ახალი ამბები

პროკურატურა განმარტავს რობაქიძის საქმეზე სასამართლოს გადავადების მიზეზს

16 მაისი, 2013 •
პროკურატურა განმარტავს რობაქიძის საქმეზე სასამართლოს გადავადების მიზეზს

პროკურატურაში ადასტურებენ, რომ მათ სასამართლოს მართლაც მიმართეს, ერთი თვით გადაედოთ, ანუ 30 ივნისისთვის ჩაენიშნათ წინასასამართლო სხდომა ირაკლი ფირცხალავას, გურგენ დონაძის, ალექსანდრე გვაზავას, დავით იაშვილის, ზურაბ მიქაძის, ზურაბ ბაქრაძის და ლევან ლობჟანიძის ბრალდების საქმეზე.

 

პროკურატურაში განმარტავენ, რომ ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულ ირაკლი ფირცხალავას მიერ წარმოდგენილ ვიდეოფირზე გამოძიების მიერ დანიშნულ იქნა  ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველში, ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურ ბიუროში და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კრიმინალური პოლიციის ექსპერტიზის სამსახურში. გამოძიების მიერ მიღებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს დასკვნა, რომლის თანახმადაც ბრალდებულ ფირცხალავას მიერ გამოძიებისათვის წარმოდგენილი ვიდეოფირი მიღებულია მონტაჟის წესით: 

 

“საქართველოს პროკურატურა იძულებულია კიდევ ერთხელ განმარტოს, რომ საქმის სასამართლო განხილვის გადადების მოთხოვნის საფუძველი არის მხოლოდ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროსა და გერმანიის კრიმინალური პოლიციის ექსპერტიზების დასკვნების მიღების მოლოდინი. აღნიშნული საექსპერტო დასკვენების მიღების სავარაუდო ვადაა მაისის ბოლო – ივნისის დასაწყისი. სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით მოითხოვა პროკურატურამ საქმის სასამართლო განხილვის დაწყების თარიღის გადადება”, – აცხადებენ პროკურატურაში. 

 

საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ  აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულ არც ერთ პირს დღემდე, ანუ 2013  წლის 16 მაისამდე, არ წარუდგენია ბრალდებულ ი. ფირცხალავს მიერ წარმოდგენილ ვიდეოფირის კვლევის რაიმე ალტერნატიული დასკვნა:

 

“შესაბამისად, გამოძიებას გააჩნია მხოლოდ შსს საექსპერტოკრიმინალისტიკური სამმართველოს მიერ გაცემული ჰაბიტოსკოპიური და ფონოსკოპიური დასკვნები, რომელთა თანახმადაც  . ფირცხალავას მიერ გამოძიებისთვის წარმოდგენილი ვიდეოფირი ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს მონტაჟს. აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროსა და გერმანიის კრიმინალური პოლიციის ექსპერტიზების დასკვნების მიღებისთანავე საქმე წარიმართება სასამართლოში განხილვისათვის”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულებმა განაცხადეს, რომ რამდენიმე ქვეყნიდან ექსპერტიზის პასუხები მოვიდა, რომელიც ბუტა რობაქიძის მკვლელობის ამსახველი და ფირცხალავას მიერ გავრცელებული ვიდეოკადრების ავთენტურობას ადასტურებს. ასევე, მათი განცხადებით, გამოძიება ჩიხშია შესული და ამის გამო ხდება სასამართლო პროცესების გადადება:

 

“ბრალდებულები ან გასამართლებას, ან ბრალის მოხსნას ვითხოვთ. პირველი სასამართლო ჯერ კიდევ თებერვალში უნდა გამართულიყო, მერე მარტში, მერე აპრილში. ახლა ვიცოდით, რომ 30 მაისს იყო ჩანიშნული, მაგრამ განგვიცხადეს, რომ 30 ივნისისთვის გადაიდო. ჩვენ ვითხოვთ, რომ არ გადაიდოს და ეს წერილობით დავაფიქსირეთ დღეს. გამოძება არის მოქცეული ჩიხში, წინსვლა არ არის საქმეში,”- განაცხადა ლევან გვაზავამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი