ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა კომიტეტმა კვოტირების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

11 სექტემბერი, 2017 • 2131
ადამიანის უფლებათა კომიტეტმა კვოტირების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა კანონპროექტს გენდერული კვოტირების შესახებ მხარი დაუჭირა. კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, საპარლამენტო არჩევნების დროს პროპორციულ სიაში ყოველი მეორე კანდიდატი განსხვავებული სქესის უნდა იყოს, მხარი 8 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ერთი წავიდა.

როგორც კანონპროქტის ერთ-ერთი ინიციატორი, ორგანიზაცია “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელი, ირმა პავლიაშვილი ამბობს, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტში მინიმუმ 30-დან 50 პროცენტამდე უნდა იყოს.

კანონპროექტის მიხედვით, არსებულ საარჩევნო სისტემაში, თუ პროპორციული სიის 50%-ს ქალები დააკომპლექტებენ, მათი წარმომადგენლობა პარლამენტში მინიმუმ 25%-იანი იქნება.

კანონპროექტში ასევე გათვალისწინებულია უფლებამონაცვლეობის საკითხიც, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ დეპუტატი ვადაზე ადრე დაკარგავს მანდატს, ის იმავე სქესის წარმომადგენელმა უნდა ჩაანაცვლოს:

“კვოტა ზოგადად დროებითი ღონისძიებაა და დროებითი ღონისძიება განსაზღვრული უნდა იყოს მანამ, სანამ არ დავინახავთ, რომ სიტუაცია გამოსწორდა და ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში არ გაიზარდა. შესაბამისად, ეს იქნება ერთი კონკრეტული არჩევნების დროს თუ რამდენიმე არჩევნებისთვის, ამას პრაქტიკა გვიჩვენებს,” – ამბობს პავლიაშვილი.

იმისათვის, რომ კანონპროექტმა კანონის სახე მიიღოს, მას მხარი კიდევ ორმა, იურიდიულმა და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტებმა უნდა დაუჭიროს, შემდეგ კი პარლამენტმა სამი მოსმენით უნდა დაამტკიცოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი