ახალი ამბები

ბრაზილიის ელჩის ლექცია და პორტუგალიური ენის კურსები საქართველოში

15 მაისი, 2013 • 2118
ბრაზილიის ელჩის ლექცია და პორტუგალიური ენის კურსები საქართველოში

ესპანური ენის ცენტრ “კარმენში” 15 მაისს გამართულ საჯარო ლექციაზე ცენტრის სტუდენტებს ბრაზილიის ელჩი საქართველოში ბრაზილიის ისტორიაზე, კულტურაზე, ტრადიციებზე, ქვეყნის ეკონომიკაზე და მის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ელჩს სურს, რომ უახლოეს მომავალში ქართველმა სტუდენტებმა ბრაზილიაში სასწავლებლად წასვლა შეძლონ.

 

“შეხვედრა მოწყობილი იყო ესპანური ენის ცენტრის მიერ. ვისაუბრე ჩემი ქვეყნის შესახებ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირი კავშირის ქონა ამ საზოგადოებასთან და განსაკუთრებით სტუდენტებთან,”– განუცხადა “ნეტგაზეთს” ბრაზილიის ელჩმა.

 

მისი თქმით, ჯერ მხოლოდ თვითონაა დაინტერესებული საქართველოში პორტუგალიური ენისა და ბრაზილიური კულტურის პოპულარიზებაში, თუმცა ეძებს ფინანსებს და მხარდაჭერას სახელმწიფოსგან:

 

“დიახ, ჩვენ გვაქვს ამის [პორტუგალიური ენის პოპულარიზების] განზრახვა და ვაპირებთ ამას. უბრალოდ ამჟამად არ გაგვაჩნია ამის სახსრები და ფინანსები.”

 

ესპანური ენის ცენტრში პორტუგალიური ენის შემსწავლელთა ჯგუფი უკვე შედგენილია და, სავარაუდოდ, სექტემბრიდან დაიწყება სწავლება. ცენტრის თანამშრომლების თქმით, ესპანური და პორტუგალიური მსგავსი ენები არიან. თვითონ ელჩმა ლექცია ესპანურ ენაზე წაიკითხა.

 

“კარმენი” არის ესპანური ენის და კულტურის ცენტრი, მაგრამ რადგან ჩვენს ცენტრში მთავარი მახასიათებელი ინოვაციურობა და სიახლეების დანერგვაა, გადავწყვიტეთ, რომ საზოგადოებას შევთავაზოთ სიახლე პორტუგალიური ენის სწავლების სახით. დაინტერესება დიდია, მაგრამ პოტრუგალიური ენა არც ერთ ცენტრში არ ისწავლება,”– განაცხადა “კარმენის” დირექტორმა ნათია ახალაიამ.

 

კარლოს ალბერტო ლოპეს ასფორა ბრაზილიის ელჩია საქართველოში 2012 წლის იანვრიდან დღემდე. საქართველოსა და ბრაზილიას დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 28 აპრილიდან აქვთ დამყარებული. ბრაზილიის საელჩო საქართველოში 2011 წლის ივნისში გაიხსნა, ხოლო საქართველოს საელჩო ბრაზილიაში -2010 წელს.

 

საქართველოსა და ბრაზილიას შორის ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის რამდენიმე მემორანდუმი და შეთანხმებაა დადებული, მათ შორის ორდინარული პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღების ვალდებულებისგან ნაწილობრივი გათავისუფლების შესახებ, დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელების ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი