ახალი ამბები

დემირელის კოლეჯი: საბჭოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ სასამართლოს მივმართავთ

1 სექტემბერი, 2017 • 3425
დემირელის კოლეჯი: საბჭოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ სასამართლოს მივმართავთ

დემირელის კოლეჯი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ავტორიზაციის საბჭოს დასაბუთებული გადაწყვეტილება გმოქეყნდება, კანონით დადგენილი წესით მიმართავენ სასამართლოს, “რათა არ შეილახოს სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა უფლებები”.

“ვაპირებთ, გამოვიყენოთ კანონმდებლობით მონიჭებული გასაჩირების უფლება, რათა ბათილად იქნას ცნობილი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება,”- ვკითხულობთ დემირელის კოლეჯის ადმინისტრაციის განცხადებაში.

29 აგვისტოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭომ დემირელის სახელობის კერძო კოლეჯს უარი უთხრა ავტორიზაციაზე, შესაბამისად, სკოლა დაიხურა.

კოლეჯის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით განათლების უფლება შეეზღუდა 350-მდე მოსწავლეს და უმუშევრობა ემუქრება 100- მდე თანამშრომელს.

“2016-2017 სასწალო წელი ურთულესი იყო დემირელის კერძო კოლეჯისთვის. სასწავლო წლის დასაწყისში სკოლაში შემოვიდა ფინანსური პოლიცია, მთელი წლის განმავლობაში დაკითხვებზე იბარებდნენ პედაგოგებს, რაც მათთვის დიდი ფსიქოლოგიური სტრესი იყო. ამავე წელს, ბათუმში თურქეთის კონსულის არაეთიკური განცხადების შემდეგ, ავტორიზაცია გაუუქმდა შაჰინის სახელობის ბათუმის სკოლა- ლიცეუმს, რომელიც დემირელის კოლეჯის პარტნიორი სკოლაა; დაუსაბუთებელი ბრალდებით დააკავეს დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი და შეუფარდეს საექსტრადაციო პატიმრობა, ხოლო დემირელის სახელობის კოლეჯი სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით მუდმივად მოიხსენიებოდა ტერორიზმის ჭრილში.

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ადმინისტრაცია შეშფოთებული და იმედგაცრუებულია ამგვარი მიდგომით იმ სკოლის მიმართ, რომელიც 1993 წლიდან წარმატებულ საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა საქართველოში და რომლის მოსწავლეებსა და კურსდამთავრებულებს არაერთხელ უსახელებიათ საქართველოს სახელი საერთაშორისო მასშტაბით. სულ ახლახან, აგვისტოს დასაწყისში, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლეებმა გამარჯვება მოიპოვეს ტაილანდში გამართულ ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიდაზე, ასევე ევროპისა და მსოფლიოს ინფორმატიკის ოლიმპიადებზე და მხოლოდ ერთ თვეში სკოლამ ქვეყანისთვის 4 მნიშვნელოვანი ჯილდო მოიპოვა. ეს არ არის სრული ჩამონათვალი იმ მიღწევებისა, რომელიც მხოლოდ წელს სკოლამ მოუტანა ქვეყანას,”- აცხადებს დემირელის კოლეჯი.

ავტორიზაციის საბჭოს წევრი, გია მურღულია ამბობს, რომ სკოლა უხეშად არღვევდა ქართულ კანონმდებლობას და სწორედ ამიტომ ვერ გაიარა ავტორიზაცია. ავტორიზაციის საბჭომ ხარისხის მართვის ცენტრს მიმართა წინადადებით, რომ შეფასებულიყო ამ დოკუმენტაციის პროკურატურაში გადაგზავნის მიზანშეწონილობა. ავტორიზაციის საბჭოს წევრის კომენტარი შეგიძლიათ ნახოთ აქ.


უკვე მეოთხე თვეა, რაც წინასაექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი, რომელიც საქართველოში თურქეთის მოთხოვნით დააკავეს. ჩაბუქი 2017 წლის მაისში დააკავეს და მიზეზი,  როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, არის თურქეთის მხარის ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩაბუქი “ტერორისტულ ორგანიზაცია” FETO-ს საქმიანობას უწყობდა ხელს.

2017 წლის დასაწყისში ბათუმში ავტორიზაცია შეუჩერდა დემირელის პარტნიორ სკოლა-ლიცეუმს, რომელსაც საზოგადოება შაჰინის სკოლის სახელით იცნობს. ამ ფაქტს წინ უძღოდა ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის მიერ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ სკოლა ფეტულა გიულენის მიმდევრებს ეკუთვნით.

შაჰინის სკოლის დახურვის შემდეგ, 2017 წლის თებერვალში გერმანიის მოქალაქე ჯიჰარ აქინს, რომელიც დემირელის სკოლის 60%-ს ფლობს, საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკან, გერმანიაში გააბრუნეს.

მას შემდეგ, რაც შაჰინის სკოლა დაიხურა, დემირელის კოლეჯის დირექტორი, ნინო კავთიაშვილი იმედოვნებდა, რომ სხვა პარტნიორი სკოლები იმავე ბედს არ გაიზიარებდნენ. მისივე განცხადებით, 2017 წლის დასაწყისიდან ფინანსური პოლიცია სკოლის დოკუმენტაციას სწავლობდა, დაკითხვაზე იბარებდნენ მასწავლებლებს, რაც მათთვის ძალიან დიდი ფსიქოლოგიური სტრესი იყო.

“შეიძლება ითქვას, ყოველდღიურად ველოდით, რომ კიდევ რაიმე ახალი სიურპრიზი დაგვხდებოდა, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ და მოვედით ბოლომდე. ეს წელი ერთ-ერთი წარმატებული იყო დემირელის კოლეჯის ისტორიაში,”- განაცხადა ნინო კავთიაშვილმა 2017 წლის ივნისში.

დემირელის სკოლა, ისევე როგორც პარტნიორი სკოლები და მათი მასწავლებლები, ღიად გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ მუსტაფა ჩაბუქი მხოლოდ მასწავლებელია, 15 წელია საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა და არანაირი კავშირი ტერორიზმთან არ აქვს. მათ ხელმოწერებიც შეაგროვეს მუსტაფა ჩაბუქის გათავისუფლების მოთხოვნით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი