ახალი ამბები

კვიციანის თქმით, პოლიტიკოსების მიმართ ხუმრობები კონტრდაზვერვამ უნდა გამოიძიოს

20 სექტემბერი, 2017 • 12398
კვიციანის თქმით, პოლიტიკოსების მიმართ ხუმრობები კონტრდაზვერვამ უნდა გამოიძიოს

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, პარლამენტარმა ემზარ კვიციანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ პოლიტიკოსების მიმართ გამოთქმული ხუმრობების ავტორები სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობენ. მან ტელეწამყვან ვანო ჯავახიშვილის ხუმრობა გაიხსენა, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან დაკავშირებით კვიციანის ცოდნას ეხებოდა. დეპუტატის თქმით, ამ გზით ზოგიერთი ადამიანი პოლიტიკოსების დაშინებას ცდილობს და საკითხი გამოსაძიებელია.

„ბატონმა, თავგასიებულს რომ ეძახიან, ღლიცინი დაიწყო, რომ თურმე გაერო სახელმწიფო მგონია. ორგანიზაცია, რომელთანაც დაახლოებით 15 წელიწადი ვთანამშრომლობდი. და ვანო ჯავახიშვილი მასწავლის, რა არის გაერო და რამდენი ქვეყანა არის ამ გაეროში წარმოდგენილი. გაეროს გააჩნია თავისი უსაფრთხოების სამსახური. ეს ვაჟბატონები გამოდიან და აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ პოლიტიკოსებმა ხმა ვერ ამოიღონ საქართველოში იმის შიშით, რომ არ დასცინონ მერე. არ არის ეს კონტრდაზვერვის გამოსაძიებელი? ისინი სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობენ“.

სანამ აღნიშნულ საკითხზე გადავიდოდა, კვიციანმა 2006 წელს კოდორის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და კონსტიტუციის რიგი მუხლების შესაძლო დარღვევასთან დაკავშრებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა.

ემზარ კვიციანმა ვანო ჯავახიშვილთან დაკავშრებით განცხადება რამდენიმე თვის წინაც გააკეთა. მაშინ კვიციანი ფეისბუქის პირად ანგარიშზე წერდა, რომ სავარაუდოდ, იგეგმებოდა რუსთავი 2-ის იუმორისტული პროგრამის, The ვანო’ს show-ს წამყვანის, მკვლელობა. ამის გამო დეპუტატი პროკურატურაში გამოკითხვაზეც დაიბარეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი