ახალი ამბებისაზოგადოება

TDI: სომხურ ტაძრთან მიმდინარე მშენებლობის ნებართვა კანონის უგულებელყოფით გაიცა

12 სექტემბერი, 2017 • 6938
TDI: სომხურ ტაძრთან მიმდინარე მშენებლობის ნებართვა კანონის უგულებელყოფით გაიცა

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) მიიჩნევს, რომ თბილისში, სომხური ტაძრის  – “შამხორეცოც სურბ ასტვაწაწინის” მახლობლად მიმდინარე მშენებლობის ნებართვა გაცემულია კანონის უხეში უგულებელყოფით. ორგანიზაცია ასევე თვლის, რომ არსებული პრობლემა  წარმოაჩენს სახელმწიფოს გულგრილ დამოკიდებულებას რელიგიური ღირებულების მქონე კულტურული მემკვიდრეობისადმი.

დღესდღეობით, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია  სახელმწიფოსგან ითხოვს საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ექვსი ტაძრის საკუთრებაში დაბრუნებას. ეს ეკლესიები  უფუნქციოდ არის დარჩენილი და „სადავო ტაძრებად“ მოიხსენიება, რადგანაც მათზე საკუთრების პრეტენზიას საქართველოს საპატრიარქოც აცხადებს.  ხუთი ტაძარი თბილისში მდებარეობს, ერთი კი ,ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

სომხური ტაძარი “შამხორეცოც სურბ ასტვაწაწინ" ფოტო TDI

სომხური ტაძარი “შამხორეცოც სურბ ასტვაწაწინ” ფოტო TDI

„შამხორეცოც სურბ ასტვაწაწინ – კარმინ ავეტარანი“ (წითელი ხარება, წმინდა ღვთისმშობლის ეკლესია) მე-18 საუკუნის ძეგლია, რომელიც თბილისში, ავლაბარში, ფერისცვალების 21 ნომერში მდებარეობს.  1989 წლის მიწისძვრის შედეგად ის ნაწილობრივ ჩამოინგრა და მნიშვნელოვნად დაზიანდა. სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ცნობით, ეკლესიის შეკეთება/რესტავრაცია დღემდე არ განხორციელებულა, რის გამოც არსებობს ტაძრის სრულად ჩამონგრევის რეალური საფრთხე. ეკლესიას 2007 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. გარდა ამისა, ნაგებობა მდებარეობს თბილისის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონის საზღვრებში, რაც სამართლებრივი დაცვის დამატებით გარანტიას წარმოადგენს. ტაძრის კედლის გვერდით,დაახლოებით 4-5 მეტრში  წამოწყებულია  მშენებლობა, რომელიც ორგანიზაციის განცხადებით,  უხეშად უგულებელყოფს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ დადგენილ ნორმებს.

TDI მიიჩნევს, რომ მიმდინარე მშენებლობა:

[crosslist]

  • საფრთხეს უქმნის სავალალო მდგომარეობაში მყოფ სომხურ ეკლესიას და  მისი სრულად დანგრევის მაღალ რისკს შეიცავს;
  • ხელს უშლის  ეკლესიის ვიზუალურ აღქმას და ამცირებს მის მნიშვნელობას. უგულებელყოფს ისტორიული გარემოს არქიტექტურულ მახასიათებლებს.

[/crosslist]

ეკლესიის გვერდით სამსართულიანი ინდივიდუალური სახლის მშენებლობა  2016 წლის 5 დეკემბერს დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს. სამშენებლო საქმიანობა  მძიმე ტექნიკის დახმარებით ხდებოდა,  შედეგად გამოწვეულმა ძვრებმა კი საფრთხე შეუქმნა ტაძრის სიმყარეს. ქვაბულის ამოღებისას მთლიანად განადგურდა კულტურული ფენები.

ორგანიზაციის ცნობით, ეკლესიის სიახლოვეს გამოვლინდა  აგურით  ნაგები კედლების უკვე დაშლილი ფრაგმენტები, რიყის ქვით ნაგები კედლების ნაშთები და კერამიკის ფრაგმენტები, რაც მოწმობს წარსულში მიწის ქვეშ გარკვეული კონსტრუქციის არსებობას. თუმცა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანახმად, დაზიანების შემდეგ მისი შეფასება/შესწავლა შეუძლებელი გახდა. TDI-ის პოზიციით, წარმოქმნილი  საფრთხეების მიმართ პასუხისმგებელი ადმინისტრაციული ორგანოები ზედაპირულ და გულგრილ დამოკიდებულებებს იჩენენ.

TDI-სთვის თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ სატელოფონო საუბრით მიწოდებული ინფორმაცის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ არ წარმოადგინა კონკრეტული მტკიცებულებები კულტურული ძეგლისათვის მიყენებული ზიანის შესახებ. ამ არგუმენტზე დაყრდნობით, მერიის ზედამხედველობის სამსახურს მშენებლობის შეჩერება არ მოუთხოვია.

ორგანიზაციის განმარტებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის მიზნით, საქართველოს კანონი “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ”ითვალისწინებს დამცავი ზონების განსაზღვრას, რაც გულისხმობს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტების ირგვლივ ან/და მათი გავრცელების ან გავლენის არეალში, კანონით დადგენილი წესით, განსაზღვრულ ტერიტორიას, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს ექსპლუატაციის განსაკუთრებული რეჟიმი და რომლის დანიშნულებაა, მის საზღვრებში არსებული კულტურული მემკვიდრეობა დაიცვას არასასურველი ზეგავლენისაგან.

ძეგლის ინდივიდუალურ დამცავ ზონად განისაზღვრება ტერიტორია უძრავი ძეგლის გარშემო, რომელიც შედგება ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალებისგან და დგინდება ძეგლის ფიზიკური და ვიზუალური დაცვის მიზნით.

ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალი არის ტერიტორია უძრავი ძეგლის გარშემო, სადაც ნებისმიერმა ქმედებამ შესაძლოა ფიზიკურად დააზიანოს ძეგლი ან მისი მიმდებარე ტერიტორია. ფიზიკური დაცვის არეალი  განისაზღვრება მარტივად – ძეგლის სიმაღლე გამრავლებული 2-ზე. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ შამხორეცოცის ეკლესია დაზიანებამდე ერთ-ერთი  ყველაზე მაღალი ეკლესია იყო, მისი დაცვის ზონა, რომელიც მას ავტომატურად ენიჭება, საკმაოდ დიდ ფართობს მოიცავს. კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის 36-ე მუხლის მე-3 ნაწილი კრძალავს ფიზიკური დაცვის არეალში ყოველგვარ საქმიანობას, რომელიც დააზიანებს ან დაზიანების საფრთხეს შეუქმნის ძეგლს, ან გააუარესებს მის აღქმას ან გამოყენებას.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ფიზიკური დაცვის ზონის გარდა ვიზუალური დაცვის ზონითაც სარგებლობს. ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალი არის ტერიტორია ფიზიკური დაცვის არეალის მიღმა, რომლის ცვლილებაც გავლენას ახდენს ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოზე ან/და ძეგლის სრულფასოვან აღქმაზე. შამხორეცოცის ეკლესიისათვის ვიზუალური დაცვის არეალი, კანონის შესაბამისად, 300 მეტრის რადიუსია. ასევე, კულტურული მეკვიდრეობის შესახებ კანონის 36-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ვიზუალური დაცვის არეალში აკრძალულია იმგვარი მოქმედებები, რომლებიც დააზიანებს ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოს, ხელს შეუშლის ძეგლის ოპტიმალურ ხედვას, მის სრულფასოვან აღქმას ან შეამცირებს მის მნიშვნელობას.

“ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მშნებელობის ნებართვის გაცემისას დარღვეულია კულტურული მეკვიდრეობის შესახებ კანონის 36-ე მუხლი; უგულებელყოფილია კულტურული ძეგლის როგორც ვიზუალური, ისე ფიზიკური დაცვის არეალები”,- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაციამ შეისწავლა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ საქმის წარმოების მასალები და დაადგინა, რომ ისტორიული განაშენიანების ზონაში მიმდინარე მშენებლობას თან არ ახლავს კანონით დადგენილი დასაბუთება – მშენებლობის ნებართვის გაცემას წინ არ უძღოდა არქეოლოგიური ზედამხედველობა, რაც დაადასტურდა კიდეც გათხრების ეტაპზე აღმოჩენილმა კულტურულმა ფენებმა. მიუხედავად ამისა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს ურბანული მემკვიდრეობის სექციამ ეკლესიის გვერდით მშენებლობის შესახებ დადებითი შეფასება გასცა 2014 წლის 2 თებერვალს.

“თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ქმედებები მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ უგულებელყოფს როგორც კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონს, ასევე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის მატერიალური კანონიერების სტანდარტებს, რომ ადმინისტრაციულს-სამართლებრივი აქტი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონს და ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და გადაწყვეტილება მიიღოს მათი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე”,- ნათქვამია განცხადებაში

ასევე, ახალი მშენებლობისა ან არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციისას უნდა მოხდეს მომიჯნავე შენობა-ნაგებობებზე ზემოქმედების გამოკვლევა და შეფასება. დამგეგმარებელმა და მშენებელმა უნდა უზრუნველყონ ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება, რათა გამოირიცხოს მათი მიზეზით მომიჯნავე შენობა-ნაგებობების კონსტრუქციების დეფორმაცია და დაზიანება.

ვინაიდან “შამხორეცოც სუბ ასტვაწაწინის” ეკლესია სახელმწიფოს ბალანსზეა, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიას არ გააჩნია ბერკეტი სამართლებრივ დონეზე მოითხოვოს ეკლესიის დაცვა ან/და თავად უზრუნველყოს მისი მოვლა-პატრონობა. სომეხთა სამოციქულო ეკლესია მოკლებულია შესაძლებლობას, მოითხოვოს ეკლესიის გვერდით მიმდინარე მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობა.

მიუხედავად ამისა, სომეხთა სამოციქულო ეკლესია ცდილობს “შამხორეც სუბ ასტვაწაწინის” გადარჩენას. საფრთხეების შესახებ მათ ინფორმაცია მიაწოდეს თბილისის მერიას და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ მოუწოდებია TDI-ისთვის ინფორმაცია, საქმეზე დაწყებულია თუ არა გამოძიება.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, TDI მოუწოდებს:

[checklist]

  • საქართველოს შინაგან საქმეთა საიმინისტროს, დროულად დაიწყოს ობიექტური და ეფექტური გამოძიება კულტურული მემკვიდრეობს ძეგლზე მიმდინარე უკანონო ზემოქმედების ფაქტზე.
  • კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, მოუაროს და დაიცვას ავარიულ მდგომარეობაში არსებული ძეგლი; შეიმუშაოს მისი სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტები; დაუყოვნებლივ მიაწოდოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს ინფორმაცია  კულტურულ ძეგლზე განხორციელებული უარყოფითი ზემოქმედების თაობაზე;
  • ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს, შეაჩეროს მშენებარე ობიექტი, რომლის მშნებლობის ნებართვაც კანონის დარღვევით არის გაცემული;
  • ქალაქ თბილისის მერიას, არქიტექტურის სამსახურსა და კულტურისა და ძეგლთადაცვის სამინისტროს, საჯაროდ წარმოადგინონ დეტალური ინფორმაცია და სამართლებრივი დასაბუთება აღნიშნული კულტურული მემკვიდრეობს ძეგლის გვერდით მშნებლობის ნებართვის გაცემის კანონიერების თაობაზე;
  • კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, შეასრულოს მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულება – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა და შენარჩუნება, მისი სისტემატიური შემოწმება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ხელყოფის აღკვეთა.

[/checklist]

მასალების გადაბეჭდვის წესი