ახალი ამბები

“ქართულმა ოცნებამ” 63-დან მხოლოდ 2 ქალი წარადგინა მერობის კანდიდატად

8 სექტემბერი, 2017 • 2545
“ქართულმა ოცნებამ” 63-დან მხოლოდ 2 ქალი წარადგინა მერობის კანდიდატად

“ქართულმა ოცნებამ” საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში წარდგენილი მერობის კანდიდატების სია გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ ქალი კანდიდატი მხოლოდ ორია მუნიციპალიტეტში იბრძოლებს.

ესენი არიან: ლელა ქიტესაშვილი, რომელიც თიანეთის მერობის კანდიდატია “ქართული ოცნებიდან”და ანივარდ მოსონიანი – ნინოწმინდაში ქართული ოცნების კანდიდატი.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება. მოქმედი კანონმდებლობით, თვითმმართველობებში გამგებლების ნაცვლად აირჩევიან მერები.

“ქართული ოცნების” სიას გამოეხმაურა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი”

“პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის ზრდაზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია ხელისუფლებას და მმართველ პარტიას. პოლიტიკური პარტიების მხრიდან მერობის კანდიდატებად ქალების უკიდურესად მცირე რაოდენობით დასახელების ტენდენცია შემაშფოთებელია და  ადასტურებს, რომ უგულვებელყოფილია საზოგადოების მოთხოვნა, უზრუნველყოფილ იქნას ქალისა და კაცის თანაბარი მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებში. ამით, ასევე არ ხდება სახელმწიფოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, რაც  საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, კანდიდატების და სიების საბოლოო რეგისტრაციამდე  გაითვალისწინონ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობა, 2017 წლის თვითთმართველობის არჩევნებისათვის წარადგინონ გენდერულად დაბალანსებული სიები და უზრუნველყონ არჩევნებში სქესთა თანაბარი მონაწილეობა”,- ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი