ახალი ამბები

შერგელაშვილი: პრემიერი ადასტურებს, რომ თვითმმართველობა მათი პრიორიტეტი არ არის

6 სექტემბერი, 2017 • 1528
შერგელაშვილი: პრემიერი ადასტურებს, რომ თვითმმართველობა მათი პრიორიტეტი არ არის

“შენების მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატი თენგიზ შერგელაშვილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას პასუხობს თვითმმართველობების დაფინანსებასთან დაკავშირებით. შერგელაშვილის თქმით, პრემიერის დაპირება, რომელიც შეეხება უხლოესი 10 წლის მანძილზე მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების გაორმაგებას, რეალური არ არის:

“ქართული ოცნების ლიდერი პრაქტიკულად ადასტურებს, რომ თვითმმართველობა მათი პრიორიტეტი არ არის და არც მომავალი 10 წლის განმავლობაში იქნება”,- აცხადებს შერგელაშვილი.

მისივე განმარტებით, საერთოდ, ხელი რომ არ გაანძრიოს მთავრობამ, უფრო მალე შეიძლება გაორმაგდეს, ვიდრე 10 წელიწადში, რადგან როცა იზრდება მთლიანი შიდა პროდუქტი და საერთო საბიუჯეტო სახსრები, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიც ავტომატურად იზრდება.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 3 სექტემბერს, რაჭა-ლეჩხუმში სტუმრობისას, განაცხადა, რომ სტრატეგიული გეგმის მიხედვით, უნდა გაორმაგდეს თვითმმართველობის დაფინანსება:

“ჩვენი სტრატეგიული გეგმის მიხედვით, მომავალი ათი წლის განმავლობაში უნდა გავაორმაგოთ ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსება. ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევს იმას, რომ მაღალი პროფესიონალები დაბრუნდებიან თავიანთ რაიონებში, რეგიონებში, და იმუშავებენ ჩვენი ქვეყნის და მათი საკუთარი კუთხის სასიკეთოდ”.- განაცხადა კვირიკაშვილმა.

შერგელაშვილმა ისიც გაიხსენა, რომ გასული 8 წლის მანძილზე თვითმმართველობის დაფინანსება გაორმაგდა. 2009 წელს მათი ჯამური ხარჯები შეადგენდა 1,103 მლნ ლარს, რაც 2016 წელს 2,105 მლნ ლარამდე გაიზარდა

“მნიშნელოვანია, რომ წილის ზრდა არ დაფიქსირებულა მშპ-სთან მიმართებაში, რაც მაჩვენებელია იმისა, რეალურად გაუმჯობესდა თუ არა მუნიციპალიტეტის ფინანსური მდგომარეობა. 2009 წელს მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ხარჯები მშპ-ს 6,1% იყო, ხოლო 2016 წელს – 6,2%. ანუ, ფაქტობრივად, იგივე დარჩა. აქედან გამომდინარე, მმართველი გუნდის დაპირება, რომ თვითმმართველობების ბიუჯეტი გაორმაგდება 10 წელიწადში, მიუთითებს იმაზე, რომ რეალურად ბატონი კვირიკაშვილი გვპირდება არათუ ზრდას, არამედ შემცირებას.  გასული 8 წლის განმავლობაში, თვითმმართველობის დაფინანსება უკვე გაორმაგდა და ანალოგიურ ზრდას მომავალი 10 წლის განმავლობაში ისედაც უნდა ველოდოთ”,- განაცხადა შერგელაშვილმა. 

“შენების მოძრაობის” მერობის კანდიდატი მოსახლეობას ჰპირდება, რომ  გამარჯვების შემთხვევაში, ადგილობრივი ხელისუფლებიდან აქტიურად იბრძოლებს საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც მუნიციპალურ ბიუჯეტებს 5 წელიწადში გააორმაგებს და გაიზრდება მისი წილი საერთო საბიუჯეტო სახსრებში, ამას კი შემდეგნაირად აპირებს –მუნიციპალიტეტებს ბიუჯეტში უნდა დარჩეს დაქირავებით მომუშავეთა მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის 30% და კანონმდებლობაში უნდა დაფიქსირდეს გათანაბრებითი ტრანსფერის მთლიანი ფონდის პროცენტული მიმართება მშპ-სთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი