. დოკუმენტზე ექიმის ხელმოწერას ადასტურებს ნაწილის უფროსიც. შემდეგ კი ლოჯისტიკის სამსახური ამას შესაბამისი აქტით აფიქსირებს”. 


რაც შეეხება ულუფის მოცულობას, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გარკვეულწილად ადასტურებს, რომ ჯარისკაცები თავიანთი შეხედულებით აღარ იკვებებიან.


ზაზა ბროლაძე: “აქამდე, ხორცის პროდუქტების გარდა ჯარი იკვებებოდა არანორმირებულად, ანუ ჯარისკაცებს რამდენიც უნდოდათ, იმდენს მიირთმევდნენ… ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ვინმეს გული შესტკიოდა ჯარისკაცზე, საქმე ეხება აღურიცხაობას, არანორმირებული კვება მაგას ნიშნავს”.


თავდაცვის მინისტრის მოადგილე განმარტავს, რა იგულისხმება ნორმირებულ კვებაში: 


“ჩვენ მეცნიერულად დასაბუთებული ნორმების საფუძველზე შევადგინეთ მენიუ. თუმცა, ცოტა რთულია აუხსნა ჯარისკაცს, რატომ აღარ არის სასადილოში მისვლა თავისუფალი და რაც გინდა იმის მირთმევა. თავიდან შეიძლება იყოს პატარა გაუგებრობა, ზოგიერთმა ჯარისკაცმა შეიძლება სწორად ვერ გაიგო, რომ ვაჭმევთ ნორმირებულად – თუ რატომ უნდა მიირთვას გარნირი, სალათა, კომპოტი. შეიძლება იყო პატარ-პატარა უკმაყოფილობა, მაგრამ ამას არ აქვს მასობრივი ხასიათი, ერთეული შემთხვევები იყო. 30 ათას კაცში რამდენიმე უკმაყოფილო ყოველთვის იქნება. ამაში ჩვენ დიდ პრობლემას ვერ ვხედავთ”.


თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, “ადრეც… წვევამდელების გარდა, ჯარისკაცები და ოფიცრებიც დილით და საღამოს ოჯახებში ჭამდნენ, რადგან სახლებში მიდიოდნენ. ახლაც ასეა, არაფერი შეცვლილა. არავითარი გაუარესება არ ყოფილა”.

ღია ტენდერები


წელს თავდაცვის სამინისტრომ ჯარის კვებაზე ღია ტენდერი გამოაცხადა, მაგრამ როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, “ტენდერის პროცედურა გაიწელა”. სწორედ ამით ხსნის ზაზა ბროლაძე, რომ ჯარს საკვები პროდუქტებით კვლავაც “ქართული კვების კომპანია” ამარაგებს.


ზაზა ბროლაძე: “ჩვენ გვაქვს გამოცხადებული კვების უზრუნველყოფაზე ტენდერი. ალბათ კვების მომსახურებას კერძო კომპანიები განახორციელებენ. ვინაიდან სატენდერო პროცედურები გაიწელა და რამდენიმე კომპანიამ გაასაჩივრა გადაწყვეტილებები, შერჩევის პერიოდი დროში გაგვეწელა, ამიტომ ვთხოვეთ მთავრობას და გადაგვივადა ტენდერი მცირე ხნით. შესაბამისად, არსებულ კომპანიას გავუგრძელეთ ხელშეკრულება”.


თავდაცვის სამინისტროს დღევანდელი ხელმძღვანელები, მათ შორის ზაზა ბროლაძეც, ფიქრობენ, რომ ჯარი ღია ტენდერის გზით უნდა გამოიკვებოს.


თავდაცვის სამინისტრომ წლის დასაწყისში, 18 თებერვალს, მართლაც გამოაცხადა ტენდერი ჯარის კვებაზე, რაც ორ თვეში დიდ სკანდალში გადაიზარდა. 18 თებერვალს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ორი ელექტრონული ტენდერი (შPA 130004297, შPA130004296), რომელთა შესყიდვის საერთო ღირებულება 73,932.200 და 34,739.500 ლარი იყო. ორივე ტენდერში შპს „ფუდ ლაინ ჯორჯიამ“ მიიღო მონაწილეობა, რომლის გენერალურ დირექტორად 4 აპრილის, ანუ თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში წინადადების მიღების დაწყებამდე ერთი დღით ადრე, დეპუტატ ირინა იმერლიშვილის მეუღლე, შალვა ბებოშვილი დაინიშნა. 10 აპრილს “ფუდ ლაინ ჯორჯია” გამარჯვებულად გამოცხადდა, რომელმაც მოგვიანებით, ტექნიკური დოკუმენტაციის მოუგვარებლობის გამო, დისკვალიფიკაცია მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი