ახალი ამბები

ზურაბ ჯაფარიძე: ფინანსთა მინისტრმა აღიარა, რომ ეკონომიკაში ნამდვილად არსებობს პრობლემები

16 მაისი, 2013 •
ზურაბ ჯაფარიძე: ფინანსთა მინისტრმა აღიარა, რომ ეკონომიკაში ნამდვილად არსებობს პრობლემები

“ვისაუბრეთ 2012 წელზეც, თუმცა ძირითადად უმცირესობის ინტერესი იყო 2013 წელი, ის საკითხები, რომელიც ხორციელდება. მე მივაწოდე მათ ინფორმაცია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. საქართველოს 2013 წლის ბიუჯეტში არანაირი პრობლემები არ არის, ბიუჯეტი აგრძელებს ინფრასტრუქტურული პროეტების დაფინანსებას და ვფიქრობ, რომ წელი იქნება საკმაოდ წარმატებული. ქართული ეკონომიკა არის მსოფლიოში 114-ე ადგილზე და ცხადია, ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ეს მაჩვენებელი გავაუმჯობესოთ, ხოლო რაც შეეხება შემოსავლებს, შემოსავლების მობილიზების თვალსაზრისით არანაირი პრობლემები არ გვაქვს.”

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურა ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ფინანსთა მინისტრის ოპტიმიზმს ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის საქმეში ვერ იზიარებს:

 

“ყველა კითხვა დღეს, ცხადია, არ დასმულა, იმიტომ, რომ ძირითადი განსახილველი საკითხი იყო 2012 წლის ბიუეჯეტი,  რომელიც ძალიან მალე გავიარეთ და შემდეგ ფინანსთა მინისტრი დაგვთანხმდა, რამდენიმე კითხვა დაგვესვა. დროში შეზღუდულები ვიყავით. რაღაც კითხვები დაისვა, პასუხები გარკვეულ კითხვებზე იყო დამაკმაყოფილებელი, გარკვეულ კითხვებზე- არადამაკმაყოფილებელი. მათ შორის, ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ფინანსთა მინისტრმა აღიარა, რომ ეკონომიკაში ნამდვილად არსებობს პრობლემები, უბრალოდ ის არის ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი, თუმცა, რას ეფუძნება ეს ოპტიმიზმი, ჩემთვის სრულიად გაუგებარია. მან თქვა, რომ ეს პრობლემები გამოსწორებადია. მათ შორის ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა – არ არის მაღალი ინფლაციაო და ეს ორი რამე რა კავშირშია ერთმანეთთან, ჩემთვის გაუგებარია. სხვა რაიმე არგუმენტაცია, ან რაიმე ხედვა, როგორ აპირებენ ისინი  ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, უბრალოდ არ არსებობს და არის უბრალოდ მოლოდინი, რომ რაღაცები თავისით  მოხდება და მე ამ ოპტიმიზმს ვერ ვიზიარებ.”

 

უმცირესობის კიდევ ერთი წევრი გოკა გაბაშვილი აცხადებს, რომ ხადურს კიდევ მოიწვევენ:

 

“ვაპირებთ, რომ მომავალში ისევ მოვიწვიოთ ფინანსთა მინისტრი, ეს დრო ძალიან ცოტა იყო  მთელი დისკუსიისთვის. ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ ცხადია, რომ ბიუჯეტი, რომელიც დახვდა ფინანსთა მინისტრს, იყო ძალიან კარგად აწყობილი ბიუჯეტი და შესრულდა. იყო ძალიან კარგად აწყობილი საგადასახადო და საბაჟო სამსახურები. მან ახლაც აღიარა, რომ არის გამართული ინსტიტუტები. 2012 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით არანაირი პრობლემები არ ყოფილა, შესაბამისად, თუ რაიმე პრობლემები იქნება წელს,  ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს და მთლიანად ეკონომიკური გუნდის წლევანდელი მინუსების ხარვეზები.  მხოლოდ ერთი საათი იყო და, შესაბამისად, ყველა საკითხი ვერ განვიხილეთ. უმცირესობასთან სხდომაზე მოვიწვევთ ფინანსთან მინისტრს, ოღონდ არა ამ ფორმატით. დრო იყო შეზღუდული.”

 

ამ წუთებში ნოდარ ხადური საპარლამენტო უმრავლესობას ხვდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი