ახალი ამბები

მურღულია: დემირელის კოლეჯში დანაშაულის სერიოზული ნიშნებია

30 აგვისტო, 2017 • 10103
მურღულია: დემირელის კოლეჯში დანაშაულის სერიოზული ნიშნებია

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი, გია მურღულია დემირელის სკოლის დახურვასთან დაკავშირებით ნეტგაზეთთან ამბობს, რომ  საუბარია არა მხოლოდ დარღვევებზე, არამედ შესაძლო დანაშაულის ნიშნებზეც:

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ არის დანაშაულის ძალიან სერიოზული ნიშნები, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს კომპეტენცია, რომ შევაფასოთ. ამიტომ ხარისხის მართვის ცენტრს მივმართეთ წინადადებით, რომ შეფასდეს ამ დოკუმენტაციის პროკურატურაში გადაგზავნის მიზანშეწონილობა,”- განაცხადა ნეტგაზეთთან გია მურღულიამ.

29 აგვისტოს ავტორიზაციის საბჭომ დემირელის სკოლას ავტორიზაციაზე განაცხადი არ დაუკმაყოფილა, შესაბამისად, სკოლა დაიხურა. დემირელის სკოლის წარმომადგენლები გასულ სასწავლო წელს აცხადებდნენ, რომ თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდნენ, რადგან მათი სახელი ტერორიზმს დაუკავშირეს. 2017 წლის დასაწყისში ბათუმში ავტორიზაცია შეუჩერდა დემირელის პარტნიორ სკოლა-ლიცეუმს, რომელსაც საზოგადოება შაჰინის სკოლის სახელით იცნობს. ამ ფაქტს წინ უძღოდა ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის მიერ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ ეს სკოლა ფეტულა გიულენის მიმდევრებს ეკუთვნით. 2017 წლის მაისში კი თურქეთის მოთხოვნით დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ჩაბუქი დააკავეს და დღემდე საქართველოში წინასაექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება. მას თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში ადანაშაულებს.

კონკრეტულად რა დარღვევებზე საუბრობს ავტორიზაციის საბჭო?

ნეტგაზეთთან საუბრისას ავტორიზაციის საბჭოს წევრი, გია მურღულია ამბობს, რომ საბჭოს არც ერთ წევრს არ სურს არც ერთი სკოლის დახურვა, თუკი ისინი კანონმდებლობას უხეშად არ არღვევენ. მისივე განცხადებით, კანონმდებლობის დარღვევები, რომლებზეც საბჭო საუბრობს, დოკუმენტურად არის დადასტურებული.

ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა, მურღულიას თქმით, არაქართულენოვანი მოსწავლეების სკოლაში ჩარიცხვის პროცესს უკავშირდება:

“ეს ძალიან სამწუხარო ამბავია, ჩვენ დემირელზე უკეთესი წარმოადგენა გვქონდა, მაგრამ ეს რომ ვნახეთ დასკვნაში, განვცვიფრდით… მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვა, მისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა და შემდეგ ამ სასწავლო გეგმის შესაბამისად გამოცდების ჩაბარება თურმე შესაძლებელი ყოფილა ერთ დღეში. გარდა ამისა, აქედან გაშვებაც. წარმოიდგინეთ, მოდის არაქართულეოვანი მოსწავლე ან თურქეთიდან, ან ერაყიდან, ან რომელიმე სხვა ქვეყნიდან, მას იღებენ, ერთ დღეში შეუდგენენ ხოლმე, ყოველგვარი სადიაგნოსტიკო ტესტირების გარეშე, ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, მერე აბარებს  6-7 გამოცდას, ზოგერ ერთ დღეში, შეიძლება 1 თვეში, ან 2 კვირაში, რაც აბსოლუტურად არარეალური ვადებია. უკვე დადასტურებული რომ ჰქონდა ჩაბარება, შემდეგ შეიძლება წასულიყო კიდეც ამ სკოლიდან. რაღაც გამტარი პუნქტივით გამოიყურება დემირელის კოლეჯი ამ შემთხვევაში, რაც, ძალიან საეჭვო ამბავია. სიტყვა საეჭვოს ვხმარობ მხოლოდ იმიტომ, რომ წინასწარ არ შევაფასო ეს მოვლენა, როგორც თაღლითობა… ეს არის დოკუმენტურად დადასტურებული ამბავი და ამას თვითონ დირექტორიც კი არ უარყოფს. ექსპერტებმა ნახეს 87 ასეთი მოსწავლე და სკოლა ადასტურებდა მხოლოდ 42-ს, რაც არის გასაოცარი აბსურდი”.

გია მურღულიას თქმით, სკოლის დირექტორისგან ვერც ერთ კითხვაზე ლოგიკური დასაბუთება ვერ მოისმინეს.

“პრაქტიკულად, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სკოლაში შეიძლება მოვიდეს და არარეალურად მცირე დროში მიიღოს თავისი განათლების დასტური და წავიდეს კიდეც მოსწავლე. ასეთ რამეს მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა არ დაუშვებს. საქართველო არის სახელმწიფო და თავისი პრინციპები აქვს. არც დემირელის კოლეჯს და არც ნებსმიერ სხვა სასწავლო დაწესებულებას უფლება არ აქვს, ასე უხეშად, ფეხით გათელოს ქართული კანონმდებლობა,”- განაცხადა მურღულიამ.

გია მურღულია ასევე გვეუბნება, რომ სკოლაში ხარვეზები იყო მოსწავლეების რეგისტრაციასთან დაკავშირებითაც:

“37 კლასი იყო დემირელში. ჟურნალებით რეგისტრირებულია 476 მოსწავლე. არსებობს სამინისტროს სტრუქტურული ერთეული “ემისი”, რომელშიც არის მოსწავლეთა ბაზა. იქ ოფიციალურად არის ჩაწერილი, რომელ სკოლაში რამდენი მოსწავლე სწავლობს. სკოლაში სწავლობს 476 მოსწავლე ოფიციალურად და ემისი ადასტურებს მხოლოდ 361 მოსწავლეს, ანუ, 115 მოსწავლით ნაკლებს. თქვენ შეაფასეთ, რასთან შეიძლება ეს იყოს დაკავშირებული, არარეგისტრირებული 115 მოსწავლის, პრაქტიკულად, ასე ჩაწერა ჟურნალებში,”- ამბობს გია მურღულია.

მურღულია საუბრობს სხვა ხარვეზებზეც, მათ შორის, იმაზეც, რომ სკოლამ ვერ დაადასტურა ქართულენოვანი სწავლება არაქართულენოვან მოსწავლეებთან, ასევე, მისისვე თქმით, არიან მოსწავლეები, რომლებიც სწავლობენ სკოლაში, მაგრამ ჟურნალიში არ არიან რეგისტრირებული.

“ამ ყველაფერზე კითხვებს რომ ვუსვამდით ქალბატონ ნინო კავთიაშვილს, სკოლის დირექტორს, ძალიან დაბნეულად გვპასუხობდა. სიმართლე გითხრათ, ოდნავ დარცხვენილადაც. ბოლოს თვითონვე აღიარა და თქვა, რომ მე ხანდახან იძულებული ვიყავი, გამეთვალისწინებინა დამფუძნებელთა მოთხოვნებიო. მე პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ქართული კანონმდებლობა, განათლების სფეროში და სხვაგანაც, ვერანაირ ასეთ ინტერესს ვერ გაითვალისწინებს”- განაცხადა მურღულიამ.

ნეტგაზეთის კითხვაზე,  შეფასებისას თუ გაითვალისწინეს დემირელის კოლეჯის წარმატებული მოსწავლეების ფაქტორი, მან განაცხადა, რომ ამის უფლება არ აქვთ.

“ჩვენ არ გვაქვს უფლება გავითვალისწინოთ მიმდებარე ტერიტორიები, ასე ვთქვათ. ჩვენ გვაქვს მკაცრად რეგლამენტირებული, ჩამოყალიბებული დებულება, სადაც წერია ძალიან მკაფიოდ, რა უნდა გაითვალისწინოს კომისიამ ავტორიზაციის მიცემისას, ან ავტორიზაციის უარყოფისას,”- განაცხადა გია მურღულიამ.

გია მურღულია. ფოტო: გია მურღულიას ფეისბუკის გვერდიდან

გია მურღულია. ფოტო: გია მურღულიას ფეისბუკის გვერდიდან

ვიდრე მურღულიას ჩავწერდით, ვესაუბრეთ დემირელის კოლეჯის დირექტორს, ნინო კავთიაშვილს. მან განაცხადა, რომ კოლეჯში გადმოვიდნენ თურქეთიდან პოლიტიკური ნიშნით წამოსული მოსწავლეები და სწორედ ამ საკითხს “გამოედევნა” საბჭო. ნინო კავთიაშვილის კომენტარს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.


უკვე მეოთხე თვეა, რაც წინასაექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი, რომელიც საქართველოში თურქეთის მოთხოვნით დააკავეს. ჩაბუქი 2017 წლის მაისში დააკავეს და მიზეზი,  როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, არის თურქეთის მხარის ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩაბუქი “ტერორისტულ ორგანიზაცია” FETO-ს საქმიანობას უწყობდა ხელს.

2017 წლის დასაწყისში ბათუმში ავტორიზაცია შეუჩერდა დემირელის პარტნიორ სკოლა-ლიცეუმს, რომელსაც საზოგადოება შაჰინის სკოლის სახელით იცნობს. ამ ფაქტს წინ უძღოდა ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის მიერ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ სკოლა ფეტულა გიულენის მიმდევრებს ეკუთვნით.

შაჰინის სკოლის დახურვის შემდეგ, 2017 წლის თებერვალში გერმანიის მოქალაქე ჯიჰარ აქინს, რომელიც დემირელის სკოლის 60%-ს ფლობს, საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკან, გერმანიაში გააბრუნეს.

მას შემდეგ, რაც შაჰინის სკოლა დაიხურა, დემირელის კოლეჯის დირექტორი, ნინო კავთიაშვილი იმედოვნებდა, რომ სხვა პარტნიორი სკოლები იმავე ბედს არ გაიზიარებდნენ. მისივე განცხადებით, 2017 წლის დასაწყისიდან ფინანსური პოლიცია სკოლის დოკუმენტაციას სწავლობდა, დაკითხვაზე იბარებდნენ მასწავლებლებს, რაც მათთვის ძალიან დიდი ფსიქოლოგიური სტრესი იყო.

“შეიძლება ითქვას, ყოველდღიურად ველოდით, რომ კიდევ რაიმე ახალი სიურპრიზი დაგვხდებოდა, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ და მოვედით ბოლომდე. ეს წელი ერთ-ერთი წარმატებული იყო დემირელის კოლეჯის ისტორიაში,”- განაცხადა ნინო კავთიაშვილმა 2017 წლის ივნისში.

დემირელის სკოლა, ისევე როგორც პარტნიორი სკოლები და მათი მასწავლებლები, ღიად გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ მუსტაფა ჩაბუქი მხოლოდ მასწავლებელია, 15 წელია საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა და არანაირი კავშირი ტერორიზმთან არ აქვს. მათ ხელმოწერებიც შეაგროვეს მუსტაფა ჩაბუქის გათავისუფლების მოთხოვნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი