ახალი ამბები

უცნობია, რა სახის აღმკვეთ ღონისძიებას მოითხოვს გამოძიება 2 სასულიერო პირის წინააღმდეგ

23 მაისი, 2013 • • 1009
უცნობია, რა სახის აღმკვეთ ღონისძიებას მოითხოვს გამოძიება  2 სასულიერო პირის წინააღმდეგ

როგორც “ნეტგაზეთს” მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ განუცხადა, გამოძიება ამ საკითხზე გადაწყვეტილებას დღის ბოლომდე მიიღებს და საზოგადოებას საქმის კურსში ჩააყენებს. პაიჭაძის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაიმართება სასულიერო პირების სასამართლო პროცესები.

 

“არ ვიცით. ჯერ აღმკვეთი ღონისძიების სახეზეც არ უმსჯელია გამოძიებას. არ არის ეს გადაწყვეტილება მიღებული”, – ამბობს იგი.

 

პაიჭაძის თქმით, კანონმდებლობა აღმკვეთი ღონისძიების რამდენიმე ფორმას ითვალისწინებს, მათ შორის პატიმრობას, გირაოს და თავდებობას, თუმცა უცნობია, რომელი მათგანის გამოყენებას ჩათვლის საჭიროდ გამოძიება.

 

შეგახსენებთ, რომ შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-VII განყოფილების თანამშრომლებმა 17 მაისს რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორ სასულიერო პირს, სამების ტაძრის არქიმანდრიტს, მამა ანთიმოზ (თამაზ) ბიჩინაშვილსა და იოანე-თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს, მამა იოთამ (ირაკლი) ბასილაიას ბრალი წაუყენეს. მამა ანთიმოზის (ბიჩინაშვილი) მიმართ, შსს-ს ცნობით, გამოძიება შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფის, უკანონოდ და ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე სსკ-ის 161-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი გულისხმობს: “შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით”. მამა იოთამ ბასილაიას დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. შინაგან საქმეთა სამინისტროში 17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. სასულიერო პირები დაპატიმრებული არ არიან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი