ახალი ამბებისაზოგადოება

საქართველოს დავალება ამერიკელ ლობისტებს

7 სექტემბერი, 2017 • 6004
საქართველოს დავალება ამერიკელ ლობისტებს

2017 წლის განმავლობაში მთავრობის ადმინისტრაციამ საქართველოს სასარგებლოდ ლობისტური საქმიანობის საწარმოებლად, ასევე, კონსულტაციის მისაღებად, ვაშინგტონში ორ ფირმასთან გააფორმა კონტრაქტები. რაში სჭირდება ოფიციალურ თბილისს ლობისტების დახმარება?

[red_box]კონტრაქტები ამერიკელ ლობისტებთან[/red_box]

მაისში მთავრობამ ზეპირი შეთანხმება დადო ვაშინგტონში მოქმედ ამერიკულ ფირმასთან Rasky partners, რომელიც ლობისტურ საქმიანობას ეწევა. შეთანხმება თავდაპირველად 3 თვეზე იყო გაწერილი და ანაზღაურების სახით, ჯამში, 90 ათასი დოლარის გადახდას ითვალისიწნებდა, თუმცა შემდეგ 2017 წლის ბოლომდე გაგრძელდა. საქართველო თვეში 30 ათას დოლარს იხდის. შეთანხმების მიხედვით, კომპანია იღებს ზეპირ ვალდებულებას, რომ კონგრესსა და თეთრ სახლში საქართველოს დაეხმარება უსაფრთხოების მიმართულებით მხარდაჭერის გაზრდაზე, ასევე, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე.

კომპანია Rasky partners-ის ხელმძღვანელი ლარი რასკია. 2007 წელს ის “ბაიდენი პრეზიდენტად” კამპანიის კომუნიკაციების დირექტორი იყო. ბაიდენის გარდა მას უმუშავია ჯონ კერისთან, სენატის კამპანიის პერიოდში, კონგრესმენ ედ მარკისთან, ასევე, პრეზიდენტ ჯიმი კარტერის საარჩევნო კამპანიაში  ვიცეპრესმდივნის თანამდებობაზე.

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული საჯარო მასალების მიხედვით, Rasky partners – თან შეთანხმების მხარე, საქართველოს სახელით, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილია.

მეორე კონტრაქტი, რომელიც საქართველომ დადო, ივლისიდან შევიდა ძალაში და მას მოქმედების ერთწლიანი ვადა აქვს. სურვილის შემთხვევაში მხარეებს მისი გახანგრძლივებაც შეუძლიათ. Rasky partners-ისგან განსხავვებით, StrateVarious – თან მაია ცქიტიშვილმა წერილობით კონტრაქტს მოაწერა ხელი. საქართველო აღნიშნულ ფირმას საკონსულტაციო მომსახურებაში თვეში 12 ათას დოლარს უხდის. ეს შეთანხმება ამერიკელ ლობისტებთან დადებული სხვა კონტრაქტებისაგან იმით განსხვავდება, რომ შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობა მასში უფრო ვრცლად არის მოცემული.

“მიუხედავად ტრამპის ადმინისტრაციის ლიდერებსა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის გამართული რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრისა, ახალი ადმინისტრაციის სტრატეგიული ხედვა დღევანდელი გაფართოებული გეოპოლიტიკური დინამიკისა, სადაც საქართველოს ინტერესები ექცევა, ძირითადად უცნობია”, – ვკითხულობთ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და StrateVarious-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულების დანართში, სადაც კომპანიის მხრიდან შესასრულებელი სამუშაოს აღწერაა მოცემული.

“უფრო მეტიც, ადმინისტრაციის წინაშე არსებული სხვა დღის წესრიგი – მაგალითად, რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება, ნატოსთან დაკავშირებული ეჭვები (მერყეობა), ევროპასთან და ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გაციება – პოტენციურად ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს. თუ საქართველოს მიმართ მრავალმხრივი  (ყოვლისმომცველი) პოლიტიკა შემუშავებულია, ის სავარაუდოდ გავრცელებული იქნება რამდენიმე დეპარტამენტზე, კონგრესსა და თეთრ სახლზე.

სტრატეგიის შემუშავების ფრაგმენტული ხასიათი, რომელიც პრიორიტეტულად აყენებს ტრანსაქციურ შესაძლებლობებს, საჭიროებს მუდმივ მონიტორინგსა და ანალიზს.  StrateVarious უზრუნველყოფს მოცემული ლანდშაფტის მუდმივ შესწავალას/კვლევას იმ მიზნით, რომ გააფრთხილოს კლიენტი ორივე შემთხვევაში აშშ-ის ინტერესებსა და პოლიტიკაში საქართველოს ინტერესების გაყინვასთან დაკავშირებით თუ პირიქით”, – ნათქვამია კონტრაქტში და აღნიშნულია, რომ StrateVarious ასევე განახორციელებს გაფართოებული გეოპოლიტიკური ტენდენციების მონიტორინგს და კლიენტისათვის აღნიშულ ტენდენციაში ფიქსირებულ საფრთხეებსა თუ შესაძლებლობებს გამოკვეთს.

“StrateVarious მიმართავს თავის სტრატეგიულ და მიზნობრივ ძალისხმევას, რათა უზრუნველყოს ყოვლისმომცველი სტრატეგიული ნარატივების შემუშავება საქართველოს ამბის ყველაზე ეფექტური საშუალებით გასავრეცლებლად. StrateVarious განსაზღვრავს თემებს, რომლებიც ყველაზე მეტად რეზონანსული იქნება ტრამპის ადმინისტრაციისათვის.

შეისწავლის, თუ როგორ შეიძლება აღნიშნული თემების ეფექტურად არტიკულირება და მიწოდება სხვადასხვა მომხმარებლისთვის (ინტერესთა ობიექტისთვის) (პოლიტიკის ელიტები, კონგრესი, მედია Think Thank-ები, ბიზნესი, უცხო ქვეყნის მთავრობები)”, – ნათქვამია კონტრაქტში.

StrateVarious ასევე ვალდებულებას იღებს, რომ მოამზადებს ნარატივებს საქართველოს საელჩოსთვის და საქართველოს მიერ დაქირავებული სხვა კონსულანტების მხრიდან გამოყენების მიზნით. დოკუმენტის თანახმად, ამ სტრატეგიულ ნარატივებში დემონსტრირებული უნდა იყოს, როგორ ეხმარება საქართველო ამერიკის ინტერესებს, შესაბამისად, უნდა აიხსნას, რატომ არის აშშ-ის ინტერესებში საქართველოსადმი მხარდაჭერა.

დოკუმენტის მიხედვით, StrateVairous იმუშავებს იმ გზების განსაზღვრაზე, რომლითაც საქართველოს ამერიკის დახმარება შეუძლია. კონტრაქტში შესაძლებლობების კუთხით დასახელებულია რეგიონში დაზვერვის საკითხებში თანამშრომლობა, რუსული განვითარებისა და პერსონალიების შესახებ ვაშინგტონის უზრუნველყოფა საქართველოს დაკვირვებებით. კონტრაქტში ასევე საუბარია იმაზე, რომ ტრამპის კრიტიკა ნატოს იმ წევრებისადმი, რომლებიც ალიანსში სათანადო კონტრიბუციას არ ახორციელებენ, საქართველოს სასარგებლოდ მუშაობს, რადგან ის ნატოს წევრი საერთოდ არაა, მაგრამ ვალდებულებაზე მეტს აკეთებს.

“ამავდროულად, ნარატივები, რომლებიც დემოკრატიული ოპოზიციის უმთავრეს პრიორიტეტებს შეიცავს (ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, პრესის თავისუფლება) უნდა განვითარდეს უფრო გრძელვადიანი სტრატეგიული პოზიციონირებისთვის”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

StrateVairous ასევე ვალდებულებას იღებს, რომ დაეხმაროს საქართველოს მაღალი თანამდბეობის პირების კომუნიკაციების გუნდებს პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრისა და ელჩის სიტყვათა მომზადებაში და ა.შ.

StrateVairous-ის ხელმძღვანელ ენდერს ვიმბუშს უმუშავია მარშალის ფონდში, ჰადსონის უნივერსიტეტში, 1987 – 1993 წლებში ის რადიო თავისუფლების ფილიალის დირექტორი იყო მიუნხენში.

ტრამპი და საქართველო

მიუხედავად საკმაოდ კრიტიკული მოლოდინებისა, რომელსაც წინასაარჩევნო პერიოდში ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადებები ედო საფუძვლად, თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის პირობებში საქართველოსა და ვაშინგტონის ურთიერთობებში საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

“ჩვენ ტრამპის ადმინისტრაციასთან დღეს უფრო მაღალ დონეზე გვაქვს ურთიერთობა, ვიდრე ობამასთან გვქონდა”, – ეს განცხადება თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომისტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა გააკეთა 2016 წლის დეკემბრის ბოლოს.

“პირდაპირ კავშირზე ვართ მთავარ მრჩეველთან, თუკი მანამდე თანაშემწესთან გვქონდა ურთიერთობა…  ძალიან კარგი, საინტერესო და პრაგამტულ შედეგებზე ორიენტირებული ურთიერთობა დავიწყეთ…”, – განაცხადა სესიაშვილმა 2016 წლის მიწურულს.

2017 წლის თებერვალში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონს შეხვდა. ხაზგასასმელია, რომ ჯანელიძე ერთ-ერთი პირველი უცხოელი დიპლომატი იყო, რომელიც ტილერსონმა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მიიღო.

გარდა ჯანელიძისა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს ორი ვიცეპრემიერი: ფინანსთა და განათლების მინისტრები.

2017 წლის მაისში საქართველოს მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება გაავრცელა 30-მა ამერიკელმა კონგრესმენმა. მათ პრეზიდენტ ტრამპს მიმართეს და საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხის დაჩქარება, ასევე ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თბილისის მისწრაფებების მხარდაჭერა ითხოვეს.

2017 წლის მაისში აშშ-ში შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი, სადაც ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსს შეხვდა.  

ვაშინგტონში გაფორმდა აშშ-სა და საქართველოს შორის “საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების ზომების შესახებ” შეთანხმება. ეს შეთანხმება იძლევა საფუძველს, რომ ორ ქვეყანას შორის გაძლიერდეს უსაფრთხოების დარგში ურთიერთობა და ტერორიზმის წინააღმდეგ თანამშრომლობა.

ამასთანვე, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა არაღიარების პოლიტიკის ფარგლებშიც, მაისში აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო აქტს, რომლის მიხედვითაც ვერც ერთი სახელმწიფო ვერ მიიღებს აშშ–ისგან ფინანსურ დახმარებას, რომელიც აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და დაამყარებს მათთან დიპლომატიურ ურთიერთობას.

აქტში წერია, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არის რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები. ამას გარდა, აშშ წინააღმდეგი იქნება ნებისმიერი სახის დახმარებისა (სესხი, კრედიტი ან გარანტია) ნებისმიერ პროგრამაზე, რომელიც ლახავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

“ჩვენ მივიღეთ ძალიან მყარი გარანტიები აშშ-თან პარტნიორობის გაღრმავების კუთხით ყველა მიმართულებით. ეს იყო ძალიან პოზიტიური შეხვედრა”, – ეს უკვე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სიტყვებია, რომელიც მან ვაშინგტონში გამართული შეხვედრების შემდეგ წარმოთქვა.

ხაზგასასმელია პროექტი, რომელიც ევროპასა და ევრაზიაში რუსეთის ფედერაციის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლისათვის სპეციალური ფონდის შექმნას ითვალისიწნებს. 2018-2019 წლებში აშშ-მა უნდა გამოყოს 250 მილიონი დოლარი რუსეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლისათვის. ამ ფონდიდან გარკვეულ სახსრებს საქართველოც მიიღებს.

გარდა ამისა, 2017 წლის ზაფხულში საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ანალიტიკოსების ნაწილი პენსის ვიზიტის შემდეგაც ამბობდა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის სტრატეგია რუსეთთან და საკითხების იმ სპექტრთან მიმართებაში, რომელშიც საქართველოს ინტერესები ფიგურირებს, ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ იყო. როგორც Stratevarious-თან დადებული ხელშეკრულებიდან ირკვევა, ამ მოსაზრებას საქართველოს მთავრობაშიც იზიარებენ და სავარაუდოდ სწორედ ამიტომ გააფორმეს ხელშეკრულებები ლობისტებთან დახმარებისთვის.

როდესაც ტრამპსა და საქართველოზე ვსაუბრობთ, გასათვალისწინებელია კიდევ ერთი დეტალი. ვაშინგტონში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტიდან ორიოდე კვირაში გამოქვეყნდა შეერთებული შტატების ბიუჯეტის პირველი პროექტი 2018 წლისათვის. ის ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს არაერთი მიმართულებით, სამაგიეროდ იზრდება თავდაცვის ბიუჯეტი. ამ  პროექტით, სახელმწიფო დეპარტამენტისა და USAID-ის პროგრამების დაფინანსება დაახლოეით 30%-ით უნდა შემცირდეს.

ამ პროგრამებიდან დახმარებას საქართველოც იღებს. თუ 2016 წელს საქართველომ აშშ-დან $80.6 მილიონის დახმარება მიიღო, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული პროექტით ეს თანხა $34.1 მილიონამდე ანუ, ჯამში, 2.3-ჯერ მცირდება. მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტის პროექტით, 2016 წლისაგან განსხავებით, 2018-ში საქართველო ვეღარ მიიღებს უსაფრთხოების მიმართულებაზე გამოყოფილ 30 მლნ დოლარს.

აშშ-ის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტიდან

აშშ-ის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტიდან

თუმცა ეს ჯერ მხოლოდ ტრამპის ადმინისტრაციის პირველადი პროექტია, რომელიც დიდი ალბათობით დაკორექტირდება, და არა აშშ-ის საბოლოო ბიუჯეტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი