ახალი ამბები

დათოოო

27 მაისი, 2013 • • 1225
დათოოო

საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრისა და ნაციონალური მოძრაობის გენერალური–მდივნის, ვანო მერაბიშვილის დაკავება და მისთვის სასამართლოს მიერ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლბმა პოლიტიკურ დევნად და ტერორად შეაფასეს. მათი აზრით, ეს ფაქტი საქართველოს ევროინტეგრაციულ ამბიციებს საფრთხე უქმნის.

 

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარალელები გაავლო უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთანაც, საუბარია ასევე ექს–პრემიერ იულია ტიმოშენკოს დაკავების ფაქტზე, რომელიც დასავლეთის პოლიტიკურმა ლიდერებმა პოლიტიკურ საქმედ შერაცხეს და რის გამოც აღნიშნულ ქვეყანას ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით გარკვეული პრობლემები შეექმნა. როგორც ცნობილია, მერაბიშილთან ერთად იმავე საქმეზე ბრალი ჯანდაცვის ექს–მინისტრ ზურაბ ჭიაბერაშვილსაც წაუყენეს, რომელსაც სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. დღეს, 28 მაისს 14:00 საათზე ნაციონალური მოძრაობა საქართველოს მასშტაბით ყველა საოლქო პროკურატურასთან გეგმავს საპროტესტო აქციის გამართვას მერაბიშვილის გათავისუფლების მოთხოვნით.


საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგნლები მერაბიშილის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის პროცესის არსებობის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. პრემიერი უკრაინასთან პარალელების გავლების წინააღმდეგიცაა. ივანიშვილის მტკიცებით, არც ევროპაში და არც შეერთებულ შტატებში საკითხს ამგვარად არვინ აყენებს. მეტიც, პრემიერის თქმით, მერაბიშვილის დაკავების თემამ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსშიც კი ძალიან დაბალი ინტერესი გამოიწვია. 

 

 


მიუხედავად პრემიერის აღნიშნული განცხადებისა საერთაშორისო საზოგადოების ნაკლები ინტერესის შესახებ, ექს–მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტს უკვე გამოეხმაურნენ აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტი, ეუთო და ევროკავშირი. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ჟოაო სუარესი ტელეფონით დაუკავშირდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და საუბრის დროს აღნიშნა, რომ “პოლიტიკური ოპონენტების გისოსებში გამოკეტვა არ მოაგვარებს პრობლემებს, პირიქით, ეს შექმნის ახალ პრობლემებს”.


ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელის ქეთრინ ეშტონისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის შტეფან ფულეს ერთობლივი განცხადებაც გავრცელდა. მათი თქმით, ევროკავშირი მოელის, რომ ექს–მაღალჩინოსნების სასამართლო საქმეები სამართლიანად, გამჭვირვალედ, მიუკერძოებლად და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით წარიმართება.

 

აღნიშნულ საკითხზე განცხადება არ გაუვრცელებია აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტს, თუმცა უწყების წარმომადეგნელმა, პრესსპიკერის მოადგილე პატრიკ ვენტრელმა ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა:


“ყურადღებით ვადევნებთ თვალს ამ პროცესს. გამოძიება სამართლებრივი პროცედურების სრული დაცვით უნდა ჩატარდეს, რათა ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებას პოლიტიკური შურისძიების სახე არ მიეცეს. აშშ მოუწოდებს  მხარეებს კონსტრუქციული ურთიერთობებისა და თანამშრომლობისკენ საერთო მიზნის, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მისაღწევად”, – განაცხადა მან.


ვენტრელს ვაშინგტონში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე ერთ–ერთმა ჟურნალისტმა რამდენჯერმე, სხვადასხვა ფორმულირებით ჰკითხა, ფიქრობდა, თუ არა აშშ, რომ მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესების უკან შესაძლოა პოლიტიკური მოტივაცია მდგარიყო, თუმცა ამერიკელმა დიპლომატმა დადებითი ან უარყოფითი პასუხის გაცემისაგან თავი შეიკავა. მისი თქმით, ჯერჯერობით მათ არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია ამ საქმეების შესახებ.


პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი, რომელიც საერთაშორისო საკითხებზე მუშაობს, “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ თუ ახლო მომავალში ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები არ წარმოადგენენ ძლიერ მტკიცებულებებს იმის შესახებ, თუ რატომ მოითხოვეს ექს–პრემიერის დაპატიმრება, დასავლეთის პოლიტიკური სტრუქტურების გამოხმაურებები და რეაქცია თანდათანაბოთ გამძაფრდება.


“მე არ შეიმძლია ვამტკიცო ან მერაბიშილის უდანაშუალობა, ან მისი ბრალეულობა.  ჯერ ჩვენ ვხედავთ, რომ მერაბიშვილის დაკავება არ არის ისეთი მძიმე მუხლით, რომლის გამოც შეიძლებოდა, რომ ყოფილი პრმეიერი და ოპოზიციური პარტიის გენერლაური მდივანი წინასწარ პატიმრობაში გაემწესებინათ. ალბათ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოიძებნოს სერიოზული არგუმენტები მისი დაკავებისთვის. თუ ეს არგუმენტები ძალიან სწრაფად არ დაიდო, რა თქმა უნდა, ეს ნელ–ნელა ჩვენს საერთაშორისო სიტუაციას და ურთიერთობებს დაამძიმებს.  გასაგებია, რომ მოსახლეობაში მერაბიშვილის მიმართ უარყოფითი შეხედულება არსებობს და მის დაკავებას მოსახლეობის პროტესტი არ მოჰყვება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობაც ასე ადვილად შეეგუება ვითარების ასეთნაირად გნავითარებას, თუ, რა თქმა უნდა, ამას არ ექნა სერიოზული სამართლებრივი საფუძველი: მტკიცებულებები  და საქმის არატენდეცნიურად წარმოება”, – ამბობს იგი.


გოგოლაშვილი არ ფიქრობს, რომ მერაბიშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებისათვის სასამართლოში პროკურატურის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები: დიპლომატიური პასპორტი, ქვეყნის დატოვების შესაძლებლობა და სხვა, დასავლეთის თვალში ძლიერ არგუმენტებად იქნება აღქმული. მისი თქმით, ეს სუსტი არგუმენტებია, რადგან პროკურატურას შეეძლო, რომ მისი დაპატიმრების ნაცვლად დიპლომატიური პასპორტის გაუქმება მოეთხოვა და ქვეყნიდან გაუსვლელობის შესახებ ხელწერილი ჩამოერთმია, ან საერთოდ შინაპატიმრობა მიესაჯა. რაც შეეხება იმას, თუ როგორ წარმოუდგენია მას მერაბიშვილის საქმის გამო საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების დამძიმება, პოლიტოლოგი ამბობს, რომ ისე, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში მოხდა.

 

 


როგორც ცნობილია, უკრაინაში 2004 წელს განხორციელებული “ნარინჯისფერი რევოლუციის” ერთ–ერთ არქიტექტორსა და შემდგომში ქვეყნის პრემიერ–მინისტრ იულია ტიმოშნეკოს 2011 წელს 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. იმ დროისთვის უკვე ოპოზიციის ლიდერის რანგში მყოფ ტიმოშენკოს ბრალი დასდეს პრემიერის ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში რუსეთთან გაზის შესახებ შეთანხმების გაფორმების პროცესში. თავად ტიმოშნეკომ თავი პოლიტპატიმრად გამოაცხადა და პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს, რომელთანაც მანამდე არჩევნებში დამარცხდა,  ბრალი სამართლებრივი სისტემის უზურპაციასა და შერჩევით სამართალში დასდო.


მოგვიანებით, ამ ფაქტის გამო უკრაინას საგარეო ურთიერთობები გაუუარესდა აშშ–სთან და ევროკავშირთან, რომელთანაც ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას ცდილობს. დასავლელემა პოლიტიკოსებმა ტიმოშნეკოს საქმე პოლიტიკურ დევნად ჩათვალეს.

 

ამა წლის აპრილის თვის ბოლოს საქმეში საერთაშორისო პოლიტიკურ შეფასებებთან ერთად სამართლებრივი დოკუმენტიც გაჩნდა: ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაპატიმრება, იყო მისი უფლებების პოლიტიკურად მოტივირებული დარღვევა.


უკრაინასა და ევროკავშირის ურთიერთობა განსაკუთრებით მაშინ დაიძაბა, როდესაც საპატიმროში ექს–პრემიერის ცემის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. იგი ციხეში მის წინააღმდეგ განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შესახებაც საუბრობდა. ევროკავშირის დღეისათვის სწორედ ტიმოშენკოს საქმეს ასახელებს უკრაინასთან მნიშვნელოვანი სავაჭრო–ეკონომიკური ხელშეკრულებების გაფორმების მთავარ წინაღობად.

 

უკრაინის საგამოძიებო ორგანოები ტიმოშენკოს გადასახადების დამალვასაც ედავებიან, გარდა ამისა, უკრაინის ექს–პრემიერს ბრალი ბიზნესმენისა და ყოფილი დეპუტატის, ევგენი შერბანის მკვლელობაშიც წაუყენეს, თუმცა იგი ყველა ბრალდებას უარყოფს. იმ შემთხვევაში თუ 1996 წელს მომხდარ მკვლელობაში ტიმოშენკოს ბრალეულობა დამტკიცდება, მას სამუდამო პატიმრობა ელის.


კახა გოგოლაშვილი იხსენებს, რომ როდესაც ტიმოშნეკო დააკავეს, დასავლეთის მხრიდან მყისიერად არ მომხდარა აპელირება იმის თაობაზე, რომ ექს–პრემიერის დაპატიმრება უკანონობა იყო:

“უკრაინის მისამართით მკაცრი განცხადებები იყო, მაგრამ თავიდან არ ყოფილა მითითება, რომ აი, გამოუშვით და მორჩა… თავიდან ასე არ ყოფილა, მერე, სულ უფრო გამკაცრდა [ეს რიტორიკა] განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შემდეგ უკრაინის მდგომარეობა გახდა რთული. ვერ მოახერხა უკრაინის მთავრობამ ეს რთული საქმე ისეთნაირად გამოეძიებინა, რომ მართლა დაედგინა ტიმოშნეკოს ბრალეულობა. ამასობაში მან რამდენიმე წელიწადი გაატარა ციხეში. რა თქმა უნდა, ეს ამძიმებს სიტუაციას და ეჭვი მეპარება, რომ ვილნიუსის სამიტზე უკრიანამ ევროკავშირთან ასოცირების ხელსეკრუელბაზე ხელის მოწერა შეძლოს.


როდესაც აღმოჩნდა, რომ მტკიცებულებები, რის გამოც ტიმოშენკო  დააკავეს, სერიოზული არ იყო, ამის შემდეგ დაიწყო ყველაფერი. იგივე საშიშროება არსებობს აქაც, თუ ვანო მერაბიშვილს მარტო ეს ბრალდება დარჩება…”, – ამბობს იგი და დასძენს, რომ თუ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა დაიძაბება ეს ხელს შეუშლის ქვეყანას ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში.

პოლიტოლოგის თქმით, ზოგადად ტიმოშენკო უფრო ქარიზმატული და სიმპატიური ლიდერია, ვიდრე ვანო მერაბიშვილი, თუმცა თანამდებობით და კარიერით ისინი თანაბარი რანგის პოლიტიკური ფიგურები არიან.


“მერაბიშვილის მიმართ საზოაგდოებაში უფრო მეტ ადამიანს აქვს დამოკიდებულება როგორც მონსტრის ან დამნაშავის მიმართ, მაგრამ ეს სამართლებრივი სახელმწიფოსთვის არაფერს არ უნდა ნიშნავდეს. ეს არის მხოლოდ საზოგადოებრივი დამოკიდებულება. ტიმოშნეკო როგორც პოლიტიკური ლიდერი უკრაინაში მეტი მხარდაჭერით სარგებლობდა. ის მაინც იყო ერთ–ერთი წამყვანი პოლიტიკური ძალის ლიდერი, მე ვერ ვიტყოდი, რომ მერაბიშვილი არის წამყვანი პოლიტიკური ლიდერი, ის იყო უფრო ადმინსტრატორი, მაგრამ ფორმალურად მერაბიშვილიც პოლიტიკური ლიდერი და გენერლაური მდივანია სიდიდით მეორე პარტიის, რაც პატარა საქმე არ არის”, – განაცხადა მან.


უკრაინაში იულია ტიმოშენკოს პოლიტიკური ძალა “ბატკივშინა” ევროპის სახალხო პარტიის წევრია, ისევე როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი დევნის გამო შეშფოთება უკვე გამოხატა ევროპის სახალხო პარტიის ლიდერმა ვილფრედ მარტენსმა, ვისი განცხადებითაც ეს დაკავებები ძალიან სერიოზული უკანგადადგმული ნაბიჯია საქართველოსთვის, რადგან ვანო მერაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების პოტენციურ კანდიდატად განიხილება. მისი თქმით, თუ ეს დაკავებები პოლიტიკურად მოტივირებული აღმოჩნდება, ამან შესაძლოა, საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების პროცესი გაყინოს. გოგოლაშვილის აზრით, იმაში, რომ ტიმოშენკოს საქმე ევროპაში თავის დროზე ასეთი რეზონანუსლი გახდა, თავისი როლი ევროპის სახალხო პარტიამაც ითამაშა. იგი ელის, რომ სახალხო პარტია, რომელსაც ევროპარლამენტში ყველაზე დიდი ფრაქცია აქვს, მარტივად არც მერაბიშვილის საქმეს შეხედევას, რადგან ტიმოშენკოს დაპატიმრების შემდეგ საქართველოს ექს–პრემიერის დაკავება მათ იმიჯზე ნეგატიურად აისახება.


“ისინი ამაზე ასე მარტივად არ გაჩერდებიან. მათი მხრიდან იქნება ძალიან სერიოზული მონიტორინგი ამ საქმესთან დაკავშირებით”, – ამბობს იგი და დასძენს, რომ სახალხო პარტიის გარდა ევროკავშირიც ითხოვს კანონის უზენაესობას, იგივე უკრაინისგან და სერიოზული ზეწოლა ხორციელდებოდა ამ კუთხით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე წინა ხელისუფლების პირობებში.


ექსპერტის განცხადებით, იმისათვის, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ისეთი რამ არ მოხდეს, რაც უკრაინის შემთხვევაში, საჭიროა, რომ ხელისუფლებამ სერიოზული მტკიცებულებები დადოს და ბრალეულობა კარგად გამოკვეთოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ტიმოშენკოს და მერაბიშვილის დაკავების ორი ფაქტი ერთმანეთს დაემსგავსება. მისივე თქმით, აქ მთავარი მხოლოდ ის არ არის, რომ პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში შესაძლოა, საქართველოს ევროკავშირში ან ნატოში ინტეგრაციის პროცესი შეიძლება შეჩერდეს:

 


“ჩვენი ძირითადი საგარეო პოლიტიკური მიზანი არის არა ნატოსა და ევროკავშირში შესვლა, არამედ ტერიტორიული მთლიანობის საკითხში დასავლეთის და ევროკავშირის სრული მხარდაჭერის უზრუნველყოფა. რა თქმა უნდა, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაც მთავრი პრიორიტეტებია, მაგრამ ახლა ყველაზე მწვავედ დგას საკითხი: ჩვენ როგორც ქვეყანამ, არ დავკარგოთ ევროპის და ამერიკის მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ, თუ ვთქვათ, თვეში ერთხელ გაკეთდება განცხადება, რომ საქართველოს მთავრობა რაღაცას არღვევს და კანონის უზენაესობა სათანადო დონეზე არ არის, როგორ გგონიათ, დეოკუპაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის მხრიდან იგივე ენთუზიაზმით გაკეთდება განცხადებები? ევროსაბჭოში იგივე ენთუზიაზმით მოხდება იმის ლობირება, რომ რუსეთზე ზეწოლა შენარჩუნდეს ან თუნდაც ევროპელი დიპლომატები ისეთივე გულისყურით და რესურსებით გააგრძელებენ არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერას? ეს ურთიერთდაკავშირებული საკითხებია”, – ამბობს იგი.

გარდა უკრაინის მაგალითისა ევროპაში, კერძოდ გერმანიაში არსებობს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის სამართლებრივი დევნის საპირისპირო მაგალითიც , რომელზეც პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აპელირებს. პრემიერი ამბობს, რომ თუ პროკურატურას ეჭვები გაუჩნდება, შეკითხვები აბსოლუტურდ ყველას მისამართით უნდა დაისვას. მისი თქმით, ამას ევროპა და დემოკრატიული სამყარო ნორმალურად მიიღებს. ივანიშვილი საილუსტრაციოდ კრისტიან ვულფის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას ასახელებს:


“გერმანიის პრეზიდენტის შესახებ უკვე წელიწადზე მეტია მიდის გამოძიება ამ ქვეყანაში და იგი რამდენჯერმე დაიკითხა, არათუ დაიკითხა, მე მგონი, თანამდებობიდანაც გადადგა, სულ 718 ევროზეა საუბარი, თანაც ეს ფული მას ქრთამად კი არ აუღია, რომელიღაც სასტუმროში მის ნაცვალდ ვიღაცამ გადაიხადა. ეჭვი გაუჩნდა საზოგადოებას და ის თანამდებობიდან გადადგა”.


გერმანიის პრეზიდენტის თანამდებობიდან კრისტიან ვულფი 2012 წლის თებერვალში გადადგა მას შემდეგ, რაც მის მიმართ საზოგადოების ნდობა შეირყა, რადგან ცნობილი გახდა რამდენიმე კორუფციული ფაქტი, რომელშიც შესაძლოა ვულფი მონაწილეობდა. ერთ-ერთი ვერსიით, ვულფი იმ პერიოდში, როდესაც ის იყო ქვემო საქსონიის პრემიერი, ლობირებდა გერმანელი კინოპროდიუსერის ინტერესებს, რის სანაცვლოდაც მისგან სხვადასხვა სახის მომსახურებას იღებდა, კერძოდ, კინოპროდიუსერი ფარავდა ვულფის სხვადასხვა სახის ხარჯებს. კიდევ ერთი ვერსიით, ვულფმა 500 ათასი ევროს მოცულობის კრედიტი აიღო, რაც ოპონენტების მტკიცებით, ამ მოცულობის კრედიტის მიღებისთბის კანონიერი საფუძველი არ არსებობდა. 2013 წლის აპრილში გერმანიის პროკურატურამ ყოფილ პრეზიდენტს კორუფციის ბრალდება წარუდგინა.


მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს ბრალი სისხლის სამართლის სამი მუხლით (ამომრჩევლის მოსყიდვა, მითვისება/გაფლანგვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) აქვთ წარდგენილი, რაც ითვალისწინებს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. საქმე ეხება 2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას. პროკურატურა მიიჩნევს, რომ სოციალური აგენტები ამ პროგრამის ფარგლებში თვალთმაქცურად დაასაქმეს და ისინი სინამდვილეში წინასაარჩევნო პერიოდში ასრულებდნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიულ დავალებებს. იმ დროისთვის მერაბიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, ხოლო ჭიაბერაშვილი – ჯანდაცვის მინისტრი. არც ერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს. ამ უკანასკნელებისათვის აღკვეთი ღონისძიების განსაზღვრის სასამართლო პროცესს საქართველოს ახალაგაზრდა იურისტთა ასოციაციის მონიტორები აკვირდებოდნენ, რომელთა შეფასებითაც ყოფილ მაღალჩინოსნებს ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ჭიაბერაშვილს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა ჰქონდათ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი