ახალი ამბები

პრემიერი: საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში, ეს იყო საზოგადოების პასუხი ავტორიტარიზმზე

12 სექტემბერი, 2017 • 1641
პრემიერი: საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში, ეს იყო საზოგადოების პასუხი ავტორიტარიზმზე

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უკრაინის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლის, კურტ ვოლკერის მიერ დასმულ შეკითხვას კონსტიტუციასთან დაკავშირებით უპასუხა და განაცხადა, რომ შეიძლება კონსტიტუცია იდეალური არ არის, თუმცა ყველა პოლიტიკურ ძალას თავისი დღის წესრიგი აქვს:

“შეიძლება, კოსნტიტუცია არ იყოს იდეალური, ოპოზიციას ის არ აკმაყოფილებდეს, თუმცა ყველას აქვს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი და არსებობს ასეთი არასასურველი რეალობა, რომ პარტიები აგებენ მხოლოდ იმაზე თავის მუშაობას, რომ მთავრობის ნებისმიერი შეთავაზება გააკრიტიკონ. ის, რომ დღეს გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში, ეს იყო საზოგადოების პასუხი ავტორიტარიზმზე”,- განაცხადა პრემიერმა.

კითხვა-პასუხი ვოლკერს და კვირიკაშვილს შორის თბილისის საერთაშორისო კონფერენცია 2017 -ის, სახელწოდებით “მსოფლიო ქაოსში: დემოკრატიის, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის მომავალი”, მიმდინარეობისას შედგა, რომელიც დღეს, 12 სექტემბერს იმართება.

საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებულ შეხვედრაზე სტრასბურგში არ გაემგზავრა, სადაც ვენეციის კომისიის თანდასწრებით უნდა დაწყებულიყო მოლაპრაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საკონსტიტუციო რეფორმის თაობაზე. ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა იყო, საარჩევნო სისტემა შეცვლილიყო 2020 წლიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს. ამ მოთხოვანას ხელისუფლება არ თანხმდება. კონსტიტუციის პროექტში ჩაწერილია, რომ პროპორციული სისტემა ქვეყანაში 2024 წლიდან ამოქმედდება. ოპოზიცია ასევე ითხოვს, რომ შენარჩუნდეს პრეზიდენტის არჩევის პირდაპირი წესი, რასაც ასევე არ იზიარებს ხელისუფლება.

კონსტიტუციის კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა, საკონსტიტუციო უმრავლესობით, ოპოზიციის ხმების გარეშე, ორი მოსმენით 2017 წლის ივნისში მიიღო. ხელისუფლებამ ოპოზიციასთან დიალოგის განახლების მცდელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსენსუსის არარსებობით და შექმნილ ვითარებას კრიზისიც უწოდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი