დავით საგანელიძე
დავით საგანელიძე

საპარლამენტო  უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე ნანა დევდარიანსა და შალვა ნათელაშვილს დაუსაბუთებული ბრალდებების გავრცელებაში სდებს ბრალს და მათგან ბოდიში მოხდას მოითხოვს. როგორც საგანელიძე განმარტავს, საუბარია ნანა დევდარიანის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ის საუბრობს, რომ ბიზნესებში წილების გადანაწილების შედეგად საგანელიძის ძმისშვილი სადაზღვეო კომპანია „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ გენერალურ დირექტორად დაინიშნა. მისივე თქმით, ინფორმაციის გამავრცელებლები ჩირქის მოცხებას ცდილობენ და ტალახს ესვრიან:

„ინფორმაციის გამავრცელებლები ჩირქის მოცხებას ცდილობენ და ტალახს მესვრიან. სადაზღვევო კომპანია „არქიმედეს გლობალ ჯორჯია“ ხუთი წლის წინ დაფუძნდა საქართველოში. ჩემი ძმისშვილი გიორგი საგანელიძე ამ კომპანიაში ერთ-ერთი დაქირავებული მენეჯერია, ერთ-ერთი დირექტორი და დღიდან დაფუძნებისა მანდ მუშაობს. მას კომპანიის აქციებთან საერთო არაფერი აქვს. მე ერთადერთხელ ჩავერიე ჩემი ძმისშვილის საქმიანობაში, როდესაც მას ცილისწამების გამო სამსახურის დატოვება უნდოდა. ნანა დევდარიანს, რომელმაც ეს განცხადება გაავრცელა, რომ უცებ როგორ მოხვდა ჩემი ძმისშვილი კეზერაშვილის კომპანიაში, მინდა ვუთხრა, რომ გიორგი იყო და დარჩა ერთ-ერთ დირექტორად. ნუ ჰგონიათ, რომ თუ საგანელიძეზე რაიმეს იტყვიან და უსაფუძვლოს, მან ასე მარტივად ჩაიაროს.“
 
 
საგანელიძე ამბობს, რომ თუ რაიმე  მტკიცებულება არსებობს მის წინააღმდეგ, გაასაჯაროონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სიმართლისა და სახელის დასაცავად ზომებს მიიღებს.
 
 
საგანელიძე შალვა ნათელაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც ეხმაურება:
 
 
“მან  თქვა, რომ თითქოს ჩემი ძმიშვილის „არქიმედეს გლობალ ჯორიაში“ მუშაობის გამო ჩაურიცხეს ბიუჯეტიდან 730 მილიონი ლარი.  ეს თანხა მთელი ჯანდაცვის სისტემის ბიუჯეტია და როდესაც ასეთ ფრაზებს წამოისვრის, დაფიქრდეს.”
 
საჯარო რეესტრის მონაცემებით, სს “სამედიცინო სადაზღვევო ჯგუფ არქიმედეს გლობალ ჯორჯიას” დირექტორის თანამდებობაზე გიორგი საგანელიძე ჯერ კიდევ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, 2012 წლის 16 ივლისის ამონაწერში ფიგურირებს. რეესტრში ბოლო ამონაწერი 2013 წლის 26 თებერვლითაა დათარიღებული და ამ დოკუმენტის მიხედვით კომპანიას ორი დირექტორი ჰყავს – დასაქმების მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ რამიშვილი და ისრაელის მოქალაქე იარონ მორდოხაი ინბარი.
 
 
დღევანდელ ბრიფინგზე დავით საგანელიძემ ავღანეთის მისიაზეც ისაუბრა:
 
 
“მე მიმაჩნია, რომ ავღანეთის მისია ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი ტვირთია. ჩვენ საქართველოს მომავალს ვხედავთ ევროინტეგრაციაში. საქართველო უნდა მონაწილეობდეს ამ მისიაში, მაგრამ მეორე საკითხია, რა მასშტაბით, ეს არის ის ხვედრი, რომელსაც ითხოვს, რომ მომავალში გავხდეთ ევროპის დიდი ოჯახის წევრი. “

 

უმრავლესობის ლიდერი შს მინისტრის მოადგილის, გელა ხვედელიძის დაკავებასაც შეეხო და განაცხადა, რომ მისი დაკავება ძალიან დიდი ტკივილი იყო:

 

“ჩემთვის ძალიან დიდი ტკივილი იყო, როდესაც ამის შესახებ შევიტყვე. რადგან გელა ხვედელიძე არის ის ადამიანი, რომელთან ერთადაც მე მთელი წინასაარჩევნო პერიოდი გავიარე. გელა არის ის ადამიანი, რომელსაც მე პრაქტიკულად გამოვუცხადე ნდობა და ძალიან მეწყინა, როდესაც მან ეს არასწორი ნაბიჯი გადადგა და დაუშვა შეცდომა, რბილად რომ ვთქვათ. ის აჰყვა ემოციებს, გამოიყენა თავისი თანამდებობრივი უფლებები იმისთვის, რომ შური ეძია. აქვე მინდა ვთქვა, რომ უპრეცედენტოა, როდესაც ახალმოსული ხელისუფლება თავისი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს ასე სჯის. რა თქმა უნდა, გირაოთი მისი გათავისუფლება ამ შემთხვევაში გამართლებულია, რადგან ის არსად არ გაიქცევა. გამოძიება დეტალურად შეისწავლის, რა იყო, რა მოხდა, რამ აიძულა გელა ხვედელიძე გადაედგა ეს ნაბიჯი.”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *