ახალი ამბები

მუსტაფა ემრე ჩაბუქის გათავისუფლების მოთხოვნით მთავრობას პეტიციით მიმართავენ

28 ივნისი, 2017 • 2305
მუსტაფა ემრე ჩაბუქის გათავისუფლების მოთხოვნით მთავრობას პეტიციით მიმართავენ

დღეს, 28 ივნისს, თბილისში, სკოლა ლიცეუმ “სხივში”, დემირელის სკოლების მეთოდურ სხდომა-სემინარზე კიდევ ერთხელ მოითხოვეს მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიმართ ექსტრადირების პროცედურების შეწყვეტა. თურქული მხარისთვის მის ექსტრადიციაზე უარის თქმის მოთხოვნით მათ ხელმოწერები შეაგროვეს.

სხდომა-სემინარს დემირელის პარტნიორი ხუთი სკოლის მასწავლებლები და დირექტორები ესწრებიან. ესინი არიან: სკოლა-ლიცეუმი სხივი, დემირელის კერძო კოლეჯი, ქუთაისის ნიკო-ნიკოლაძის სახელობის კერძო ლიცეუმი, რუსთავის რუსთაველის სახელობის კერძო ლიცეუმი და მარნეულის დავით აღმაშენებლის სკოლა-ლიცეუმი.

“თხოვნა იქნება ხელისუფლების მიმართ, განათლების სამინისტროს მიმართ, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ, რომ გაითვალისწინონ ჩვენი პედაგოგების, ჩვენი საერთო გუნდის თხოვნა, რომ უჩვეულო მდგომარეობაში ვგრძნობთ თავს, რაკიღა ჩვენ გვერდით არ იმყოფება მუსტაფა ემრე ჩაბუქი. ის ამ შეხვედრების და ამ ღონისძიებების მთავარი ორგანიზატორი იყო. პეტიციას ხელს პედაგოგები, მშობლები და კურსდამთავრებულები აწერენ. თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ პირველ რიგში, ის არის პედაგოგი,”- განაცხადა თინათინ ჩხაიძემ, “სხივის” ხარისხის მართვის მენეჯერმა.

შეკრებაზე ახსენეს მათი კიდევ ერთი პარტნიორი, ბათუმის შაჰინის სკოლა, რომელიც დაიხურა. ამის შესახებ ისაუბრა დემირელის კერძო კოლეჯის დირექტორმა, ნინო კავთიაშვილმა. დემირელის კოლეჯს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ამოწმებს.

“სხვა სკოლას, ვიმედოვნებ, მსგავსი არ დაემუქრება. წლის დასაწყისიდანვე ჩვენთან შემოიჭრა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ფინანსური პოლიცია. მათ წაიღეს დოკუმენტაცია. წლის განმავლობაში მათ დაკითხვაზე მიჰყავდათ ჩვენი პედაგოგები, ეს ფსიქოლოგიური სტრესი ძალიან რთული იყო. შეიძლება ითქვას, რომ ყოველდღიურად ველოდით, რომ კიდევ რაიმე ახალი სიურპრიზი დაგვხდებოდა, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ და მოვედით ბოლომდე. ეს წელი ერთ-ერთი წარმატებული იყო დემირელის კოლეჯის ისტორიაში,”- განაცხადა ნინო კავთიაშვილმა.

დღევანდელ სხდომაზე თითოეული სკოლის დირექტორმა განაცხადა, რომ ძალიან წუხან მუსტაფა ჩაბუქის დაკავების გამო და მოუწოდეს ხელისუფლებას, არ გადასცეს თურქეთს.

სხდომას ესწრებოდა მუსტაფა ემრე ჩაბუქის ცოლი, თუბა ჩაბუქიც. მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ იმედი აქვს, დევნილთა სამინისტრო გაითვალისწინებს თხოვნას და მის ოჯახს დევნილის სტატუსს მიანიჭებს ხვალ, 29 ივნისს დაგეგმილ განხილვაზე.

დემირელის პარტნიორი ხუთი სკოლის მასწავლებლები და დირექტორები ითხოვენ ჩაბუქის გათავისუფლებას. 28.06.2017. ფოტო: ქეთი მაჭავარიანი/ნეტგაზეთი

დემირელის პარტნიორი ხუთი სკოლის მასწავლებლები და დირექტორები ითხოვენ ჩაბუქის გათავისუფლებას. 28.06.2017. ფოტო: ქეთი მაჭავარიანი/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი