ახალი ამბები

უნდა გამოეყენებინა თუ არა პოლიციას მეტი ძალა და სპეციალური ტექნიკა

17 მაისი, 2013 •
უნდა გამოეყენებინა თუ არა პოლიციას მეტი ძალა და  სპეციალური ტექნიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ საზოგადოება უმცირესობების მისაღებად მზად არ არის:

 

“საზოგადოება, ჩემი აზრით, არ არის ბოლომდე მომწიფებული იმისთვის, რაც ხდება. ჩვენ არა ვართ ამისთვის მზად,  ქვეყანა , ხალხი არ არის მზად მიიღოს სექსუალური უმცირესობები ერთი ხელის მოსმით და ამის თავს მოხვევა ერთი მხრივ და პოპულარიზება  არ შეიძლება. “

 

მისივე თქმით, პოლიციას მეტი ძალა უნდა გამოეყენებინა:

 

“მე ვფიქრობ, რომ პოლიციამ უფრო მეტი ძალა უნდა გამოიყენოს, რომ განმუხტოს სიტუაცია და კანონის დარღვევის მემთხვევაში პასუხი აგებინოს თითოეულ მოქალაქეს.”

 

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ შს სამინისტრომ მაქსიმუმი გააკეთა და მას მადლობა ეკუთვნის:

 

“ხელისუფლებამ მაქსიმალური სცადა, რაც შეიძლებოდა. შს სამნისტროს ეკუთვნის მადლობა იმისათვის, რომ მშვიდობიანად, მაქსიმალურად მშვიდობიანად ჩაიარა, მსხვერპლი არ არის, მიზერულად არიან დაშავებული ადამიანები და ეს კარგია. მადლობა უნდა ვთქვათ იმაზე, რომ რაც შეიძლება ნაკლები არის დაშავებული და სისხლის რაოდენობა პრაქტიკულად არ არის.”

 

უმრავლესობის კდიევ ერთი წევრი მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ პოლიციამ ადეკვატურად იმუშავა:

 

“არ ყოფილა ისეთი შეხლა-შემოხლა, რომ მეტი ძალა გამოეყენებინა. მე ვფიქრობ, რომ  ნორმალურად მოქმედებს პოლიცია.”

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებები ძალადობას ხელს უწყობს.  ჯაფარიძე ასევე მიიჩნევს, რომ პოლიციას სპეციალური ტექნიკა უნდა ჰქონოდა:

 

“მე რა კადრებიც ვნახე, აშკარად ჩანდა, რომ პოლიციას უნდა ჰქონოდა სპეციალური აღჭურვილობა. რომ არ ყოფილიყო იქ ყვითელი ავტობუსები, რომელიც მერიამ მიაწოდა პოლიციას იმიტომ, რომ პოლიციამ თვითონ არ მოახდინა მისი მობილიზება, იქ შეიძლებოდა მსხვერპლიც ყოფილიყო და გაცილებით უფრო მძიმე დაშავება შეიძლებოდა მიეღოთ ადამიანებს. ამიტომ, ცხადია, მომზადების დონე არ იყო ადეკვატური. ეს იყო ანტურაჟი შექმნილი, თითქოს პოლიცია მობილიზებულია და მოქმედებს, მაგრამ რაც ვნახეთ, ეს არის შედეგი იმის, რომ პოლიცია მოქმედებდა არაპროფესიონალურად. ეს არის ხელმძღვანელობის ბრალი და არა რიგითი პოლიციელების.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი