ახალი ამბებიხელოვნება

სანდრო ბოტიჩელის „ვენერა“ თბილისში – გამოფენისთვის ბიუჯეტიდან 75 000 ევრო დაიხარჯება

15 სექტემბერი, 2017 • 11160
სანდრო ბოტიჩელის „ვენერა“ თბილისში – გამოფენისთვის ბიუჯეტიდან 75 000 ევრო დაიხარჯება

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, თბილისში დაგეგმილია ქალაქ ტურინის სამეფო მუზეუმის საბაუდას გალერეაში დაცული მსოფლიო მნიშვნელობის შედევრის, სანდრო ბოტიჩელის „ვენერას“ გამოფენის გამართვა. გამოფენა, რომლის ორგანიზებისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან 75 ათასი ევრო დაიხარჯება, ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეში 2017 წლის 3 ოქტომბერს უნდა გაიხსნას. გამოფენა 30 ნოემბრამდე გაგრძელდება.

„სანდრო ბოტიჩელის „ვენერას“ გამოფენის გახსნა და დახურვა დაკავშირებულია ორ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებასთან, კერძოდ: საქართველოში იტალიის საელჩოსთან და კომპანია Associazione Culturale Metamorfosi-სთან [ასოციაცია მეტამორფოზი] მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, გამოფენის გახსნა დაგეგმილია 2017 წლის 3 ოქტომბერს, იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის, ივან სკალფაროტოს თბილისში ვიზიტის მსვლელობის დროს, ხოლო დახურვა დაგეგმილია 30 ნოემბერს, საერთაშორისო „აბრეშუმის გზის ფორუმის“ დამთავრების შემდგომ. ამასთან, აღნიშნული გამოფენის გამართვა უზრუნველყოფს საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო მასშტაბით“ – აცხადებენ ეროვნულ მუზეუმში.

მუზეუმში ასევე აცხადებენ, რომ ტურინის სამეფო მუზეუმის საბაუდას გალერეას გაფორმებული აქვს გრძელვადიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება ასოციაცია მეტამორფოზისთან, რომელსაც აქვს მინიჭებული უფლება ტურინის სამეფო მუზეუმში დაცული ტილოების იტალისა და მის ფარგლებს გარეთ ტრასპორტირებაზე და ექსპოზიციის გამართვაზე. გამოფენის ორგანიზებისთვის 75 000 ევროა საჭირო, რომელსაც ქართული მხარე გადაიხდის.

ბოტიჩელის „ვენერას“ გამოფენა იმ კულტურული პროგრამის ნაწილია, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოში იტალიის საელჩოს თანამშრომლობით გაიმართება. პროგრამა ითვალისწინებს ასევე კარავაჯოს ნამუშევრების რეპროდუქციისა და ლეონარდო და ვინჩის „ფრინველების ფრენის კოდექსის“ თბილისში გამოფენას.

გამოფენების ორგანიზებისთვის, როგორც იტალიის ელჩის მიერ ეროვნულ მუზეუმში გაგზავნილი წერილიდან ირკვევა, მთლიანობაში, 225 000 ევროა საჭირო,  საიდანაც 110 ათას ევროს [მათ შორის „ვენერას“ გამოფენისთვის საჭირო თანხას] საქართველო გადაიხდის.

12


მთავარ ფოტოზე: სანდრო ბოტიჩელი, ვენერას სხეულის დეტალი. საბაუდას გალერეა. ტურინი

მასალების გადაბეჭდვის წესი