ახალი ამბები

ბესელია: უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის იმპიჩმენტზე იმსჯელებს

27 თებერვალი, 2013 • 1082
ბესელია: უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის იმპიჩმენტზე იმსჯელებს

ბესელიას თქმით, პროკურატურას უკვე აქვს ინფორმაცია, რომ მოსამართლეების დანიშვნა არასწორად მოხდა:

 

“კონსტიტუციით დადგენილია სტანდარტი, რა შემთხვევაში ინიშნება მოსამართლე თანამდებობაზე. გამოკვლეულია და ჩანს, რომ ამ ორი მოსამართლის (ბესარიონ ალავიძესა და მაია გიგაურის) დანიშვნისას არ იყო დაცული ეს მოთხოვნები. შესაბამისად, იუსტიციის საბჭოს ყველა იმ წევრის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც მათ დანიშვნაზე თანხმობა მისცა, მათ შორის, ვფიქრობ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეზეც უნდა იყოს საუბარი, რომელმაც თანხმობა განაცხადა, არაუფლებამოსილი პირი დამტკიცებულიყო ასეთ მაღალ თანამდებობაზე.

 

ასე რომ, საქმე გვაქვს კონსტიტუციის უხეშ დარღვევასთან, კერძოდ, არაუფლებამოსილი პირების მოსამართლეებად დანიშვნასთან. სს საპროცესო კოდექსში პირდაპირ წერია, რომ ასეთ შემთხვევაში ამ მოსამართლეების გამოტანილი ყველა გადაწყვეტილება გადაიხედება. დღეს ვერ გეტყვით, გახდება თუ არა ეს საკითხი კოტე კუბლაშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საფუძველი, მაგრამ, ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით მსჯელობა გვექნება”, – წერს ბესელია “ფეისბუქზე”.

 

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა იკვლევს ორი მოსამართლის საქმეს, რომლებსაც, გამოძიების ცნობით, არ გააჩნიათ უმაღლესი იურიდიული განათლება.

 

დღეს ამ საკითხზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონედ ითვლება პირი, თუ მას დამთავრებული აქვს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი სპეციალობით „სამართლისმცოდნეობა“ და ჩაბარებული აქვს იურიდიული განათლებისათვის აუცილებელი იურიდიული დისციპლინები.

იუსტიციის საბჭო მოსამართლეების -ბესარიონ ალავიძისა და მაია გიგაურის უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელ შემდეგ გარემოებებზე მიუთითებს:

1. მათ ძირითად ფაკულტეტთან ერთად დამთავრებული აქვთ თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი სამართლისმცოდნეობის სპეციალობით, რაც ადასტურებს იმას, რომ მათ იურიდიული სწავლების კურსი გაიარეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

2. აღნიშნულ ფაკულტეტზე სწავლისას მათ გავლილი აქვთ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი აქვთ უმაღლესი იურიდიული განათლების მისაღებად აუცილებელი ყველა სავალდებულო იურიდიული დისციპლინა. ამასთან, მათ მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამა სრულად შეესაბამება ძირითად იურიდიულ ფაკულტეტზე არსებულ საგანმანათლებლო პროგრამას.

3. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მათზე გაცემულია შესაბამისი დიპლომი, რომლითაც დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დაძლევა, რაც წარმოადგენს იურისტის კვალიფიკაციისათვის აუცილებელ წინაპირობას.

4. სადავო იურიდიული განათლების კანონმდებლობასთან შესაბამისობა დადასტურებულია უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებით. 

“ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსამართლეების კვალიფიკაცია სრულად შეესაბამება იურდიული პროფესიისათვის დადგენილ მოთხოვნებს. ამასთან, ორივე მოსამართლეს წარმატებით აქვთ ჩაბარებული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა და გააჩნიათ იურისტად მუშაობის 10- წლიანი გამოცდილება. შესაბამისად, მათი მოსამართლედ დანიშვნა განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით”,- ნათქვამია იუსტიციის საბჭოს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი