ახალი ამბები

გარემოს დაცვის სამინისტროში თითქმის ყველა თანამდებობა ვაკანტური ხდება

16 მაისი, 2013 • 1946
გარემოს დაცვის სამინისტროში თითქმის ყველა თანამდებობა ვაკანტური ხდება

“დაახლოებით ორი კვირის ვადაში დაიწყება ვაკანსიების გამოცხადება, როგორც რიგით, ასევე დეპარტამენტების ხელმძღვანელების თანამდებობებზე. ამ დროისთვის სამინისტროში გარკვეულ თანამდებობებზე მოვალეობის შემსრულებლები მუშაობენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომავალში ამ თანამდებობებზე აუცილებლად ისევ ეს პირები დაინიშნებიან, ჩვენ კონკურსის პრინციპით შევარჩევთ თანამშრომლებს”, – განაცხადა ხათუნა გოგალაძემ.


მინისტრის თქმით, პირველ ეტაპზე ვაკანტური იქნება თანამდებობები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში, რომელიც გაუქმებული გარემოსდაცვითი ინსპექციის ნაცვლად შეიქმნა. აღნიშნულ დეპარტამენტში 330 საშტატო ერთეულია:


ხათუნა გოგალაძე
ხათუნა გოგალაძე

“ძალიან მნიშვნელოვანია ამ დეპარტამენტის შექმნა, რომელსაც საქართველოს მასშტაბით კონტროლის განხორციელება დაევალება, აქამდე გარემოსდაცვით კონტროლს რვაკაციანი ჯგუფი ახორციელებდა, ამიტომ ძალიან დაკნინებული იყო სამინისტროს ეს ფუნქცია. მე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მიზანი არ არის ადამიანების ან ორგანიზაციების დასჯა, ჩვენი მიზანია ეფექტური სახელმწიფო კონტროლის განხორციელება და დარღვევების პრევენცია”, – განაცხადა ხათუნა გოგალაძემ.

50–მდე საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შესვლის შემდეგ, 14 მაისიდან სამინისტროს ახალი სტრუქტურა შევიდა ძალაში.


გარემოს დაცვის სამინისტროს ენერგეტიკის სამინისტროსგან დაუბრუნდა ბუნებრივი რესურსების მართვის, ასევე ბირთვული და უსაფრთხოების დეპარტამენტი.


გარემოსდაცვითი ინსპექციის ნაცვლად გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აღდგა.


ახალი სტრუქტურის მიხედვით გარემოს დაცვის სამინსტროს შემადგენლობაში 5 საჯარო სამართლის იურიდიული პირია: დაცული ტერიტორიების სააგენტო და გარემოს ეროვნული სააგენტო, რომლებიც სამინისტროს შემადგენლობაში აქამდეც იყო; საბაზისე სანერგე მეურნეობა, რომელიც ენერგეტიკის სამინისტროდან გარემოს დაცვის სამინისტროს შემადგენლობაში გადავიდა; ეროვნული სატყეო სააგენტო და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, რომლებიც სამინისტროს ახალი სტრუქტურებია.


2011 წლის მარტში გარემოს დაცვის სამინისტროს ფუნქციების დიდი ნაწილი ენერგეტიკის სამინისტროს გადაეცა,  რომელსაც ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო დაერქვა, ამ ცვლილებასთან ერთად გარემოს დაცვის სამინისტროში გარკვეული სტრუქტურების გაუქმება მოხდა, რის შედეგადაც სამინისტროს ფუნქციები შეუმცირდა. ხათუნა გოგალაძის განცხადებით, ამჟამად სამინისტრო კვლავ გაძლიერდება, რადგან გარემოს დაცვა ახალი მთავრობის პრიორიტეტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი