ახალი ამბები

სოფლის მეურნეობის მინისტრს პრემიერ–მინისტრი სამ დღეში წარადგენს

21 მაისი, 2013 • • 1103
სოფლის მეურნეობის მინისტრს პრემიერ–მინისტრი სამ დღეში წარადგენს

მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის შალვა ფიფიას განცახდებით, ეს არის მთლიანად პრემიერმინისტრის პრეროგატივა:”ჩემთვის არ არის ცნობილი, რა როგორ იქნება. სამ დღეში დასახელებული იქნება ახალი კანდიდატურა. დაბრუნდება თუ არა ამ თანამდებობაზე დავით კირვალიძე, არ ვიცი.”

 

შალვა ფიფიას განცხადებით, მას და პრემიერმინისტრს შორის სოფლის მეურნეობის მინისტრობის შესაძლო კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ გამართულა:”არც კონსულტაციები ყოფილა და ეს თანამდებობა არც ჩემთვის შემოუთავაზებიათ”.

 

სამინისტროში აცხადებენ, რომ დავით კირვალიძისთვის ბრალი არ წაუყენებიათ, თუმვა მისი კანდიდატურა მინისტრის თანამდებობაზე არ განიხილება.


საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სახელმწიფო  შ.პ.ს. “მექანიზატორის” მაღალი თანამდებობის პირების საქმეს შს სამინისტრო და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს.  


დავით კირვალიძემ სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობა 2013 წლის 2 მაისს დატოვა. მან პრემიერ–მინისტრს მთავრობის სხდომაზე უფლებამოსილების შეჩერების თხოვნით მიმართა. კირვალიძემ განაცხადა, რომ ის დროებით ტოვებდა თანამდებობას, ვიდრე სამინისტროში გამოძიება არ დასრულდებოდა.

 

კირვალიძის გადადგომის მიზეზი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შ.პ.ს. “მექანიზატორის” რამდენიმე თანამშრომელის დაკავება გახდა: 


“გამომდინარე აღნიშნული სიტუაციიდან, მე ვიღებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მიმდინარე მოვლენებზე. დღეს, მთავრობის სხდომაზე ვითხოვე უფლებამოსილების შეჩერება, სანამ არ გაირკვევა სიმართლე და არ დადასტურდება ამ ადამიანების უდანაშაულობა. მიმდინარე  პროცესებში ნებისმიერი სახის ჩარევა, ზეწოლა და მანიპულირება იქნება ძალიან ცუდი. ვაცადოთ შესაბამის ორგანოებს დაადგინონ  სიმართლე. რაც მთავარია, გავითვალისწინოთ ერთი რამ  –  უდანაშაულობის პრეზუმპცია”, – განაცხადა კირვალიძემ.


დავით კირვალიძე 2 მაისს გადადგა.  კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის წევრის გადადგომის ან თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ახალი წევრი, პრეზიდენტის თანხმობით, ორი კვირაში უნდა დანიშნოს.  

 

სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ პრემიერ–მინისტრის 98-ბრძანება 10 მაისით თარიღდება. 10 მაისს ასევე პრემიერმინისტრის ბრძანების საფუძველზე შალვა ფიფია სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი ივანიშვილმა 24 მაისს პრეზიდენტთან შეთანხმებით უნდა დანიშნოს. ორკვირიანი ვადა ამ დროისთვის იწურება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი